ოსპი "დედოფალია"... - კვირის პალიტრა

ოსპი "დედოფალია"...

ძველი ეგვიპტელები ოსპის ფქვილისგან პურს აცხობდნენ, ხოლო ბერძნები, გერმანელები, ინდოელები, თურქები, ირანელები, რუმინელები - დღესაც დიდ პატივს მიაგებენ. გერმანელებს მიაჩნიათ, რომ მას ბარაქა და სიკეთე მოაქვს ოჯახისთვის.

მსოფლიოს დიეტოლოგებისა და მედიკოსების აზრით, დიდ შეცდომას უშვებენ ადამიანები, რომლებიც უარს ამბობენ ოსპის კერძებზე. მას თავისი კვებითი თვისებებით შეუძლია შეცვალოს პური და ხორციც კი. ოსპი შეიცავს A და C და B ჯგუფის ვიტამინებს, უჯრედისებს, ბევრ ცილას, ნახშირწყლებს, ფლავონოიდებს, ფოლიუმის მჟავას (რომელიც გვიცავს კიბოსაგან), მიკროელემენტებს: კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, თუთიას, რკინას, ფოსფორს.

როგორც ხალხური, ასევე თანამედროვე მედიცინა აქტიურად იყენებს ოსპს სამკურნალოდ. ძალიან სასარგებლოა ოსპის კერძები (წვნიანი, სალათა, ფაფა) გულ-სისხლძარღვთა და დიაბეტით დაავადებულთათვის, რადგან აწესრიგებს სისხლში შაქრის დონეს, კუჭ-ნაწლავის პრობლემების (კოლიტი, წყლული) დროს კი შეუცვლელი საკვებია მისი პიურე - აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მუშაობას. სასურველია, მომავალმა დედებმა ოსპი გაითვალისწინონ რაციონში, რადგან ხელს უწყობს ნაყოფის განვითარებას.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ოსპი ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა პროდუქტია, რადგან ის არ აგროვებს ტოქსინებს, ნიტრატებს.