მცენარეები ხველების წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

მცენარეები ხველების წინააღმდეგ

ხველებასთან გამკლავება არც ისე ადვილია; ხველება რომ არ გართულდეს, უმჯობესია, მიმართოთ ექიმს და არ დაიწყოთ თვითმკურნალობა. ექიმმა, მისი გამომწვევი მიზეზების გამოკვლევის შემდეგ (ის შეიძლება იყოს რესპირატორული, ანუ უფრო სერიოზული დაავადება), შეიძლება წამლებთან ერთად დაგინიშნოთ მცენარეებით მკურნალობაც. ეს მცენარეები შეიცავენ ეთეროვან ზეთებს, პოლისაქარიდებს, საპონინებს, ფლავონოიდებსა და მთრიმლავ ნივთიერებებს. ეთერზეთებს აქვს ანტიმიკრობული და ანთებსაწინააღმდეგო, ამოსახველებელი თვისება, ათხელებს ლორწოს, პოლისაქარიდები ანეიტრალებს და ხელს უწყობს ლორწოსთან ერთად დაავადების გამომწვევებსა და ტოქსინების გამოდევნას.

საპონინები ამაგრებს ორგანიზმსა და აქვს ანტიმიკრობული თვისება. უნდა ვიცოდეთ, რომ მშრალი ხველების დროს სამკურნალოდ გამოიყენება შემომგარსავი და ხველების შემამსუბუქებელი, სველი ხველების დროს კი - ამოსახველებელი, ანთებსაწინააღმდეგო და ანტიმიკრობული თვისების მცენარეები.

გთავაზობთ ზოგიერთი მცენარის რეცეპტს:

...პიტნა ანთებსაწინააღმდეგო მცენარეა, ეფექტიანია ბრონქიტის, ანგინის, სურდოსა და ფარინგიტის დროს. 1 ს/კ პიტნის გამხმარ ფოთლებს დაასხით 250 მლ მდუღარე წყალი და სვით.

...ბეგქონდრის ჩაი ამსუბუქებს სპაზმებს, ხელს უწყობს ლორწოს გამოყოფას და სპობს ავადმყოფობის გამომწვევ ბაქტერიებს, ვირუსებს.

1 ჩ/კ გამხმარ ბეგქონდარას დაასხით 250 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 15 წუთი, დაამატეთ თაფლი და მიიღეთ დღეში 5 ფინჯანი ნაყენი.

...ევკალიპტის ეთეროვანი ზეთი სწრაფად გამოდევნის ფილტვებიდან ლორწოს, სპობს ბაქტერიებსა და ვირუსებს. გამოიყენება ინჰალაციისთვის. ქვაბში ცხელ წყალს დაამატეთ 2-3 წვეთი ეთეროვანი ზეთი და ისუნთქეთ.

...ვირისტერფას აქვს ამოსახველებელი ეფექტი, ამშვიდებს ყელის ტკივილს.

1ს/კ ვირისტერფას ფოთლებს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 15 წუთი და მიიღეთ 2-ჯერ.

...წიწვის ჩაი სასარგებლოა გაცივებისა და გახანგრძლივებული ხველების დროს. მას აქვს ამოსახველებელი და ოფლმდენი თვისება.

1 ს/კ წიწვს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წYყალი და 20 წუთი ადუღეთ. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ დღის განმავლობაში. შეგიძლიათ დაამატოთ შაქარი ან თაფლი.

...ლავანდის ეთეროვანი ზეთი გამოიყენება ინჰალაციისთვის ბრონქიტისა და პნევმონიის დროს, ანტიმიკრობულია. 2-3 წვეთი ლავანდის ეთერზეთი გახსენით 1ლ ცხელ წყალში და ისუნთქეთ.

...ცაცხვის ყვავილის ნაყენი შველის მშრალ ხველებას, აქვს შემომგარსავი და ხველების შემამსუბუქებელი თვისება.

1ს/კ ცაცხვის ყვავილს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. გააჩერეთ 40 წუთი, გაწურეთ და მიიღეთ 1 ჩ/ჭ ნაყენი 3-ჯერ დღეში.