ეს საინტერესოა - კვირის პალიტრა

ეს საინტერესოა

გახდომის სისტემა - SLIMDATA (SD),  რომელიც ფრანგმა ექიმმა-დიეტოლოგმა იან რუჟემ იაპონელ კოლეგებთან ერთად შეიმუშავა, სწრაფად გახდომას არ გვპირდება, მაგრამ ხანგრძლივი ეფექტის გარანტიას იძლევა. ამ სისტემის უპირატესობა არის ის, რომ მარტივია და ხელმისაწვდომი. რაც მთავარია, არ შეიცავს აკრძალვებსა და შეზღუდვას. სწორად უნდა შეარჩიოთ და შეუთავსოთ ერთმანეთს პროდუქტი, ჭამოთ ყველაფერი, მაგრამ არამაძღრისად.

ექიმმა იან რუჟემ ყველა პროდუქტი სამი ფაქტორის გათვალისწინებით 4 ძირითად ფერად დაყო: გლიკემური ინდექსის (ადვილად აითვისება თუ არა პროდუქტი), ორგანიზმის ფერმენტული შესაძლებლობების (პროდუქტს როგორ ამუშავებს) და კალორიულობის მიხედვით. ამ პირობების გათვალისწინებით პროდუქტმა მიიღო თავისი ინდექსები 0-დან 100-მდე, რაც უფრო ზევით იწევს ინდექსი - ზედმეტი წონის მით უფრო მეტი რისკია.

ყველაზე დაბალი ინდექსი (0-დან 35-მდე) აქვთ "მწვანე პროდუქტებს", რომლებიც ხელს უწყობს წონის დაკლებას, მას ორგანიზმი ადვილად ინელებს და ითვისებს. "მწვანე ფერის" ჯგუფს მიეკუთვნება: ხორცი, ქათამი, თევზი, თოხლო კვერცხი, ხაჭო, იოგურთი, ქატო, ჭვავის პური, მწვანე ბოსტნეული, სტაფილო, ხახვი, ნიორი, ციტრუსები, ალუბალი, კივი, შტოში, კომში, თხილი, უგაზო მინერალური წყალი, მწვანე ჩაი.

"ნარინჯისფერი" პროდუქტი (ინდექსია 40-დან 55-მდე) ხელს უწყობს მიღწეული წონის შენარჩუნებას. თუ თქვენი წონა გაკმაყოფილებთ, მიირთვით "ნარინჯისფერი" ჯგუფის პროდუქტები: ჩირი, ლორი, მაგრად მოხარშული კვერცხი, მაკარონი, ყველი, ჭარხალი, ზეითუნის ზეთი, პარკოსნები, ვაშლი, უშაქრო ყავა.

"წითელი" პროდუქტები (ინდექსია 60-დან 80-მდე) ხელს უწყობს წონის მომატებას, თუმცა საერთოდ მათზე უარის თქმას არ გვირჩევს დიეტოლოგი, მიირთვით კვირაში 2-3-ჯერ. ამ ჯგუფს მიეკუთვნება: ღორის ხორცი, ხორცის პაშტეტი, მდნარი ყველი, კარაქი, არაჟანი, ნაღები, კარტოფილი, გოგრა, გარგარი, ნამცხვარი, ორცხობილა, შაქარი.

ჯანმრთელობისა და ფიგურისთვის ყველაზე მავნეა "იისფერი" პროდუქტი (ინდექსი 80-ზე მეტია), რომლებიც მიღებულია საკვების ინდუსტრიაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით. დიეტოლოგი გვირჩევს მათ მიღებას თვეში 2-ჯერ და ისიც მცირე რაოდენობით. ეს არის ძეხვეული, თეთრი ბრინჯი, ჩიფსი, კეტჩუპი, მაიონეზი, კანფეტი, შოკოლადი, ლიქიორი, ლუდი.

ყოველი ჭამისას მიიღეთ არა უმეტეს სამი პროდუქტი. თუ თავს ვერ იკავებთ "წითელ" პროდუქტზე, კალორიების დასაბლოკად დაამატეთ "მწვანე" ზონიდან, მაგალითად, ყველის ნაჭერს - მწვანე სალათის ფოთოლი.