ბრძოლა სიმსივნესთან "ზუსტი დამიზნებით" - კვირის პალიტრა

ბრძოლა სიმსივნესთან "ზუსტი დამიზნებით"

ყოველწლიურად საქართველოში სიმსივნით დაავადების 1000-მდე ახალი შემთხვევა აღირიცხება. აქედან, სამწუხაროდ, დაახლოებით 200 პაციენტი დიაგნოზის

დადგენიდან ერთ წელიწადში იღუპება.

მეცნიერების, ექიმების არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, კიბო ჩვენს საუკუნეშიც დაუმარცხებელ დაავადებად მიიჩნევა. თუმცა, დღეს უკვე არსებობს ტექნოლოგიები, რომლებიც სიმსივნესთან ბრძოლისა და მისგან განკურნების შანსს მნიშვნელოვნად ზრდის. მაგალითად, ციტოტოქსიკური ტესტი, რომელიც  საშუალებას იძლევა, პაციენტისთვის ზუსტად შეირჩეს ყველაზე ეფექტიანი სამკურნალო საშუალებები. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ლაბორატორია არსებობს, სადაც შესაძლებელია ამ ტესტის ჩატარება.

ალეკო თავართქილაძე (მედიცინის აკადემიური დოქტორი, ონკოლოგი): - დღეისათვის მსოფლიოში უამრავი მეთოდია შემუშავებული, როგორც სიმსივნის დიაგნოსტიკის, ასევე მკურნალობის თვალსაზრისით, რომელთა მიზანდაუსახავი გამოყენება ზოგჯერ კარგ შედეგს იძლევა, ზოგჯერ კი უშედეგოა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სიმსივნე აბსოლუტურად ინდივიდუალური, კონკრეტული პირის დაავადებაა და მას არ უნდა ვუმკურნალოთ საერთო გათვლილი სქემებით. ბოლო დროს ონკოლოგიური პათოლოგიები ძალზე გავრცელდა. საერთაშორისო სტატისტიკის თანახმად, ყველაზე ხშირია ფილტვის, სარძევე ჯირკვლის, საშვილოსნოს ყელისა და პროსტატის სიმსივნის გამოვლენის ფაქტები.

- ძირითადად, როგორ მკურნალობენ კიბოს საქართველოში?

- ვერ ვიტყვი, რომ საქართველო ჩამორჩენილია ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს. პრაქტიკულად, როგორ და რა მედიკამენტებითაც მკურნალობენ დღეისათვის სიმსივნეს საფრანგეთსა და გერმანიაში, ჩვენთანაც იგივე მიდგომებია.

მსოფლიოს რამდენიმე წამყვანი კლინიკა უკვე მუშაობს სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა ინდივიდუალური მეთოდით სამკურნალოდ. პირველად ეს მეთოდი ექსპერიმენტულად 1996 წელს გამოიყენეს იაპონიაში და პაციენტებს 2002 წლამდე აკვირდებოდნენ. მოგვიანებით, ამ მეთოდმა აპრობაცია გაიარა აშშ-ში, ტეხასის ჯანმრთელობის ცენტრში. 2005 წლიდან ამ მეთოდით ქართველი ონკოლოგებიც ვმუშაობთ, მაგრამ ვინაიდან კვლევის ჩასატარებლად საქართველოში შესაბამისი ლაბორატორია არ გვქონდა, ნიმუშებს საბერძნეთში ვგზავნიდით. წლევანდელი ივლისიდან კი ასეთი ლაბორატორია უკვე თბილისშიც არის.

- იქნებ განგვიმარტოთ, რა მეთოდია ეს და რამდენად ეფექტიანია სიმსივნით დაავადებულთა მკურნალობისას?

დინარა კასრაძე (მედიცინის დოქტორი, პროფესორი, პატომორფოლოგი): -  დაკვირვება ტარდება ცოცხალ მასალაზე. ეს შეიძლება იყოს ონკოლოგიური პაციენტის სისხლი ან სიმსივნური ქსოვილი, რომლის გამოკვლევა ოპერაციიდან რამდენიმე საათში დაიწყება. საკმაოდ რთული ტექნოლოგიით სისხლის ან ქსოვილის ნიმუშიდან სიმსივნური უჯრედები გამოიყოფა და თავსდება ნახშირორჟანგის ატმოსფეროიან ინკუბატორში გასამრავლებლად. სიმსივნური უჯრედები ნაწილდება 2 სპეციალური კონტეინერის 192 მიკროღრმულში და დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში მათზე სხვადასხვა ანტისიმსივნური პრეპარატი გამოიცდება პარალელურ რეჟიმში. ექსპერიმენტის მიზანია, ზუსტად შეირჩეს ზუსტად ის სამკურნალო საშუალება, რომელიც კონკრეტულად ამ სიმსივნურ უჯრედებზე ზემოქმედებს ყველაზე უკეთ.

- როგორ იკვლევთ, რომელი პრეპარატი მოქმედებს სიმსივნურ უჯრედებზე უკეთ?

- ამ ეტაპზე მთელ მსოფლიოში 180 ანტისიმსივნური საშუალებაა რეგისტრირებული, მათ შორის ქიმიოთერაპიულიცა და ნატურალურიც, და კვლევა ყოველ მათგანზე მიმდინარეობს. კვლევის შედეგად შეცდომა ფაქტობრივად მინიმუმამდეა დაყვანილი და პაციენტს ეძლევა პასუხი - ამ 180 პრეპარატიდან რომელი მოქმედებს მის სიმსივნურ უჯრედებზე ეფექტიანად. უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოში რეგისტრირებული 180 ანტისიმსივნური პრეპარატიდან საქართველოში მხოლოდ 10%-ია რეგისტრირებული, ამიტომ გამოკვლევის შემდეგ პაციენტებს უხდებათ ზრუნვა იმაზე, თუ რა გზით და ვისი დახმარებით შემოიტანონ წამალი უცხოეთიდან. ამიტომ, 15 ოქტომბრიდან ნებისმიერ ონკოლოგიურ პაციენტს შესაძლებლობა ექნება ინტერნეტით გამოიწეროს ნებისმიერი პრეპარატი და საქართველოში შემოიტანოს.

- ციტოტოქსიკური ტესტის ჩატარება სიმსივნის ნებისმიერ სტადიაზეა ეფექტიანი?

ალეკო თავართქილაძე: - დაგვიანებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პაციენტის სასიცოცხლო ფუნქციები უკვე კრიტიკულ ფაზაშია. თუმცა გადაჭრით არც ამის თქმა შეიძლება. მაგალითისთვის ერთ შემთხვევას გავიხსენებ. პაციენტი გვყავდა, რომელსაც პანკრეასის ავთვისებიანი სიმსივნის მძიმე და შორს წასული ფორმა ჰქონდა. შემიძლია ვთქვა, რომ მან გარკვეულწილად გარისკა, როდესაც ამ ტესტის გაკეთება გადაწყვიტა, რადგან, როგორც ექიმს, მიმაჩნდა, რომ ტესტის ჩატარება უკვე დაგვიანებული იყო. ამავე დროს, პაციენტს ქრონიკული B ჰეპატიტიც ჰქონდა. გამოკვლევით დადგინდა, რომ ნატურალურ თერაპიულ საშუალებაზე, კვერცეტინზე ჰქონდა მგრძნობელობა. კვერცეტინი ამერიკული პრეპარატია და ძალიან იაფი ღირს - 180 კაფსულა დაახლოებით 30 დოლარი. ტესტის შედეგებზე დაყრდნობით, მისთვის ქიმიოთერაპიული საშუალებების ნაკრებიც შეირჩა. ჰოლანდიაში ვიყავი, როდესაც მკურნალობის შემდეგ პაციენტმა დამირეკა და მითხრა, - მცხეთაში ვარ აგარაკზე და ვისვენებო. ნამდვილი შოკი იყო! რეალურად, რამდენიმე კვირის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი. მას შემდეგ აგერ უკვე 2 წელი გავიდა, და იგი დღესაც კარგად არის. კიდევ ერთი პაციენტის ამბავს მოგიყვებით, რომელსაც ფილტვის კიბოს საკმაოდ შორს წასული ფორმა დაუდგინდა. ერთხანს ავსტრიაშიც მკურნალობდა. იქაურმა სპეციალისტებმა სწორედ სენსიტიურობის (მგრძნობელობის) ტესტის ჩატარება შესთავაზეს. ავსტრიელ ექიმთა რეკომენდაციით პაციენტი საქართველოში დაბრუნდა, ჩავატარეთ ტესტი და აღმოჩნდა, რომ მის სიმსივნურ უჯრედებს არც ერთ სტანდარტულ პრეპარატზე მგრძნობელობა არ გააჩნდა. მკურნალობისთვის შეირჩა პრეპარატი ცეზიუმის ქლორიდი და ერთ-ერთი ქიმიოთერაპიული საშუალება. მკურნალობის დაწყებიდან სამ თვეში სიმსივნის 70% ალაგდა. ტესტის შედეგად მაღალი მგრძნობელობა შესაძლოა ბევრ პრეპარატზე მივიღოთ. ეს მოგვცემს არჩევანის საშუალებას - რამდენიმე პრეპარატიდან ისეთი შევარჩიოთ, რომელიც შედარებით დაბალი ტოქსიკურობით ხასიათდება. გარდა ამისა, ტესტი გვაძლევს დოზირების ზუსტად განსაზღვრის შესაძლებლობას. ტესტის შედეგად შეგვიძლია ვნახოთ, რომ ზოგჯერ წამლის დაბალ დოზას უფრო კარგი შედეგი აქვს, ვიდრე მაღალს. ტეხასის ჯანმრთლობის ცენტრის გამოკვლევათა თანახმად, ბოლო 3 წლის განმავლობაში, 254 პაციენტიდან, ვის შემთხვევაშიც ეს მეთოდი გამოიყენეს, 31 აბსოლუტურად განიკურნა. ეს ნიშნავს, რომ მათ სისხლში სიმსივნური უჯრედი აღარ არის და არც ემუქრებათ ონკოლოგიური პათოლოგიის რეციდივი. 101 პაციენტში კი სიმსივნე აბსოლუტურად უკუგანვითარდა, მაგრამ განმეორებითი კვლევით სიმსივნური უჯრედების არსებობა სისხლში მაინც დაფიქსირდა. ასეთებს "რეციდივის მაღალი რისკის მქონე" პაციენტებს უწოდებენ და მათზე სისტემატური დაკვირვებების ჩატარებაა აუცილებელი.