რას გვიმალავს ბავშვის ნახატი? - კვირის პალიტრა

რას გვიმალავს ბავშვის ნახატი?

ზის პატარა და თავისთვის რაღაცას ხატავს, დედას მეტი არაფერი უნდა, მას ხომ ბავშვი არ აწუხებს. თუმცა მან არ იცის, რომ ეს არის თავისებური "ოქროს გასაღები", რომელიც გვაძლევს საშუალებას, გავხსნათ ჩვენი შვილების შინაგანი სამყროს კარი.

ხატვის დროს პატარა არა მარტო ეუფლება სახვითი ხელოვნების ტექნიკურ უნარ-ჩვევებს, არამედ შეიცნობს თავის თავს და გარემოს. ხშირად ბავშვი ისე ერთვება ხატვის პროცესში, როგორც თამაშში და იწყებს კომენტირებას - თუ რა დახატა. ხატვისას ის ბევრ განცდას ავლენს, ხშირად თავს წარმოიდგენს მთავარ გმირად, უძლიერეს და ყველაფრის შემძლედ. ამიტომაც არ ღირს ხატვის დამთავრებისთანავე გავაკრიტიკოთ მისი ნახატი, ის ამ დროს ე.წ. "ნაჯღაბნს" კი არ გაჩვენებთ, არამედ "რობოტების ბრძოლის ველს". ბიჭებს განსაკუთრებით უყვართ გმირების დახატვა მოქმედებაში. გოგონების ნახატები ბევრად აკურატულად (და სწორხაზოვნად) - არის შესრულებული.

როგორც წესი, 2-3 წლის ასაკში პატარამ კარგად იცის, რომ ცა ლურჯია, მზე - ყვითელი. თუ ნახატზე ყველაფერი პირიქითაა, ჰკითხეთ, რატომ დახატა ასე, ამასთან ისე, რომ არ შელახოთ მისი თავმოყვარეობა, მიეცით საშუალება, ქაღალდზე თავისუფლად გადაიტანოს თავისი ემოციები და სურვილი იმ სახით, როგორც მას სურს.

ყურადღებით დააკვირდით ბავშვის ნახატს, ის ბევრ საიდუმლოს გაგიმხელთ.

მაგალითად, მოგიყვებათ ავტორის გუნება-განწყობილებაზე. თუ ბავშვი ჯანმრთელია, ლაღი, მხიარული, მის ნახატებში სჭარბობს ნათელი, თუ პირიქითაა - მუქი ფერები. მაგრამ თუ ბავშვის ნახატებში კაშკაშა ფერებია გამოყენებული (თვალებს გვტკენს), მიანიშნებს იმაზე, რომ პატარა ძალიან გაღიზიანებულია, ან პირიქით - უღიმღამო, უინტერესო ცხოვრება აქვს და ცდილობს, ფერებით შეივსოს და გადალახოს პრობლემები. შესაძლოა, ნახატის სიუჟეტი კარნახობს ბავშვს ფერების შერჩევას, მაგალითად, ბიჭები, რომლებიც ომს ხატავენ - იყენებენ მუქ ფერებს (ტანკი, იარაღი), ე.ი. პატარა მხატვარი ცდილობს რეალისტურად ასახოს ნანახი და განცდილი. დააკვირდით იმ სიუჟეტებს, რომლებსაც ხატავს ბავშვი. თუ მისი ნახატების თემატიკა ძირითადად გამოხატავს უფრო მეტად შიშს, მუქარას, დაფიქრდით, რასთან უნდა იყოს ეს დაკავშირებული, იმასთან ხომ არა, რომ ბავშვს მუდმივად ესმის: "ეს არ აიღო, გაგიტყდება!" "იქით არ წახვიდე, თორემ დაიკარგები", ან ხშირად უყურებს "საშინელებათა" ფილმებს, მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა... ასე რომ, ბავშვის ნახატებს შეუძლიათ, უკეთ გაგაცნოთ შვილი, მისი პრობლემები და დაგაფიქროთ, თქვენ ხომ არ მიგიძღვით ბრალი ამ პრობლემების შექმნაში.