დიეტა ორისთვის - კვირის პალიტრა

დიეტა ორისთვის

ყველაფერი, რასაც მომავალი დედა 9 თვის განმავლობაში ჭამს, ემსახურება ჩვილის ორგანიზმის "მშენებლობას". ამიტომაც მომავალი დედის საკვები უნდა იყოს სწორად შერჩეული და მასში შემავალი ნივთიერებების თანაფარდობა იდეალური: ცხიმი უნდა იყოს 30%, ნახშირწყლები - 55-60%, ცილები - 15-20%.

მომავალო დედებო, პროცენტების სწორად გამოსათვლელად დღის განმავლობაში უნდა იკვებოთ პირამიდისებურად. პირამიდის საფუძველია ეკოლოგიურად სუფთა უხეშად დაფქული ხორბლის პური, მარცვლეული, ბოსტნეული, ხილი, მწვანილი, შუაში - რძე, ხაჭო, იოგურთი, კეფირი, ყველი, კვერცხი, თევზი, ზღვის პროდუქტები, მცენარეული ზეთი, ბოლოს - ძალიან მცირე რაოდენობით ხორცი, ტკბილეული, ცომეული და ცხიმიანი საკვები. ხილ-ბოსტნეულიდან მიღებულ ვიტამინებსა და მინერალებს უნდა დაამატოთ ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი.

პატარას სჭირდება ბევრი ცილა, ვიტამინი, მაგნიუმი, ფოსფორი და სხვა მიკრო და მაკროელემენტები, რომლებსაც იღებს დედის ორგანიზმიდან. გარდა ამისა, უნდა ჭამოს ნაკლებცხიმიანი, მწარე, Mცხარე, მარილიანი საკვები. მომავალი დედა ვალდებულია, ორგანიზმი გაიწმინდოს ტოქსინებისაგან - ჩაიტაროს ერთთვიანი დეტოქს-კურსი: ყოველდღე დალიოს 3-4 ფინჯანი მწვანე ჩაი.

სასურველია, ფეხმძიმობის პერიოდში დალიოთ ბოთლებში ჩამოსხმული წყალი. საკვებს უნდა დაამატოთ იოდიზებული მარილი, რადგან ორგანიზმში მისმა ნაკლებობამ შესაძლოა, გამოიწვიოს ნაყოფის მოცილება ან პატარა დაიბადოს ავადმყოფი. მომავალი დედისთვის აუცილებელია კალციუმი, რომელიც ამაგრებს კბილებს, არეგულირებს გულის მოქმედებას და იმუნური სისტემის მუშაობას. ეს მზრუნველი ელემენტი მუცლადყოფნის პერიოდშივე იცავს პატარას რაქიტისაგან, დედას კი - სტრესისა და ალერგიისაგან, ანეიტრალებს ცუდი ეკოლოგიის შედეგებს.

მომავალი დედების საყურადღებოდ! ორსულობის პირველი დღეებიდანვე ყოველდღე დალიეთ 2-3 ჭიქა რძე (თუ კარგად იტანთ) ან მაწონი, კეფირი, ყველი და 100-150გ უცხიმო ხაჭო. ამით თქვენს ორგანიზმში ქმნით კალციუმის იმ მარაგს (30გ), რომელიც პატარას დასჭირდება დაბადებამდე ბოლო 3 თვის განმავლობაში, როდესაც ის სწრაფად იზრდება, ხოლო მისი ძვლების სისტემა განსაკუთრებულად აქტიურად ფორმირდება.