"ნუ მიირთმევთ ზედმეტ ქატოს" - კვირის პალიტრა

"ნუ მიირთმევთ ზედმეტ ქატოს"

თბილისის ცენტრალურ მაღაზიებში ქატოს დეფიციტია. ბევრისთვის ცნობილი გამოთქმა "ქატო იქა, ფქვილი აქა" შეცვალა "ქატო აქა, ფქვილი იქამ" - გახდომის მსურველებმა პურს თავი დაანებეს და ქატოს მიეძალნენ.

ერთ-ერთ შოუში მომღერალმა ნინო სურგულაძემ აღიარა, გახდომას ქატოს უნდა ვუმადლოდეო. მოკლედ, ქართველებს მეტი რაღა უნდოდათ და ქატოს საყიდლად რიგები დადგა. არადა, ქატოს ჭარბი რაოდენობით მიღება და შემდეგ ნოყიერად კვება, არათუ გასასუქებელი საშუალება, არამედ ჯანმრთელობისთვის საზიანოც ყოფილა! ამის შესახებ ცნობილი ექიმი, ჰომეოპათი კახა საბახტარიშვილი გვესაუბრა: "ქატო სასარგებლოა, მაგრამ მისი მხოლოდ მცირე ულუფებად მიღებაა დასაშვები, - არა უმეტეს ერთ სუფრის კოვზ ქატოს მცირეოდენი წყალი, კეფირი ან მაწონი დავასხათ და დღეში სამჯერ, ჭამამდე ერთი საათით ადრე მივიღოთ. საქმე ის არის, რომ ღეჭვის დროს რეფლექსურად გამოიყოფა კუჭის წვენი, ერთი კოვზი ქატო კი კუჭში ფუვდება, წვენს ღრუბელივით იწოვს და დანაყრების შეგრძნებას იწვევს. ამ დროს საჭმელს აღარ უნდა მიეძალოთ. ქატო ნაწლავების გამწმენდის ფუნქციას ასრულებს და გახდომას ხელს უწყობს, აძლიერებს პერისტალტიკას.

კუჭიდან საჭმელი თორმეტგოჯა ნაწლავში გადადის, სადაც ნაღვლისა და პანკრეასის წვენი გამოიყოფა, მისი უკან, კუჭში მოხვედრა დაუშვებელია. ეს გულძმარვას იწვევს. თუ კუჭ-ნაწლავის ფუნქცია მოშლილი არ გაქვთ, ნაღვლისა და პანკრეასის წვენი კუჭში აღარ მოხვდება. ქატო ამ წვენის შეწოვას ახერხებს და გულძმარვასაც შველის. თუკი ქატოს მიღების შემდეგ ნოყიერად მივირთმევთ, ქატო დაკარგავს გამწმენდ და სხვა სამკურნალო ფუნქციას და ვეღარც წონა მოგვაკლდება.

- ქატოთი საქონელს ასუქებენ, ადამიანები კი, პირიქით, წონას კარგავენ?

- ქატოს აჭმევენ იმ ცხოველებს, რომლებიც მხოლოდ მცენარეული საკვებით იკვებებიან. მათი კუჭ-ნაწლავის სისტემა ისეა მოწყობილი, რომ ქატოს მთლიანად ითვისებს, იწოვს (ცხოველის ნაწლავი ადამიანისაზე 9-10-ჯერ დიდია). ადამიანი ხორცისმჭამელიც არის და მისი კუჭ-ნაწლავი ცხოველისგან განსხვავებულია. ასე რომ, ადამიანების და ცხოველების შედარება ამ თვალსაზრისით უადგილოა.

- მათ რას ურჩევთ, ვინც ქატოს ჭარბი რაოდენობით ჭამს?

- ზედმეტი ქატო ნაწლავებს არა მხოლოდ წმენდს, არამედ მისი კედლების გაღიზიანებასაც იწვევს. ეს განსაკუთრებით სარისკოა მათთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის დაავადებები, პანკრეატიტი ან მწვავე ქოლეცისტიტი აქვთ.