გავააქტიუროთ ზარმაცი კუჭი - კვირის პალიტრა

გავააქტიუროთ ზარმაცი კუჭი

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზოგიერთი დაავადება, მაგალითად, კუჭის წყლული ან გასტრიტი ექიმს შეუძლია აღმოაჩინოს გასტროსკოპიის ან დიაგნოზის დასმის სხვა მეთოდებით. თუმცა არის ისეთი დაავადებებიც, რომელთა დადგენა გამოცდილ ექიმებსაც კი უჭირთ, რადგან თვალით დასანახი ორგანოს დაავადებებთან არ არის დაკავშირებული. მაგალითად, ადამიანი უჩივის კუჭის ტკივილს, სიმძიმესა და დისკომფორტს, ანალიზი და გამოკვლევა კი არაფერს აჩვენებს... ერთ-ერთი ასეთი დაავადებაა ფუნქციური დისპეფსია - ზარმაცი კუჭის სინდრომი. ფუნქციური დისპეფსიის დროს კუჭი იწყებს "ჭირვეულობას", არ სურს რიტმულად და და გამართულად შეიკუმშოს, გადაამუშაოს საკვები და გადააადგილოს წინ. შედეგად კუჭში გროვდება საკვები, რაც უსიამოვნო შერძნებებს იწყებს. ეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებათაგან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა.

დისპეფსიის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა გასტროენტეროლოგებმა შეამჩნიეს, რომ ხშირად კუჭ-ნაწლავის დაავადებებს ხელს უწყობს ნერვიულობა. ამიტომაც ხშირად პაციენტებს კუჭ-ნაწლავის სამკურნალო წამლებთან ერთად უნიშნავენ დამამშვიდებლებსაც.

მედიკოსები დისპეფსიის ერთ-ერთ მიზეზად ასახელებენ მაძღრისობას, არასწორ კვებას, არაკორექტულად წამლების მიღებას და მავნე ჩვევებს: ალკოჰოლს, სიგარეტს...

მაგალითად, მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ მწეველებში დისპეფსიის განვითარების რისკი 2-ჯერ მეტია.

დისპეფსიის ძირითადი სიმპტომებია ტკივილი და დისკომფორტი გულის კოვზთან, კუჭში სიმძიმისა და გადავსების შეგრძნება, შებერილობა, პირღებინება, გულძმარვა...

ეს შეგრძნებები ხშირად ჭამის შემდეგ ჩნდება, როდესაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტი იწყებს მუშაობას და თუ ეს სიმპტომები წლის განმავლობაში დიდხანს გრძელდება, ექიმი კი ვერ აღმოაჩენს კუჭ-ნაწლავის სერიოზულ დაავადებას, ე.ი. თქვენ გაწუხებთ ზარმაცი კუჭის სინდრომი და საჭიროა, კუჭმა მთელი ძალით იმუშაოს.

დაავადების გამწვავების დროს სასურველია, ჭამოთ ხშირად და პატარა ულუფებად. გამორიცხეთ ცხიმიანი საკვები და კუჭ-ნაწლავის გამღიზიანებელი პროდუქტები (სანელებლები, სოუსები, შებოლილი ხორცი ან თევზეული, მარინადები და ა.შ.).

წამლები უნდა მიიღოთ გამოკვლევების შემდეგ მხოლოდ ექიმის დანიშნულების მიხედვით (ანტაციდები, ანტისეკრეტალური და სხვ.) და თუ ექიმმა აღმოაჩინა, რომ ნერვული აშლილობა გაქვთ - ნერვების დამამშვიდებელი წამლები. "ზარმაცი" კუჭის "ასამუშავებლად" უნდა დაიცვათ შემდეგი რეკომენდაციები:

- ხშირად მიიღეთ ბოსტნეული, ბურღულეული;

- შეზღუდეთ ცხიმიანი საკვების მიღება (ცხიმის დღეღამური ნორმაა 30-50 გ).

- არ ჭამოთ მაძღრისად, განსაკუთრებით ძილის წინ. საჭმელი გულდასმით დაღეჭეთ და ჭამეთ ერთსა და იმავე დროს. საღამოს ჭამეთ დაძინებამდე 2-3 საათით ადრე.

- სვით ბევრი წყალი, რომელიც ასტიმულირებს პერისტალტიკას, ხელს უშლის შეკრულობას, გამოდევნის ტოქსინებს, უჯრედებსა და ქსოვილებში გადააქვს საკვები ნივთიერებები.

- გადაეჩვიეთ მავნე ჩვევებს: გახსოვდეთ! ნიკოტინსა და ალკოჰოლს შეუძლია დააავადოს ყველაზე მაგარი კუჭიც კი.

- მეტი იმოძრავეთ, რეგულარული ფიზიკური დატვირთვა ეხმარება კუჭს გააქტიურებაში.

- მოერიდეთ ნერვიულობას, კონფლიქტებსა და სტრესულ სიტუაციებს.

- კვირაში ერთხელ შეზღუდეთ მძიმე საკვების მიღება.

ლიზა #13