მკურნალი ყვავილები - კვირის პალიტრა

მკურნალი ყვავილები

ხალხურ მედიცინაში სილამაზითა და სურნელებით გამორჩეულ ყვავილებს აქტიურად იყენებენ როგორც სამკურნალოდ, ისე პროფილაქტიკური თვალსაზრისით.

გაგაცნობთ ზოგიერთ მათგანს:

გულყვითელას (ნარგიზელა) ყვავილი, ფოთლები და ღერო შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, არის ანთებსაწინააღმდეგო და ანტიმიკრობული.

ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს 2 ჩ/კ გულყვითელას ყვავილს დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე, გააჩერეთ 1 საათი, გაწურეთ და სვით 1/4 ნაყენი 4-ჯერ დღეში. ხოლო კონიუნქტივიტისა და ბლეფარიტის დროს - ნაყენით ამოიბანეთ თვალები, სტომატიტის დროს - გამოივლეთ პირში, გარდა ამისა, გულყვითელას ნაყენით იბანენ ჭრილობებს - აჩქარებს შეხორცებას.

უძილობისა და ნევრასთენიის დროს 3 ს/კ იორდასალამის ყვავილის ფურცლებს დაასხით 0,5 ლ არაყი და 30 დღე გააჩერეთ. მიიღეთ 30 წვეთი ნაყენი 2-3-ჯერ დღეში.

გახსოვდეთ! იორდასალამის ნაყენის მიღებისას მკაცრად დაიცავით ზუსტი დოზა, რადგან ის მიეკუთვნება შხამიან მცენარეთა ოჯახს, შეიძლება კუჭის მჟავიანობაც გამოიწვიოს.

ქრიზანთემა შეიცავს ყველა იმ სასარგებლო ვიტამინსა და მინერალს, რაც ადამიანს სჭირდება ჯანმრთელობისა და დღეგრძელობისთვის. ეთეროვანი ზეთი, რომელსაც ქრიზანთემა შეიცავს, აძლიერებს ორგანიზმის მდგრადობას ავადმყოფობისადმი და ამშვიდებს ნერვულ სისტემას.

მუხლებისა და სახსრების ტკივილის დროს - თაფლს შეურიეთ ქრიზანთემას ყვავილის ფურცლები, გააჩერეთ ერთი ღამე და წაისვით მტკივნეულ ადგილებზე.

ჰიპერტონიის დროს - ქრიზანთემას ფურცლები ჩაყარეთ მზესუმზირის ზეთში რამდენიმე დღე და შემდეგ წაისვით მაჯაზე, დაიფარეთ კომპრესის ქაღალდი და შეიხვიეთ ბინტით.

ქრიზანთემასა და ცაცხვის ყვავილის ჩაი (ნახევარ-ნახევარ ჩ/კ ყვავილებს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და დააყენეთ როგორც ჩაი) ორგანიზმს წმენდს წიდებისაგან, აქვს შარდმდენი და ოფლმდენი თვისება.