სტრესები მნიშვნელოვნად ასუსტებს იმუნიტეტს - კვირის პალიტრა

სტრესები მნიშვნელოვნად ასუსტებს იმუნიტეტს

ცნობილია, რომ თირკმლები სისხლის მავნე ნივთიერებისგან გამწმენდი ორგანოა. თირკმლები დღე-ღამეში ამუშავებენ 200 ლ-ზე მეტ სისხლს, წმენდენ მას ტოქსინებისგან, მიკრობებისგან, ვირუსებისა და წიდებისგან. ამიტომ საჭიროა დავეხმაროთ ამ ბუნებრივ ფილტრს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

თირკმლებს უყვარს შარდმდენი თვისების პროდუქტები: საზამთრო, ნესვი, კიტრი, მოცხარი... თირკმლებისთვის მეტად მნიშვნელოვანია A ვიტამინი. მისი უკმარისობის დროს იზრდება ქვების წარმოქმნის რისკი. ეს ვიტამინი ბევრია მწვანილში, წითელი ფერის ხილსა და ბოსტნეულში, ზღვის თევზსა და ზღვის პროდუქტებში.

თირკმლებს არ უყვართ: შებოლილი, მწარე და ცხარე საკვები და ხორცი, განსაკუთრებით თუ ბევრს ჭამთ, ასევე მარილი, შაქარი და ალკოჰოლი. თუ თირკმლები ისე იტვირთებიან, რომ ვერ ასრულებენ მოვალეობას, იწყება ანთებითი პროცესი და გროვდება ქვები.

თირკმლების შრომისუნარიანობა და ჯანმრთელობა დამოკიდებულია სითხის მიღებაზე. სასურველია, დღეში დალიოთ 1,5 ლ წყალი მაინც. სითხე ეხმარება თირკმლების ფილტრს, დროულად გამოდევნოს ორგანიზმიდან ტოქსინები, ბაქტერიები და მარილები. სასურველია, სვათ ჩვეულებრივი სუფთა წყალი, ვიდრე მინერალური, რადგან მასში შემავალ მარილებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ ქვების წარმოქმნას.

დღეში 4-6-ჯერ მაინც უნდა გათავისუფლდეს შარდის ბუშტი შარდისგან, რადგან დაგვიანების შემთხვევაში შარდსადინარი სფინქტერი დუნდება, სუსტდება, დაგროვილი სითხე გადადის უკან, თირკმლებში და ხელს უწყობს ანთებით პროცესს.

თირკმლები შეიძლება დააზიანოს ორგანიზმში დაგროვილმა ბაქტერიებმა, ქრონიკულმა ინფექციებმა (კარიესმა, რესპირატორულმა დაავადებებმა, კანის ანთებამ, დიაბეტმა...). გარდა ამისა, შეეცადეთ, თბილად და სეზონისა და ამინდის მიხედვით ჩაიცვათ, თირკმლებს არ უყვარს სინესტე, სიცივე, ქარიანი დღეები, არ დაჯდეთ ცივ საგნებზე.

გახსოვდეთ! გადაცივებამ მოულოდნელად შეიძლება გამოიწვიოს თირკმლებში ანთებითი პროცესი.

სტრესები, გადაღლილობა მნიშვნელოვნად ასუსტებს იმუნიტეტს, რის შედეგადაც ორგანიზმში მოხვედრილი ნებისმიერი ინფექცია სისხლის მეშვეობით აღწევს თირკმლებში.

ეს რომ არ მოხდეს, საჭიროა გავიძლიეროთ იმუნიტეტი, მისდიეთ სპორტს, ირბინეთ, იცურეთ, იცეკვეთ (განსაკუთრებით სასარგებლოა ლათინურამერიკული ცეკვები, სადაც ძირითადი ელემენტია თეძოების რხევა).

არ მოსწიოთ სიგარეტი, რადგან მისი ბოლი აზიანებს არა მარტო თირკმლებს, არამედ მთელ ორგანიზმს. ასევე მავნებელია თირკმლებისთვის ალკოჰოლი (ღვინო, არაყი, ლუდი).