კიბოს დადგენა სისხლის ანალიზით ნულოვან სტადიაზე მოხდება?! - კვირის პალიტრა

კიბოს დადგენა სისხლის ანალიზით ნულოვან სტადიაზე მოხდება?!

"ყოველწლიურად  დაახლოებით 1200 ქალბატონს ძუძუს კიბოს დიაგნოზი უდგინდება"

ცხოვრების არაჯანსაღი წესი, მავნე ჩვევები, გენეტიკური ფაქტორი ის ჩამონათვალია, რომელიც ზოგადად კიბოს გამომწვევი მიზეზი ხდება. მსოფლიოში უკვე არსებობს მაღალტექნოლოგიური თანამედროვე მეთოდები, რომლითაც საწყის ეტაპებზე  კიბოს განკურნება 100%ით ხდება. რატომ არ უნდა ეშინოდეთ ქალბატონებს ძუძუს კიბოსი და რა მეცნიერულ საოცრებაზე საუბრობენ კლასიკური მედიცინის წამყვანი პროფესორები, ამის თაობაზე ძუძუს კიბოს პრევენციისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შევიტყვეთ.

თამარ თაქთაქიშვილი, კონფერენციის ორგანიზატორი: "საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რომ არსებობს ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ისეთი თანამედროვე მეთოდები, რომლითაც საწყის ეტაპებზე ამ დაავადების დამარცხება შეიძლება. ამიტომ პროფილაქტიკური დიაგნოსტიკის მიზნით სკრინინგცენტრებს უნდა მიმართონ. ჩვენ სწორედ ამის პროპაგანდას ვახდენთ. ამიტომაც სიმბოლურად ვარდისფერი ბაფთა გავიკეთეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალბატონებს ამ დაავადების აღარ უნდა ეშინოდეთ."

რასაკვირველია, დავინტერესდით სტატისტიკით, რომელიც ასახავს, თუ რამდენ ქალბატონს აღენიშნება ძუძუს კიბო. აღმოჩნდა, რომ მათი რაოდენობა სულ უფრო და უფრო მზარდია. როგორც გაირკვა, ამის მიზეზი ამ დაავადების მქონეთა აღრიცხვის მოწესრიგებაა, რადგან სკრინინგცენტრებს უკვე სულ უფრო და უფრო მეტი ქალბატონი მიმართავს. ადრე კი მხოლოდ გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები მიდიოდნენ სამედიცინო დაწესებულებებში.

ლევან ჯუღელი, გაეროს მოსახლეობის ფონდის და ეროვნული სკრინინგცენტრის წარმომადგენელი: "ყოველწლიურად დაახლოებით 1200 ქალბატონს ძუძუს კიბოს დიაგნოზი უდგინდება. სახელმწიფო დონორი ორგანიზაციის მხარდაჭერით ახორციელებს ეროვნული კიბოს სკრინინგის პროგრამას, ფინანსდება როგორც ძუძუს კიბოს, ასევე საშვილოსნოს ყელის სკრინინგი, რაც ფაქტობრივად ერთადერთი საშუალებაა, ადრეულ სტადიაში გამოვლინდეს ეს დაავადება.

ძუძუს კიბოს პრევენცია სწორედ საზოგადოების ძალისხმევაზე არის დამოკიდებული."

გიორგი ძაგნიძე, კიბოს კვლევის ჯგუფის პრეზიდენტი, ძუძუსა და ენდოკრინოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი: "რაც უფრო ადრე იქნება აღმოჩენილი ნებისმიერი სახის კიბო, შესაბამისად შედეგიც უკეთესი იქნება. შემიძლია ვთქვა, რომ საწყის სტადიებში 100%-მდეა გამოჯანმრთელების შედეგი. ამასთანავე, მკურნალობის მეთოდებიც იხვეწება, ადრე თუ მხოლოდ რადიკალური ოპერაციების ჩატარება ხდებოდა, ახლა ხშირ შემთხვევაში მინიმალური ჩარევით მიიღწევა შედეგი. ე.ი. ხდება ძუძუს შენარჩუნება, რაც ქალბატონისთვის მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ფაქტორია. ამ მიზნით გამოიყენება პლასტიკური ქირურგიაც, ულტრაოპერაციული სხივური აპარატურა და ა.შ. ჩვენ უკვე შეგვიძლია პაციენტის მგრძნობელობისა და რეზისტენტობის განსაზღვრა სხვადასხვა პრეპარატის მიმართაც. ყოველი პაციენტი საჭიროებს ინდივიდუალურ და არა იმ ზოგად მიდგომას, რაც ასი წლის წინ იყო. რაც მთავარია, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამჟამად შესაძლოა საქართველოში დაინერგოს, არის ის, რაზეც ახლა ნოტინგემის უნივერსიტეტთან ერთად ვმუშაობთ.

მხედველობაში მაქვს ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტიკა, რაც მეცნიერულად საშუალებას მოგვცემს სისხლის ანალიზის საფუძველზე მივიღოთ ინფორმაცია, ნულოვან სტადიაზე დავადგინოთ ძუძუს კიბო და პროფილაქტიკური მეთოდით არ მივცეთ მას წარმოქმნისა და განვითარების საშუალება. ეს ფაქტობრივად, ამ დაავადების 100%-ით დამარცხებას ნიშნავს.

დღესდღეობით ასეთი სურათი იკვეთება, ყოველ მეათე ქალბატონს ძუძუს კიბოს განვითარების რისკი აქვს და უნდა მოხდეს დაავადების პრევენცია."

როგორც უკვე მოგახსენეთ, კონფერენციაზე ძუძუს კიბოსთან ბრძოლის თანამედროვე მიდგომებსა და მეთოდებზე იყო საუბარი. ყველა პროფესორი ერთხმად აღნიშნავს, რომ მთავარია, დროულად დადგინდეს ცუდი მიდრეკილების (ატიპური) უჯრედის არსებობა ორგანიზმში, მოხდეს კვანძის ამოკვეთა, რაც ძუძუს ამპუტაციას არ ნიშნავს, ან მისი ფიზიოსხივური მეთოდებით დამუშავება. კვანძის ამოკვეთის შემდეგ შიდა ჭრილობის გადაფარვა ხდება. ე.ი. გამოიყენება პლასტიკური ქირურგიის შესაძლებლობებიც. არსებობს ატიპურ უჯრედზე სხვა ზემოქმედების მეთოდებიც, რომელიც მიიღწევა ფიზიოსხივური თერაპიით. მთავარია, მიკრომეტასტაზების გაშლა და მკერდის მუტაცია არ განვითარდეს. ამ შემთხვევაში ხდება მისი მოკვეთა, თუმცა სილიკონის გამოყენებით შესაძლებელია მკერდის "აღდგენაც", რაც ქალს ფსიქოლოგიურ პრობლემას უხსნის. ძუძუს კიბოსთან საბრძოლველად დღეს უკვე აქტიურად გამოიყენება როგორც ქიმიოთერაპია, ასევე ჰორმონოთერაპია და იმუნოთერაპია. წამყვანი პროფესორების ლექსიკაში გაჩნდა ახალი ტერმინი "სამიზნე", რაც სწორედ ატიპური უჯრედის გაუვნებლებას გულისხმობს. ჰორმონოთერაპიის პროცესში მიმდინარეობს იმ შიდა ორგანოზე მუშაობაც, რომელიც ჰორმონალურ სპექტრზე გავლენას ახდენს და შედეგად სარძევე ჯირკვალში ატიპური უჯრედის  სწრაფი დაყოფის განვითარების რისკს ზრდის. კიბო სწორედ ცუდი მიდრეკილების უჯრედის სწრაფი დაყოფით ვითარდება. ამიტომ თანამედროვე მეთოდები ამ პროცესის შეჩერების საშუალებას იძლევა.

სიუჟეტი იხ. palitratv.ge-ზე