"დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია" - კვირის პალიტრა

"დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია"

სამაგიდო წიგნი ყველა ოჯახისათვის

ბოლო თვეებში გამომცემლობა "პალიტრა L"-მა რამდენიმე განსაკუთრებით საინტერესო წიგნი გამოსცა. "დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია" კი ყველასგან განსხვავებულია, რადგან პრაქტიკული გამოყენების დიდი შესაძლებლობა გააჩნია. ალბათ სწორედ ამიტომაც ამ წიგნმა საზოგადოების ცხოველი ინტერესი გამოიწვია.

ენციკლოპედიის შესახებ ვესაუბრებით პროექტის ავტორს, ექიმ მაია მუხიგულს:

- ქალბატონო მაია, როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა წიგნის მიმართ ასეთი დიდი ინტერესი?

- ჩემი აზრით, ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ანალოგიური შინაარსისა და მოცულობის წიგნი ბოლო რამდენიმე ათწლეულია არ გამოცემულა. არსებობს ამ წიგნის წინამორბედი გამოცემა - საყოველთაოდ ცნობილი და ძალზე პოპულარული ვ. ალადაშვილის წიგნი "საოჯახო მედიცინა". თუმცა ამ წიგნის გამოცემიდან დიდი დრო გავიდა - თაობები შეიცვალა, შეიცვალა დაავადების მიმართ მიდგომა, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდები, რის გამოც, ბუნებრივია, წინამორბედმა წიგნმა, გარკვეულწილად, აქტუალობა დაკარგა. "დიდ საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედიაში"”კი ყველაფერი თანამედროვე მედიცინის ჭრილშია მოცემული.

გარდა ამისა, ენციკლოპედია მაღალ პოლიგრაფიულ დონეზეა დაბეჭდილი და უხვად ილუსტრირებული. შედგენისას გამოყენებულია უცხოური ლიტერატურა.

წიგნზე 5 წლის განმავლობაში მუშაობდნენ საქართველოს სამედიცინო და სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების წამყვანი სპეციალისტები. აგრეთვე, ცნობილი პრაქტიკოსი ექიმები. მათ შორის 10 მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, 10 მედიცინის დოქტორი და სხვ.

- ვისთვის არის განკუთვნილი ეს წიგნი?

- "დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია"განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისათვის და მოიცავს დაავადებათა უდიდეს ნაწილს. წიგნში 250-ზე მეტი დაავადება (ყველაზე გავრცელებული და "ცნობილი"დაავადებები) მკითხველისთვის გასაგებ, პოპულარულ ენაზე დაწვრილებით არის აღწერილი.

ენციკლოპედია საინტერესო და სასარგებლო იქნება მთელი ოჯახისთვის. ეს წიგნი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ დაავადების მკურნალობის საუკეთესო გზა მისი პროფილაქტიკაა.

- რა არის წიგნში აღწერილი, დაავადებების მკურნალობის მეთოდები, სიმპტომები თუ მათი წარმოშობის მიზეზები და ხელშემწყობი ფაქტორები?

- წიგნი მოიცავს მთელ მედიცინას და შედგება 22 თავისგან, კერძოდ: საჭმლის მომნელებელი სისტემის, სასუნთქი სისტემის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, რევმატული, შარდის გამომყოფი, სისხლის, ენდოკრინული, ნერვული სისტემების დაავადებებს. აგრეთვე - პედიატრიას, მეანობას, გინეკოლოგიურ, ინფექციურ, ანდროლოგიურ, ალერგიულ, პარაზიტულ, ყელ-ყურ-ცხვირის, თვალის, კბილებისა და პირის ღრუს, ქირურგიულ, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, სიმსივნურ, კანისა და ვენერიულ დაავადებებს. წიგნში ცალკე თავად არის გამოყოფილი პირველადი დახმარება.

წიგნში თითოეული დაავადება დაწვრილებით არის აღწერილი. კერძოდ, განხილულია დაავადების გამომწვევი მიზეზი, განვითარების მექანიზმი, ანუ როგორ ვითარდება დაავადება ორგანიზმში, კლინიკური მიმდინარეობა, ანუ ჩივილები, დამახასიათებელი სიმპტომები, გართულებები, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის საკითხები. ენციკლოპედიაში მოცემულია თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების ეკვივალენტური სასარგებლო რჩევები და რეკომენდაციები.

- რატომ გადაწყვიტეთ ასეთი წიგნის შექმნა, რა იყო მიზანი?

- წიგნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიაწოდოს მკითხველს მისთვის საინტერესო დაავადების შესახებ.

დაავადების მართვაში 3 პოზიციაა: ექიმი, პაციენტი და დაავადება. ამ დროს პაციენტის განათლებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სწორად ინფორმირებული პაციენტი ეხმარება ექიმს სნეულების დამარცხებაში.

წიგნის მიზანი არ არის შეცვალოს ექიმი. მისი მიზანია, აამაღლოს პაციენტისა და ფართო საზოგადოების ინფორმირებულობის დონე, დაეხმაროს დაავადების გათავისებაში, მიიღოს ის ინფორმაცია, რომელიც ობიექტური მიზეზების გამო ვერ მიიღო ექიმისგან. ხშირად ექიმი სვამს დიაგნოზს, მაგრამ პაციენტი ვერ იღებს დამაკმაყოფილებელ და მისთვის გასაგებ ინფორმაციას, უჩნდება უამრავი შეკითხვა, რაზეც პასუხის მიღება ძნელდება.

წიგნი ასევე დაეხმარება პაციენტს, ჩივილებისა და სიმპტომების შემთხვევაში რომელი პროფილის ექიმს მიმართოს.

- თანამედროვე ადამიანი ინფორმაციის ნაკლებობას არ უჩივის. ინტერნეტსივრცე უამრავი სამედიცინო ინფორმაციის მოპოვების საშუალებას იძლევა. რით არის წიგნი უფრო მოხერხებული, ან რა არის მისი უპირატესობა?

- თანამედროვე ინფორმაციის წყაროების სიჭარბის ფონზე, ინტერნეტში ძნელია გაარჩიო, რომელია სამედიცინო პერსონალისთვის და რომელი ჩვეულებრივი მკითხველისათვის განკუთვნილი ინფორმაცია, რომელ ინფორმაციას ენდოს და რომელს - არა. "დიდ საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედიაში" თავმოყრილი ინფორმაცია გაფილტრული და რედაქტირებულია თავის დარგში ცნობილი და კომპეტენტური სპეციალისტების მიერ.

წიგნი განკუთვნილია ნებისმიერი ასაკისა და სქესის ადამიანისთვის. ის სასარგებლო იქნება დასნებოვნებული თუ სრულიად ჯანმრთელი ადამიანისთვისაც.

წიგნში გადმოცემული მასალა დაეხმარება მკითხველს შეიცნოს თავისი ორგანიზმი, იზრუნოს ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზეც, ფლობდეს სრულყოფილ ინფორმაციას სხვადასხვა დაავადების შესახებ.

დაბოლოს, იმედს გამოვთქვამ, რომ "დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია" სამაგიდო წიგნად იქცევა ნებისმიერი ოჯახისათვის.

მაია ლომინაძე