ვებრძოლოთ სახსრების ტკივილს - კვირის პალიტრა

ვებრძოლოთ სახსრების ტკივილს

თითქმის 200-მდე სახსარი უზრუნველყოფს ჩვენს კორდინირებულ, ზუსტ და თავისუფალ მოძრაობას, სირბილსა და სიარულს. თუმცა დროთა განმავლობაში, სხვადასხვა მიზეზით, სახსრების ხრტილები ცვდება, იხეხება, სკდება, მოხლეჩილი ფრაგმენტები გადაადგილდება სახსრებში და იწვევს ტკივილს, სახსრები კარგავს მოძრაობის უნარს, იწყებს შეშუპებას...

განსაკუთრებით უჭირს სახსრებს წელიწადის ცივ დროს. გადაცივება და ტრავმები ამძაფრებს ქრონიკულ დაავადებებს და ჩნდება ახალიც.

სახსრების მოძრაობას ზღუდავს დაავადებები: ართრიტი, ართროზი და ბურსიტი.

ართრიტი ინფექციით გამოწვეული სახსრების ანთებითი დაავადებაა. ინფექცია შეიძლება მოხვდეს სახსრებში ტრავმების (კანის დაზიანების დროს), ან ინფექციური დაავადებებით (ქუნთრუშა, დიფტერია, გრიპი და მწვავე რესპირატორული დაავადებები). თუ დროზე არ ვუმკურნალებთ, შეიძლება გამოიწვიოს სახსრების სრული უმოძრაობა.

ართრიტი იწვევს სახსრების ტკივილს, რომელიც ძლიერდება სიარულის დროს, სახსრებთან შეშუპებასა და კანის გაწითლებას, შეიძლება ტემპერატურამაც მოიმატოს.

უპირველეს ყოვლისა, დაზიანებული სახსრები უნდა დავასვენოთ, ექიმის დანიშნულებით მივიღოთ ანტიბიოტიკები ხრტილების სამკურნალოდ - ქონდროპროტექტორები, ფიზიოპროცედურები, მასაჟი და სამკურნალო ვარჯიშები.

ართროზი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც იწვევს სახსრების ხრტილების დეგენერაციულ ცვლილებას და თანდათანობით მის დაშლას. ართროზით ავადდებიან არა მარტო ასაკოვანი ადამიანები, არამედ ახალგაზრდებიც, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც დიდ ფიზიკურ შრომას ეწევიან ან ზედმეტი წონა აქვთ.

ართროზის დროს მოძრაობისას დაავადებული სახსრები ჭრიალებს, ადამიანს აწუხებს ტკივილი.

თუ სახსრების დაშლის შეჩერება არ ხერხდება, ავადმყოფებს უტარდებათ ენდოპროთეზირება - დაზიანებული სახსრების ხელოვნურით შეცვლა.

ბურსიტის მთავარი მიზეზია ტრავმები და ფიზიკური გადატვირთვა, განსაკუთრებით ზიანდება მუხლ-იდაყვის სახსრები, ახასიათებს ძლიერი ტკივილი, დაზიანებული ადგილების გაწითლება და შეშუპება.

ბურსიტის დროსაც რეკომენდებულია სახსრების დასვენება, გამათბობელი კომპრესები და ფიზიოთერაპიული პროცედურები, ანთებსაწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, საჭიროების შემთხვევაში ზოგჯერ ოპერაციები.

სახსრები რომ არ დაავადდეს, გირჩევთ:

- დაიკელით წონაში და არ ატაროთ 3კგ-ზე მეტი ტვირთი.

- მეტი იმოძრავეთ. შეარჩიეთ ისეთი ფიზიკური დატვირთვა, რომელიც შეუნარჩუნებს სახსრებსა და კუნთებს ტონუსს და ზედმეტად არ დატვირთავს. სახსრებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა ცურვა, აკვააერობიკა, ფეხით სიარული.

- ატარეთ მოხერხებული ფეხსაცმელი. არასწორად შერჩეული ფეხსაცმელი ძალიან მაღალი ან მოუხერხებელი ქუსლი ხელს უწყობს სახსრების დაშლას. შეგიძლიათ ატაროთ ორთოპედიული ფეხსაცმელი, რომელიც ამცირებს სახსრების დატვირთვას.

- სახსრების ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანია საკვები. პროდუქტი მდიდარი უნდა იყოს ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, განსაკუთრებით სასარგებლოა კალციუმის შემცველი რძის პროდუქტები, ცხიმმჟავა ომეგა-3-ით მდიდარი თევზი, რომელიც აფერხებს სახსრების დაავადების რისკს.

- ყოველდღე სვით 1-1,5 ლ წყალი.

დაბოლოს, არსებობს დიაგნოზის დასმის და მკურნალობის უახლესი მეთოდი - ართროსკოპია. მისი წყალობით ზუსტად შეიძლება განისაზღვროს სახსრის რომელი ნაწილია დაზიანებული და ჩაუტარდეს მკურნალობა.