გვსუსხავს, მაგრამ... - კვირის პალიტრა

გვსუსხავს, მაგრამ...

ვინც ერთხელ მაინც დაუსუსხავს ცეცხლივით მწვავე ჭინჭარს, ცდილობს, აღარ მიეკაროს. ჭინჭარს სარეველად თვლიან, თუმცა ძალიან ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. უძველესი დროიდან მას იყენებენ საკვებად და მკურნალობენ ფილტვებისა და ნაწლავების დაავადებებს, საშვილოსნოდან სისხლდენას.

ჭინჭარი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ბევრ ნივთიერებას, აქვს სისხლის შეჩერების, ჭრილობების შეხორცების, ანთებსაწინააღმდეგო, ნაღველმდენის, იმუნოტროპულისა და ესტროგენის მსგავსი მოქმედება.

...კაროტოიდები და A ვიტამინი, რომელსაც ჭინჭარი შეიცავს, აუმჯობესებს მხედველობას, სუნთქვას, საკვების მონელებას, შარდსასქესო, ნერვული და ენდოკრინული სისტემების მუშაობას. აძლიერებს იმუნიტეტს.

...ჩ ვიტამინით მდიდარი ჭინჭარი ანტიოქსიდანტია, ხელს უშლის თავისუფალ რადიკალებს უჯრედების სტრუქტურის დაზიანებაში, აფერხებს დაბერების პროცესს.

...ჭინჭარში შემავალი K ვიტამინი ასტიმულირებს ღვიძლში სისხლის შესქელების ერთ-ერთი ფაქტორის - პროთრომბინის გამომუშავებას.

...ქლოროფილი და რკინის მარილი ააქტიურებს ერითროციტების წარმოქმნის პროცესს, გულ-სისხლძარღვთა სისტემასა და ამცირებს სისხლში ქოლესტერინს, ამაღლებს ჰემოგლობინის დონეს.

...ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება - აცეტილქოლინი, აუმჯობესებს ნაწლავების მიკროფლორას, აქვს შარდმდენის, ნაღველმდენისა და შაქრის დამწევი თვისებები.

...ფლავონოიდები იცავს ორგანიზმს კანცეროგენების ზემოქმედებისაგან.

...ყველა ამ სიკეთესთან ერთად, ჭინჭარს აქვს სისხლის გამწმენდი თვისება. პრობლემური კანის (აკნეს, ფერისმჭამელების) დროს, 4 კვირის განმავლობაში უნდა მიიღოთ დღეში 2-3 ფინჯანი ჭინჭრის ნახარში ან ნაყენი (1ს/კ გამხმარ ჭინჭარს დაასხით 200მლ მდუღარე წყალი)

...ავიტამინოზის დროს: 4 ს/კ გამხმარ ჭინჭრის ფოთოლს დაასხით 1ლ მდუღარე წყალი, თავდახურული გააჩერეთ 2 საათი. ნაყენი გადაწურეთ და სვით 1/3 ჭიქა დღეში 5-ჯერ, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე.

...თმის ცვენისა და ქერტლის დროს - ძილის წინ თმის ძირებში შეიზილეთ ჭინჭრის ნახარში: 200 გ ჭინჭარს დაასხით 1ლ წყალი და 0,5 საათი ადუღეთ ნელ ცეცხლზე. გადაწურეთ.

...ჭინჭრის ნორჩი ფოთლებით შეგიძლიათ მოამზადოთ ჩაი, სალათა, წვნიანი და ა.შ.

გახსოვდეთ! ჭინჭარს აქვს უკუჩვენებაც. კატეგორიულად ეკრძალებათ ჭინჭრისა და მასზე დამზადებული წამლების მიღება თრომბოზისა და თრომბოფლებიტის დროს.