იცით თუ არა, რომ... - კვირის პალიტრა

იცით თუ არა, რომ...

ტუჩების კანის სტრუქტურა განსხვავდება სახის კანისგან, ის ძალიან მგრძნობიარეა, სისხლძარღვები ზედაპირზე ზერელედ არის განლაგებული, ტუჩები ხშირად შრება, იქერცლება, ზოგჯერ სკდება და სისხლიც მოდის. ტუჩის კანის სტრუქტურა ჰგავს თვალების ირგვლივ კანს.ამიტომ სახის ან თვალებისთვის განკუთვნილი მკვებავი ან ნიღაბი ტუჩებზეც წაისვით. დილით, შინიდან გასვლამდე გამომშრალი და გაუხეშებული კანის დასარბილებლად 0,5 საათით ადრე ტუჩებზე წაისვით მცენარეული ზეთი, ნაღების კარაქი, არაჟანი და E ვიტამინი. ქუჩაში გასვლის წინ კი გაიწმინდეთ ტუჩები და წაისვით ჰიგიენური ბალზამი (ან პომადა). საღამოსაც შეგიძლიათ გაიმეოროთ დილის პროცედურა.

გთავაზობთ ტუჩების მოვლის ხალხურ საშუალებებს:

1. 1 ჩ/კ ნაღები და 1/2 ჩ/კ ცხიმიანი ხაჭო კარგად ათქვიფეთ და წაისვით ტუჩებზე. 10-15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით ვაზელინი ან ჰიგიენური ბალზამი.

2. 1ჩ/კ გახეხილ, ტკბილ, კანგაცლილ ვაშლს შეურიეთ 1/2 ჩ/კ ნაღების კარაქი და 15 წუთით წაისვით ტუჩებზე. ჩამოიბანეთ და წაისვით ვაზელინი ან ჰიგიენური პომადა.

3. აქერცლილ ტუჩებზე წაისვით თაფლი და 5-10 წუთის შემდეგ თითებით მსუბუქად შეიზილეთ და ჩამოიბანეთ.

5. წყლის ორთქლზე გამდნარი 1 ჩ/კ თაფლის სანთელს დაამატეთ 1 ჩ/კ კაკაოს ცხიმი (ან 1ს/კ ქაცვის ან ზეითუნის ზეთი), 1 ჩ/კ ვაზელინი და 1 ს/კ გვირილის ნახარში, კარგად აურიეთ, გადმოდგით ორთქლის აბაზანიდან, კარგად ათქვიფეთ და გააცივეთ.

ეს მალამო წაისვით დღეში 3-ჯერ.

დაბოლოს, ტუჩები რომ არ გამოშრეს და აიქერცლოს, დალიეთ არანაკლებ 1,5-2ლ წყალი (არ იგულისხმება ყავა და წვენები), ის სასარგებლოა მთელი ორგანიზმისთვის. დილას, ქუჩაში გასვლის წინ, ყოველთვის წაისვით ტუჩებზე ჰიგიენური ბალზამი (პომადა).