მარწყვი მკურნალია - კვირის პალიტრა

მარწყვი მკურნალია

ხალხური მედიცინით რეკომენდებულია ხენდრო (მარწყვი) კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა დაავადების, ჰიპერტონიის, სკლეროზის, თირკმლებში კენჭების დაგროვების სამკურნალოდ.

ხენდროს ნაყოფის, ფოთლებისა და ყვავილების ნაყენი შველის ავიტამინოზს, უღონობას, სისხლნაკლებობას, ეგზემას, ღვიძლისა და ნაღვლის დაავადებებს. სამკურნალოდ გამოიყენება როგორც ნედლი, ისე გამხმარი ხენდრო (ფოთლები, ყვავილები). ეს სურნელოვანი და გემრიელი კენკრა შარდმდენია და ორგანიზმიდან წიდებს გამოდევნის, ამცირებს გულის იშემიის დროს ტკივილებს, ქოშინს. რაც მთავარია, 100 გ ხენდრო სულ 27 კკალორიაა.

ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების წყალობით ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, კვებავს კანს და აცხრობს ანთებით პროცესებს.

ძალიან სასარგებლოა ხენდრო ბავშვებისთვის, თუმცა თუ ალერგიულები არიან, უმჯობესია, მისცეთ რძით, იოგურთით ან თაფლით. ხენდრო მეტი უნდა მიიღონ ხანში შესულებმა, რადგან ასაკის მომატებასთან ერთად მხედველობა სუსტდება, კანი ხდება მშრალი, ბევრი ორგანოს ლორწოვანი გარსი სუსტად ფუნქციონირებს, კაროტინითა და პროვიტამინით მდიდარი ხენდრო აუმჯობესებს მხედველობას, აღადგენს კანის სტრუქტურას, სასიკეთოდ მოქმედებს ხერხემალზე, განსაკუთრებით ოსტეოქონდროზის დროს.

ოსტეოქონდროზის დროს - 2 წილ ხენდროს წვენს დაამატეთ 1 წილი სტაფილოს წვენი. სვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 2-ჯერ, ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ.

ქრონიკული ბრონქიტის დროს - 1 ჩ/კ ხენდროს წვენს დაამატეთ 3-4 ს/კ ცხელი რძე. მიიღეთ ნაყენი დღეში ერთხელ, მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.

ანგინის დროს - მარწყვისა და ხენდროს ნაყოფი დააწყვეთ 10 წუთით მზეზე, შემდეგ ყუნწიანად ჩააწყვეთ ნახევარლიტრიან ქილაში, შეავსეთ თაფლით. მიიღეთ 3-ჯერ დღეში 1 ჩ/კ ნაყენი. შეგიძლიათ გამოიყენოთ მთელი წლის განმავლობაში.

დიათეზის, ეგზემის გამონაყარის, იარებისა და ჭრილობების დროს - მწიფე ხენდრო ან მარწყვი დაჭყლიტეთ, სქლად გაშალეთ ბამბის ქსოვილზე და დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე. ეს პროცედურა ძალიან ეფექტიანია.

უძილობის დროს - 1 ჩ/კ კატაბალახას ფესვები 3-5 წუთი ადუღეთ 1 ჩ/ჭ წყალში. ნახარშს დაამატეთ 1 ჩ/ჭ ხენდროს წვენი და დალიეთ ძილის წინ.

გულის იშემიის დროს - მიიღეთ დღეში 1 ჩ/ჭ ხენდრო, დააყოლეთ რძე. ან დაჭყლეტილ ნაყოფს გემოვნებით დაამატეთ თაფლი და მიიღეთ მწვანე ჩაისთან ერთად.

ნევროზის დროს - 1. შეურიეთ ერთმანეთს თითო-თითო ჩ/კ ხენდროსა და მარწყვის ფოთლები, 1 ს/კ გირჩა, დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. 1 ჩ/ჭ დალიეთ ნაშუადღევს და მეორე ჩ/ჭ - ძილამდე 0,5 საათით ადრე. 2. შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობის მარწყვის ან ხენდროს ყვავილები და ფოთლები და წითელი სამყურას ყვავილები. 1 ს/კ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 10 წუთი, გაწურეთ და მიიღეთ 1 ჩ/კ  თბილი ნაყენი თაფლთან ერთად.

ფურუნკულის დროს - დაქუცმაცებულ ხენდროს ფოთლებს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე, შეფუთეთ და ერთი ღამე გააჩერეთ. ამ ნაყენით გაიკეთეთ კომპრესი.