ის ისევე საჭიროა, როგორც დედის მოფერება - კვირის პალიტრა

ის ისევე საჭიროა, როგორც დედის მოფერება

ჩვენს წინაპრებს მიაჩნდათ, რომ პატარის აღზრდა-განვითარება საფუძველს იღებდა "იავნანადან", რომელიც დღესაც არ კარგავს აქტუალობას, ის ისევე საჭიროა, როგორც დედის მოფერება და რძე.

"იავნანას" დროს დედა გამოთქვამდა სურვილს, რომ მისი პატარა გაზრდილიყო ჯანმრთელი, ძლიერი, გონიერი, კეთილი, სამშობლოს მოყვარული...

"იავნანა" უნდა ესმოდეს პატარას მუცლადყოფნის პერიოდშივე. დამტკიცებულია, რომ მუცლადყოფნის დროს ბავშვი აღიქვამს არა მარტო უფროსების ლაპარაკს, გუნება-განწყობილებას, არამედ მუსიკასაც. როდესაც ჩვილი ისმენს მუცლადყოფნისას მოსმენილ დედის სიმღერას, მშვიდდება, იწყებს დედის ხმაზე რეაგირებას და პასუხობს ღუღუნით...

"იავნანას" უნიკალური მონოტონური რიტმიკა საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა სამეტყველო აპარატის ნაკლოვანებების (ენაბლუობა, ტიკები, დარღვეული კოორდინაცია) აღმოფხვრისათვის. პატარისთვის მნიშვნელობა არა აქვს, დედას როგორი მუსიკალური სმენა და ხმა აქვს, ის მხოლოდ დედის ხმის ტემბრს, ლირიკულ და ალერსიან შესრულებას, მოღიმარ სახეს აქცევს ყურადღებას.

სიმღერის მეშვეობით პატარა მეტყველების განვითარების პირველ გაკვეთილებს იღებს, რაც მის ტიტინში აისახება. ე.ი. ვითარდება მისი ხორხი, მეტყველების მთავარი ინსტრუმენტი. "იავნანა" პატარას უვითარებს გონებრივ უნარებს. იმის მიხედვით, თუ როგორ ან რაზე უმღეროდა დედა, ყალიბდება პატარა ადამიანის ხასიათი, მისი ენერგეტიკული ჯანმრთელობა, ფსიქიკა.

პატარის სრულფასოვანი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, გრძნობდეს როგორც მუცლადყოფნის, ასევე დაბადების შემდეგ, რომ ის სასურველია, ძალიან უყვართ. დედა ყველაზე უკეთესია, მშობლიური სახლი კი თბილი და მყუდრო. რაც მთავარია, ეს ყველაფერი იგრძნობა "იავნანაში".

დედა "იავნანათი" აცნობს პატარას სამყაროს, აგრძნობინებს, რომ ის მას ყველაფრისგან დაიცავს, ასწავლის სიყვარულს, სინაზეს, სიკეთეს, გულითადობას, "იავნანა" ამშვიდებს პატარას, ხსნის მის დაძაბულობას, გაღიზიანებას, ხელს უწყობს ავადმყოფობის დროს სწრაფად გამოჯანმრთელებაში.

პატარები სიმღერის გარეშე უფრო ეგოისტები, ბრაზიანები, აგრესიულები, ნერვიულები, ზედმეტად აქტიურები, სხვადასხვა ფსიქიკური გამოვლინებისადმი მიდრეკილნი არიან.

სპეციალისტებს საშიშ ტენდენციად მიაჩნიათ, როდესაც პატარები მუდმივად ხმაურში (ტელევიზორის, კომპიუტერის, ხმამაღალი ლაპარაკის, როკმუსიკის და ა.შ.) იმყოფებიან. ზოგიერთ მშობელს ჰგონია, რომ პატარა ხმაურიანი მუსიკის დროს უკეთ იძინებს, რაც არასწორია, რადგან ასეთი მუსიკა მას ღლის, აბრუებს. ხმაურიანი მუსიკა ამუხრუჭებს ტვინის ქერქის და ქერქის ქვეშ არსებული ცენტრების მოქმედებას, რაც გათანაბრებულია სიმთვრალესთან.

"იავნანას" ტელევიზიით შეცვლამ შეიძლება გამოიწვიოს ყურადღების დეფიციტის სინდრომი, რაც გამოიხატება მის უყურადღებობაში, უჭირთ სწავლა, გარშემომყოფებთან ურთიერთობა.

ასე რომ, დედებო, უმღერეთ პატარას "იავნანა" 3 წლამდე მაინც, თუმცა საჭიროა მოზრდილობაშიც, რადგან ის დაეხმარება მას გამართული წინადადებების აგებაში, ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში, სიტყვების სწორად წარმოთქმაში, მუსიკის სიყვარულში, გაიზრდება გაწონასწორებულ, გულისხმიერ, კეთილ და მოსიყვარულე ადამიანად.