ბოტულიზმი საშიში დაავადებაა - კვირის პალიტრა

ბოტულიზმი საშიში დაავადებაა

ბოტულიზმი არცთუ ხშირად გვხვდება, მაგრამ ძალზე მძიმე დაავადებაა, რომელსაც იწვევს ბოტულიზმის გამომწვევი ბაქტერიის მიერ გამომუშავებული ტოქსინი. არსებობს სამი სახის ბოტულიზმი:

საკვებისმიერი ბოტულიზმი, რომელიც გამოწვეულია ბოტულიზმის ტოქსინის შემცველი პროდუქტის მიღებით.

ჭრილობის ბოტულიზმს კი ბოტულიზმის ბაქტერიის მიერ გამომუშავებული ტოქსინის ჭრილობაში მოხვედრა იწვევს.

ახალშობილი ბოტულიზმით შეიძლება დააავადოს საკვებთან ერთად ბოტულიზმის ბაქტერიის ნაწლავებში მოხვედრამ.

სამივე სახის დაავადება საჭიროებს სერიოზულ მკურნალობას, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს.

ბოტულიზმის გამომწვევი ბაქტერია ნიადაგში ბინადრობს და ხელსაყრელი პირობებისთანავე გარდაიქმნება ბოტულიზმის გამომწვევ ძალიან ძლიერ და გამძლე სპორად, რომელსაც შესწევს ტოქსინების გამომუშავების უნარი.

ბოტულიზმის სიმპტომებია: მხედველობის გაორება, დაბინდვა, ქუთუთოების დაწევა, ყლაპვის გაძნელება, მეტყველების მოშლა (ბგერების ყლაპვა), პირის სიმშრალე, კუნთების სისუსტე.

ჩვილებში ბოტულიზმი ვლინდება ძილიანობით, უმადობით, ყაბზობით, პატარები სუსტად ტირიან, დაქვეითებული აქვთ კუნთების ტონუსი.

პირველი სიმპტომები გამოვლინდება დაბინძურებული საკვების მიღებიდან 18-36 საათის შემდეგ, იშვიათად - 6 საათში, ან უფრო გვიან - 10 დღის შემდეგ.

დიაგნოზის დასმის შემდეგ, ავადმყოფობის სირთულის მიხედვით ექიმი ნიშნავს მკურნალობას, ზოგჯერ საჭიროა სუნთქვის აპარატზე ჩართვა და მოითხოვს გულისხმიერ მოვლას.

ადრეულ სტადიაში ბოტულიზმს მკურნალობენ ანტიტოქსინური შრატით, რომელიც ბლოკავს სისხლში მოცირკულე ტოქსინს. მკურნალობა გრძელდება რამდენიმე კვირა, კარგია დროულად კუჭის ამორეცხვა.

აუცილებელია ბოტულიზმის ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე ავადმყოფის საავადმყოფოში მოთავსება და დიაგნოზის დასმამდე პოლივალენტური შრატით მკურნალობის დაწყება. ყველას, ვინც საეჭვო საკვები მიიღო, უნდა დაუწესდეს - 10-12-დღიანი სამედიცინო მეთვალყურეობა.

ძირითადად ბოტულიზს იწვევს შინ მომზადებული კონსერვები: მწვანე ლობიო, ბადრიჯანი, შებოლილი ხორცი, ზოგჯერ ზეთში დაკონსერვებული წიწაკა, ნიორი, პომიდორი და კომბოსტო.

შინ მომზადებული კონსერვებით მოწამვლის თავიდან ასაცილებლად უნდა დავიცვათ ჰიგიენის წესები. ბოტულიზმის ტოქსინი მაღალ ტემპერატურაზე იშლება, ამიტომ ოჯახში მომზადებული კონსერვები, კომპოტები, გამოყენების წინ 15-20 წუთი ადუღეთ.