მოვერიოთ უძილობას - კვირის პალიტრა

მოვერიოთ უძილობას

ძილის გარეშე ადამიანის ორგანიზმი არეულად მუშაობს. დამტკიცებულია, რომ ერთი ღამის უძილობაც კი 100%-ით ამცირებს ტვინის შრომისუნარიანობას. წარმოიდგინეთ რა ემართება ორგანიზმს, როდესაც უძილობის პრობლემა აწუხებს.

ქრონიკული უძილობა ზრდის როგორც ნევროლოგიური, ასევე შინაგანი ორგანოებისა და ფსიქიკური დაავადებების განვითარების რისკს. ამიტომაც გირჩევთ, შეებრძოლოთ უძილობას და გაითვალისწინოთ სპეციალისტების რჩევები:

- თუ უძილობას იწვევს რომელიმე ქრონიკული დაავადება, საჭიროა მკურნალობა და ძილიც მოგიწესრიგდებათ.

- თუ ჯანმრთელი ხართ, მაგრამ უძილობას იწვევს გადაღლილობა, მუდმივი სტრესები, არარაციონალური რეჟიმი და არასწორი კვება, საკმარისია მოსპოთ ეს მიზეზები, რომ პრობლემა თავისთავად გაქრება.

- საღამოს 6 საათის შემდეგ არ დალიოთ კოფეინის შემცველი სასმელები, რადგან მისი ზემოქმედება გრძელდება 7 საათს, უმჯობესია, დღის მეორე ნახევარში დალიოთ მცენარეული ჩაი, მაგალითად, გვირილის ან ბარამბოსი - დაგამშვიდებთ და ძილისთვის განგაწყობთ.

- საღამოს არ ივახშმოთ მაძღრისად, თუმცა არც მშიერი კუჭით დაგეძინებათ. მიირთვით 1 ჭიქა კეფირი ან ხილი.

- ძილის წინ მიიღეთ აბაზანა (წყლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 36-37 0ჩ-ს, წყალს დაამატეთ არომატული ზეთი (ლავანდის, ილანგ-ილანგის, გვირილის, პიტნის ან წიწვის ექსტრაქტი).

- ძილის წინ გაანიავეთ საძინებელი, თუ საძინებელში ჰაერი ძალიან მშრალია, დაატენიანეთ.

- ძილის წინ თითების მსუბუქი მოძრაობით გაიკეთეთ მასაჟი თვალების ირგვლივ, ღაწვებზე, ნიკაპზე, ღაბაბზე...

- დაიძინეთ ერთსა და იმავე დროს.

- დაიძინეთ მოხერხებულ პოზაში - მარჯვენა მხარეს, ოდნავ მოხარეთ მუხლები (მიჩნეულია, რომ ძილისთვის ეს საუკეთესო მდებარეობაა).

- ძილის წამლები მიიღეთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, რადგან ბევრ ძილის წამალს აქვს გვერდითი მოვლენები, ზოგიერთმა იცის მიჩვევა და სხვა.

- თუ არ გეძინებათ, უყურეთ ტელევიზორს, წაიკითხეთ წიგნი, მოუსმინეთ მუსიკას, სხვათა შორის მშვიდ, მელოდიურ მუსიკას საუკეთესო თერაპიული ეფექტი აქვს, ამშვიდებს ადამიანს, აწესრიგებს არტერიულ წნევას და პულსს, ხსნის ნერვულ დაძაბულობას.