ხახვის ფურცელიც წამალია - კვირის პალიტრა

ხახვის ფურცელიც წამალია

ხახვის ფურცელი შეიცავს სამკურნალო თვისებების მქონე ნივთიერებებს, ფლავონოიდურ გლუკოზიდებს, C, E, P ვიტამინებს, კაროტინს, ფიტონციდებსა და ორგანულ მჟავებს, ამიტომ საუკეთესო საკვები და საყოფაცხოვრებო საღებავია. მისი ნახარში გამოიყენება როგორც შინაგანი, ისე გარეგანი მკურნალობისათვის. ხახვის ფურცელს აქვს ანთებსაწინააღმდეგო, სპაზმოლიტური, ამოსახველებელი, შარდმდენი, კუჭში გამხსნელი თვისებები.

გთავაზობთ ზოგიერთ რეცეპტს:

- ნეფრიტის, ცისტიტის, პიელონეფრიტის, თირკმლების და საშარდე ბუშტის სხვა დაავადებების დროს 3 ს/კ დაქუცმაცებული ხახვის ფურცელს დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წუთი და გაწურეთ. მიიღეთ 1 ს/კ ნაყენი 3-4-ჯერ დღეში.

- სტომატიტისა და ანგინის დროს პირსა და ყელში გამოივლეთ ხახვის ფურცლის ნაყენი. 3 ჩ/კ დაქუცმაცებულ ხახვის ფურცელს დაასხით 0,5 ლ ცხელი წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე, გააჩერეთ 7-8 საათი, გაწურეთ.

ნაყენით შეიძლება ჩირქოვანი ჭრილობების მობანა - ხელს უწყობს სწრაფად შეხორცებას.

- ფურუნკულის დროს შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობის დაქუცმაცებული ხახვის ფურცელი და მრავალძარღვას ფოთლები (1:1), დაამატეთ თაფლი, ფქვილი და მოზილეთ ცომი. ცომის კვერი დაიდეთ ფურუნკულზე (ან დიდი ხნის შეუხორცებელ ჭრილობაზე), დაიმაგრეთ ლეიკოპლასტირით. გააჩერეთ 1-2 დღე. შემდეგ კანი გაიწმინდეთ სპირტით. ამ კვერით შეიძლება დახეთქილი ფეხის ქუსლების მკურნალობაც.

- კოჟრების სამკურნალოდ ხახვის ფურცლები ჩაყარეთ მინის ქილაში, დაასხით სუფრის ძმარი, თავი მოუკარით კომპრესის ქაღალდით. გააჩერეთ 2 კვირა ოთახის ტემპერატურაზე. ამოიღეთ ხახვის ფურცელი, ოდნავ შეაშრეთ. დაიდეთ კოჟრზე, გარშემო წაისვით ვაზელინი ან სხვა კრემი, დაამაგრეთ და გაიჩერეთ მთელი ღამე. დილით გაიკეთეთ ფეხებზე ცხელი წყლის აბაზანა და ფრთხილად მოიშორეთ კოჟრები. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ.

რადგან ხახვის ფურცელი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, მისი ნახარში შეიძლება გამოიყენოთ შამპუნივით ქერტლის საწინააღმდეგოდ, თმას მატებს ბრწყინვალებს.

ერთი მუჭა ხახვის ფურცელს დაასხით 1 ჩ/ჭ წყალი და ადუღეთ 5-10 წუთი.