მენინგოკოქცემია მენინგიტზე საშიშია! - კვირის პალიტრა

მენინგოკოქცემია მენინგიტზე საშიშია!

"მენინგოკოქცემიის შემთხვევაში, რისკის ჯგუფს წარმოადგენენ 2-3 წლამდე ასაკის ბავშვები"

უკანასკნელი 9 თვის განმავლობაში, საქართველოში მენინგიტებით ავადობის 107 შემთხვევა აღირიცხა. აქედან 27 პაციენტს ექიმებმა განსაკუთრებით საშიში დაავადების - მენინგოკოქცემიის დიაგნოზი დაუსვეს და მათგან ათის გადარჩენა ვერ შეძლეს. გასული წლების დაავადებათა სტატისტიკის მოშველიებით ექიმები გვარწმუნებენ, რომ ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს. თუმცა ის კი აფიქრებთ, რომ ზედიზედ მენინგოკოქცემიის ორი შემთხვევა აღინუსხა, თანაც ამ დაავადებისთვის უჩვეულო დროს.

ანა ლაღიძე (მედიცინის დოქტორი, ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის რეანიმაციის განყოფილების გამგე): - განყოფილებაში კიდევ ერთი ჩვილი მოიყვანეს მენინგოკოქცემიის ელვისებური ფორმით და სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ შევძელით. საგულისხმოა, რომ პაციენტი კლინიკაში საღამოს 10 საათზე შემოვიდა, მშობლების თქმით კი დაავადების პირველი ნიშნები: ცხელება, პირღებინება დღის პირველ საათზე დაეწყო. ექიმებმა ბავშვის სხეულზე ერთეული სისხლჩაქცევები შენიშნეს და მაშინვე ჩვენთან წამოიყვანეს. სანამ პაციენტი ჩვენთან შემოვიდოდა, გამონაყარი მოემატა. ბავშვი 5 თვისა იყო და საგულისხმოა, რომ ჩვილებში ეს დაავადება განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს. სოციალურ ფაქტორსაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

- სოციალური ფაქტორი ასე მნიშვნელოვანია?

- თუ ქალი ორსულობის პერიოდში და ბავშვის ძუძუთი კვების დროს სრულფასოვნად არ იკვებება, ეს ყველაფერი ბავშვის იმუნიტეტზე მოქმედებს და იმუნოდეპრესიის მიზეზი ხდება. მენინგოკოქცემიას სეზონურობა ახასიათებს და როგორც წესი, დაავადების შემთხვევები გაზაფხულზე, მარტში ან აპრილში ვლინდება. იშვიათად, რომ შემოდგომაზე დაავადდეს ვინმე, მაგრამ ახლა უკვე მენინგოკოქცემიის ორი შემთხვევა გვაქვს. დაავადება შესაძლოა მიმდინარეობდეს ნაზოფარინგიტით, როგორც მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექცია. შეიძლება ადამიანმა ის გადაიტანოს როგორც გრიპი და მენინგოკოქცემიის დიაგნოზს ამ დროს ვერავინ დასვამს. მაგრამ ისიც შესაძლებელია, ამის შემდეგ მიკრობმა გენერალიზაცია განიცადოს, განვითარდეს მენინგოკოკური მენინგიტი, მენინგოკოქცემია, მენინგოკოკური სეფსისი. მოსახლეობის ერთი ნაწილი ამ დაავადების მატარებელია, მაგრამ თვითონ არ ავადდება, თუმცა მისგან ხდება გადადება სხვა ადამიანზე. როცა ბავშვს აღენიშნება შემცივნება, ცხელება, ფერის შეცვლა, ზოგადი ინტოქსიკაციის მოვლენები, პირღებინება, ვარსკვლავისებური გამონაყარი კიდურებზე, სხეულზე, სახეზე (რაც განსაკუთრებით საშიშია), თვალის გარდამავალ ნაოჭზე, დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს.

- ამ 5 თვის პაციენტის მშობლებმა ხომ დროულად მიმართეს ექიმს?

- ბავშვი ექიმებმა დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენიდან 8 საათის შემდეგ ნახეს, არადა ელვისებური ფორმისას, პაციენტის სტაციონარში გადაყვანა დაავადების გამოვლენიდან პირველ ორ საათში უნდა მოხდეს. მენინგოკოქცემიის ელვისებური ფორმის დროს, პაციენტის ჯანმრთელობა 24-48 საათში სიცოცხლისთვის შეუსაბამო ხდება. ეს ბავშვი ჩვენთან უკვე ინფექციურ-ტოქსიკური შოკით შემოვიდა. მეორე პაციენტიც ბავშვია, 2 წლის. ისიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო, მაგრამ მისი იმუნიტეტი უფრო მეტად არის ჩამოყალიბებული და შეძლო მძიმე ვითარებიდან გამოსვლა.

- იქნებ განგვიმარტოთ, რით განვასხვავოთ მენინგოკოქცემია და ბაქტერიული მენინგიტი და რომელი უფრო საშიშია სიცოცხლისათვის?

- არსებობს ვირუსული და ბაქტერიული მენინგიტები. ბაქტერიული ანუ მენინგოკოკური მენინგიტი შეიძლება სხვადასხვა ეტიოლოგიის ბაქტერიით იყოს გამოწვეული, მაგალითად, სტაფილოკოკებით, პნევმოკოკებით, ლისტერიითა და სხვა მიკრობებით. მენინგოკოკური მენინგიტი გადადების თვალსაზრისით უფრო საშიშია, რადგან ჰაერწვეთოვანი გზით გადადის. ელვისებური, სწრაფი მიმდინარეობა მენინგოკოკურ მენინგიტსაც ახასიათებს და არ შეიძლება იმის თქმა, რომ ის ნაკლებად ან მეტად საშიშია. თუმცა დიაგნოზი თუ დროულად დაისვა, აქტიური ანტიბიოტიკი სწრაფად მოქმედებს, ვიდრე სხვა ბაქტერიული მენინგიტის შემთხვევაში. მენინგოკოქცემიისას მიკრობი სისხლში გადადის და თავის ტვინის ანთებასთან ერთად, სეფსისიც ვითარდება. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში პროგნოზი ნაკლებსაიმედოა.

- მოკლე დროში მენინგოკოქცემიის ორი შემთხვევა აღირიცხა. ეს დაავადების ზრდის ტენდენციაზე ხომ არ მეტყველებს?

- მენინგოკოკური ინფექციისთვის ეს სეზონი დამახასიათებელი არ არის. როგორც გითხარით, დაავადება უფრო მეტად გაზაფხულზე გვხვდება. თუმცა ერთეული შემთხვევა ყოფილა ზაფხულშიც, შემოდგომაზეც, ზამთარშიც. ახლა ის გვაფიქრებს, რომ ორი შემთხვევაა ერთდროულად. ალბათ ჯანმრთელი მატარებლების რიცხვის მატებამ გამოიწვია დაავადების შემთხვევათა ზრდა.

ექიმები აუცილებლად გამოიკვლევენ ყველას, ვინც მენინგოკოქცემიით დაავადებულ ამ ბავშვებთან იყო კონტაქტში. დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში დავაკვირდებით, ხომ არ მოიმატებს მენინგოკოქცემიით დაავადების შემთხვევები. დღეს არსებული მონაცემებით, ეპიდემიის საშიშროება არ არსებობს.

მენინგოკოქცემიის შემთხვევაში, რისკის ჯგუფს წარმოადგენენ 2-3 წლამდე ასაკის ბავშვები. მათთან უფრო მძიმედ მიმდინარეობს ეს დაავადება, რადგან ამ ასაკში იმუნიტეტი ჯერ ჩამოყალიბებული არ არის. ახლა მოსახლეობა შეშინებულია მენინგიტებით დაავადების შემთხვევათა მატების გამო. ზოგადად, მენინგიტების შემთხვევები ყოველთვის იყო და შესაძლოა, ახლანდელზე მეტიც. ტემპერატურის ვარდნასთან ერთად კი ვირუსული მენინგიტების და ენცეფალიტების შემთხვევები მოიმატებს.

- ცნობილია, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მენინგიტის გავრცელების ალბათობა 300-ჯერ იზრდება. თუ უნდა ტარდებოდეს პრევენციული, პროფილაქტიკური, თუნდაც სადეზინფექციო ღონისძიებები, რომ ამ დაავადების გავრცელების ალბათობა შევამციროთ, ან საერთოდ ავიცილოთ თავიდან?

- ეს არის რესპირაციული დაავადება, რომელიც ჰაერწვეთოვანი გზით გადადის. შესაბამისად, რაც უფრო ჩაკეტილია სივრცე, მით მეტია მიკრობების რაოდენობა. რაც შეეხება ვაქცინაციას, მენინგოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა არსებობს და შეიცავს A, C, V და ჭ სეროტიპებს. B სეროტიპი, რომელიც გვხვდება საქართველოში, ამ ვაქცინაში არ იყო, თუმცა ამ ბოლო დროს მოვისმინე ინფორმაცია, რომ თითქოს B სეროტიპის ვაქცინაც შექმნეს. თუ დაავადება საქართველოში ეპიდემიის ხასიათს მიიღებს, მენინგოკოქცემიის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩვენთანაც ჩატარდება. ხშირად ბავშვს სურდო აქვს, სიცხე, ხველა, ცემინება და მშობელს მაინც მიჰყავს სკოლაში. ჯერ ერთი, ამ დროს ბავშვის იმუნიტეტი დაქვეითებულია და იოლად შეიძლება დასნებოვნდეს სხვა დაავადებით. მეორეც, სხვას გადასდებს ამ ინფექციას. სკოლამდელი ასაკის ბავშვს ვირუსული ინფექცია წელიწადში 5-6-ჯერ ხვდება და ეს ნორმაა, ჩვენთანაც და ევროპაშიც, სკოლის ასაკისას კი 2-3-ჯერ. ხომ შეიძლება, სანამ გამოჯანმრთელდება, ბავშვი შინ გვყავდეს. ზოგადი სანიტარიული ღონისძიებები კი ყველა სკოლამ და სკოლამდელმა დაწესებულებამ რეგულარულად უნდა ჩაატაროს.