"ტუბერკულოზი კეთრივით იქცა - გამხელას ყველა უფრთხის" - კვირის პალიტრა

"ტუბერკულოზი კეთრივით იქცა - გამხელას ყველა უფრთხის"

"ხალხს, რომელიც იზოლირებული უნდა იყოს, საავადმყოფოებიდან თავისუფლად უშვებენ"

"ტუბერკულოზით დაავადებულები აღსასრულს ელოდებიან"

"აბასთუმანში  წამლებით შოკირებული გოგონა ფანჯრიდან ხტებოდა"

"ტუბერკულოზი განკურნებადია!" - ფრაზა, რომელიც ასე ხშირად გვესმის, გვაიმედებდა, რომ სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებათა ფონზე ტუბერკულოზი კატასტროფა არ არის. თუმცა ყველაფერი თავდაყირა დადგა, როცა აბასთუმნიდან ჭლექის უმძიმესი ფორმით დაავადებული ადამიანის წერილი მივიღეთ:

"თქვენი გაზეთის იმედიღა დამრჩა, ვისაც მივწერე, ყველა გაურბის ამ თემაზე საუბარსაც კი. არადა, ქვეყანაში ეპიდემია მძვინვარებს და ჩემდა გასაოცრად, ყველა დუმს, პრობლემა ხელოვნურად იჩქმალება. კატასტროფულად ვრცელდება ტუბერკულოზის ფორმა, რომელიც ჩვენში არ იკურნება. ტუბერკულოზის ამ ფორმით დაავადებული ერთი ავადმყოფი წელიწადში თხუთმეტამდე ადამიანს აავადებს. აბასთუმანი, რომელიც ტუბერკულოზის სამკურნალოდ საუკეთესო ადგილად ითვლებოდა, დღეს ამ დაავადების გავრცელების კერადაა ქცეული. მავანთა გამო არასრულფასოვანი მკურნალობითა და გულგრილი დამოკიდებულებით უამრავი ადამიანი იღუპება. გთხოვთ დაინტერესდეთ ამ საკითხით. გარწმუნებთ, ოსტატურად მიჩქმალულ უამრავ შემზარავ ფაქტს წააწყდებით.

ლევან გაფრინდაშვილი"

დამეთანხმებით, რომ ამ წერილის წაკითხვაც საკმარისია იმისთვის, რომ შიშმა აგიტანოს. მაგრამ რამდენად რეალური იყო ეს შიში, ამის გასაგებად ავტობუსში ჩავჯექი და თბილისში, ხუდადოვის მთაზე, ტუბერკულოზის სამკურნალო ცენტრისკენ გავწიე. პირდაპირ ვიტყვი, რაც იქ ვნახე, კარგა ხნით არ მომასვენებს. რკინისგალავნიანი საავადმყოფოს კართან ციხიდან შემოყვანილი ტუბერკულოზიანი პატიმრების შეიარაღებული დაცვა იდგა, ყოველ წუთში კი დაავადებულები შემოჰყავდათ. იქვე ავტომანქანების უშველებელი კოლონა ჩამწკრივებულიყო - მძღოლები მოთმინებით ელოდნენ თავისსავე მოყვანილ ავადმყოფებს: - ზოგს საავადმყოფოში იზოლირებულად ყოფნა ფსიქოლოგიურად უჭირს, ვერც ექიმი ატანს ძალას, დაუნიშნავს წამლებს და უკანვე მიგვყავს(!). -უამრავი კლიენტი გვყავს, იციან "ხუდადოვის ხაზზე" რომ ვმუშაობთ, გვირეკავენ, მივდივართ და მოგვყავსო, - გულახდილი ლაპარაკი გამიბეს საპროცედურო რიგში მდგომი ავადმყოფების ლოდინით დაღლილმა მძღოლებმა და დასძინეს, - სამწუხაროდ, ბევრი ამ შენობიდან ცოცხალი ვეღარც გამოდისო. კი მაგრამ, ტუბერკულოზი ხომ განკურნებადია-მეთქი? ეგ ყველას არ ეხება, ქალბატონო, კაცს რომ ფილტვები დაცხრილული აქვს, რა გაუმრთელებს? ზოგჯერ ბავშვებიც იღუპებიან. ამჟამად აქ 27 ბავშვი წევსო და ძველი შენობისკენ მიმითითეს, სადაც ალბათ ბავშვების გასართობად ოდესღაც სათამაშო მოედანი იყო მოწყობილი. ახლა კი მხოლოდ საქანელებჩამოგლეჯილი ძელიღა შემორჩა. გულახდილად ვიტყვი, - შენობას გარშემო შემოვუარე, თუმცა ეზოში შესვლა ვერც გავბედე, ზოგჯერ ძალაც აღარ გყოფნის, ნახო ის, რაც ძალიან გატკენს გულს...

ყოველივე ამის შემდეგ ბატონ ლევანს ისევ დავუკავშირდი:

- მართალი გამოდექით, ტუბერკულოზის სამკურნალო ცენტრში ხალხი მართლაც უწყვეტ ნაკადად მიედინება. მათ შორის ბავშვებიც. ბავშვები აბასთუმანშიც მკურნალობენ?

- დიახ, მაგრამ, საბედნიეროდ, ცოტა. არიან 18 წლამდე მოზარდები, მათ შორის გოგონებიც. ზოგს ბინაც აქვს დაქირავებული. თუმცა, როგორც მოგწერეთ, აბასთუმანი, რომელიც ტუბერკულოზის საუკეთესო სამკურნალო ადგილად ითვლებოდა, ამ დაავადების გავრცელების კერად არის ქცეული - აქ ხალხი არასრულფასოვანი მკურნალობით კვდება. პირდაპირ ვამბობ: ტუბერკულოზის მკურნალობის უფასო პროგრამაში არ გამოიყენება ის მედიკამენტები, რომლებსაც რეალურად შეუძლია უდიდესი ნაწილის განკურნება. ეს მედიკამენტები იმდენად სუსტი ან უვარგისია, რომ დაავადებულთა მხოლოდ 30 პროცენტი იკურნება. დანარჩენი ან კვდება, ან ისეთ ფაზაში გადადის, როცა მედიკამენტების მიღებას აზრი აღარ აქვს, ზის და აღსასრულს ელოდება. ასეთები აბასთუმანშიც არიან. მათ მხოლოდ უცხოეთში წასვლა თუ უშველით, სადაც ტუბერკულოზს მაღალხარისხიანი მედიკამენტებით მკურნალობენ. ამის შესახებ მწერენ ნაცნობები, რომლებიც ჩვენთან სასიკვდილოდ გადადებულად ითვლებოდნენ და როგორღაც გააღწიეს უცხოეთში. მეც ამავეს ვცდილობ, თუმცა ამას პატრონი სჭირდება, რომელიც ყველას არ ჰყავს, მათ შორის, მეც...

ტუბერკულოზი არავის ინდობს. იგი ტრანსპორტშიც შეიძლება გადაგედოთ და სამსახურშიც. მაგალითად, შეიძლება "მარშრუტკაში" ვინმე ახველებდეს, ჭლექით იყოს დაავადებული და ნახევარი "მარშრუტკა" დაასნებოვნოს. ამას ხომ აღარავინ აკონტროლებს, - ხალხს, რომელიც იზოლირებული უნდა იყოს, საავადმყოფოებიდან თავისუფლად უშვებენ. გარდა ამისა, ავადმყოფთა მიმართ დამოკიდებულებაც უსულგულოა - ტუბერკულოზიანებს, როგორც წესი, დღეში აძლევენ 30-მდე სახის აბს, რომელსაც ვერც ორგანიზმი უძლებს და ვერც ადამიანის ფსიქიკა. ამიტომ ზოგი ამ წამლებს ყრის. ზოგი თუ სვამს, იმ კონდიციამდე მიდის, რომ თვითმკვლელობას არჩევს. აბასთუმანში თავად გადავარჩინე ამ წამლებით შოკირებული გოგონა - ფანჯრიდან ხტებოდა. თუმცა, მაინც მალე გარდაიცვალა. სამაგიეროდ, აბასთუმანში მისი ჭლექით დაავადებული და ჩამოვიდა...

- ანუ გადაედო?

- რაღა თქმა უნდა, გადაედო. ტუბერკულოზის გარკვეული ფორმებით დაავადებული ავადმყოფები აუცილებლად იზოლირებულნი უნდა იყვნენ, სხვანაირად ერთი თხუთმეტს აავადებს. ამის შედეგი კი ის არის, რომ ჩვენში უკვე ასეულობით ტუბერკულოზიანია. მხოლოდ აბასთუმანში ერთმანეთისგან გადადებული დაავადებით ოჯახები წვანან. ეს დაავადება კეთრივით იქცა - გამხელას ყველა უფრთხის. ბევრმა ოჯახმაც კი არ იცის, რომ მათი ახლობელი ჭლექით არის დაავადებული. ამას დაგიდასტურებთ ნებისმიერი პატიოსანი ექიმი, რომელიც ამ სფეროში მუშაობს, თუკი ასეთს ნახავთ, რასაკვირველია.

...საბედნიეროდ, ასეთი ფთიზიატრის პოვნა მოხერხდა, - ქალბატონმა ნანა ხეცურიანმა გვითხრა, - საქართველოში ტუბერკულოზის გადადების შემთხვევები ხშირია და ეს დიდი პრობლემაა. აბასთუმანშიც გვყავს ასეთი ხალხი. ყველაზე მეტი შემთხვევა ციხეში ხდება, სადაც ადამიანების დასაავადებლად კატასტროფული პირობებია შექმნილი, ავადდებიან მძიმე სოციალური პირობების გამო, ანდა "უბრალოდ" გადადებით. უბედურება ისიც არის, რომ სანამ ხალხს დაავადება საბოლოოდ არ მოერევა, ექიმთან არ მიდის. არადა, ტუბერკულოზის შემჩნევა არც ისე ძნელია, - თუ სხეულის მაღალი ტემპერატურა უმიზეზოდ რამდენიმე კვირა გრძელდება, ესეც საკმარისია, რომ ადამიანმა ექიმს მიმართოს, თორემ მძიმე ფორმის ტუბერკულოზს უკვე აღარაფერი შველის. მათთვის წამლის მიცემას აზრი აღარ აქვს. მხოლოდ მიმდინარე პროცესების შემსუბუქება შეიძლება სათანადო პროცედურებით...

P.S. ისღა დაგვრჩენია, ყველას ვურჩიოთ, გაფრთხილდნენ და ექიმს დროულად მიმართონ. ტუბერკულოზით დაავადებულებს კი ვთხოვოთ, იყვნენ ჰუმანურები და სხვების დაავადებას ხელს ნუ შეუწყობენ, - სხვების ტანჯვა შვებას ვერ მოგიტანთ.