გაუფრთხილდით გულს! - კვირის პალიტრა

გაუფრთხილდით გულს!

როდესაც საქართველოში ჩატარებული კარდიოქირურგიული ოპერაციებით დავინტერესდი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორ, კარდიოქირურგ ზაზა კაციტაძეს გავესაუბრე. ზოგ შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა ერთადერთი ალტერნატივაა, რომლის საშუალებითაც მრავალი ადამიანი გადარჩენილა. თუ რა სახის ოპერაციები ტარდება და განვითარების რა ეტაპზეა კარდიოქირურგიის დარგი, ამ და სხვა საკითხებზე თავად ბატონი ზაზა გვესაუბრება:

- იმ მანიპულაციების გარდა, როგორებიცაა სტენტირება, ბალონირება და შუნტირება, ხშირად კეთდება მიტრალური სარქვლის პლასტიკა, გვხვდება სარქვლის სტენოზებიც. რიგ შემთხვევებში, ოპერირება შეუძლებელი იქნებოდა, რადგან სარქვლოვანი პათოლოგიები საკმაოდ მაღალი რისკის ოპერაციაა. სარქვლოვანი დაზიანებები უფრო ხშირად დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ პაციენტებთან გვხვდება, რადგანაც რევმატიზმით დაავადების მაღალი რისკის რეგიონებია, პაციენტი დროულად არ მიმართავს ექიმს და აქედან გამომდინარე, არ ხდება  დროული მკურნალობა.

- ახალგაზრდა პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობაზე რამდენად ახდენს გავლენას ბუნებრივი, მექანიკური სარქვლით  ჩანაცვლება?

- მექანიკური სარქველი იმდენ ხანს მუშაობს, რამდენ ხანსაც პაციენტი ცოცხლობს. დროში შეზღუდვა აქვს ბიოლოგიურ სარქველს, რადგან უცხო, ბიოლოგიური მასალაა ორგანიზმისთვის. ამდენად, გამოიყენება 65 წლის ასაკს ზემოთ. ახალგაზრდა ასაკში აღნიშნული სარქველი სწრაფად კალციფიცირდება და 5-7 წლის შემდეგ პაციენტი ისევ საოპერაციო ხდება.

- ხშირად ხდება, როცა ოპერაციის რისკი იმაზე დიდია, ვიდრე  ქირურგიულ ჩარევაზე თავის შეკავება?

- როგორც ყველა სამედიცინო ჩარევას, ასევე კარდიოქირურგიულ ოპერაციასაც აქვს თავისი რისკი. უარის თქმა ორ შემთხვევაში ხდება: როცა კორონარული არტერიების ან სარქვლების დაზიანების ხარისხი არ არის მნიშვნელოვანი, პაციენტს ენიშნება მედიკამენტოზური მკურნალობა და იმყოფება კარდიოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ და როცა პაციენტი დაგვიანებით მოგვმართავს. მაგალითად, მიტრალური ან აორტალური სარქვლის უკმარისობის შორსწასულ შემთხვევაში. ასეთ დროს გული დიდდება, დილატირდება, თხელდება ანუ ვეღარაფერს შეცვლი. ოპერაციის შემდეგ სარქვლის უკმარისობა კი მოიხსნება, მაგრამ გულის არსებული მდგომარეობის გამო ის პრობლემები, რაც პაციენტს აწუხებს, ოპერაციის შემდეგაც დარჩება.

ოპერაციით ხდება დაავადებით ან პათოლოგიით გამოწვეული შედეგის აღმოფხვრა, მაგრამ პროცესი (მაღალი ქოლესტერინი, არტერიული ჰიპერტენზია, თამბაქოს მოხმარება, შაქრიანი დიაბეტი) ოპერაციული ჩარევის შემდეგაც მიმდინარეობს. ასეთ შემთხვევაში ინიშნება მედიკამენტოზური მკურნალობა.

- ამ ათიოდე წლის წინ საქართველოში იყო მცდელობები შუნტირების გენური თერაპიით ჩანაცვლებისა, რამდენად განვითარდა მას შემდეგ და თუ დაინერგა ასეთი ტექნოლოგიები საქართველოში?

- ჩვენთან ასეთი ჩარევები ტარდება რამდენიმე ეტაპად: პირველ ეტაპზე ოპერაციულად შეგვყავს ინიექცია, მეორე ეტაპზე უშუალოდ კორონარში შეგვყავს ღეროვანი უჯრედები. ეს უჯრედები პაციენტისავე ძვლის ტვინიდან არის აღებული.

- თუ  გულის გადანერგვის აუცილებლობა დგება, რამდენად რეალურია ამ ოპერაციების საქართველოში განხორციელება?

- ორგანოების გადანერგვის ორი სახეობა არსებობს, ცოცხალი და გვამური. საქართველოში ცოცხალი დონაცია დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც დონორი პაციენტის ოჯახის წევრია. გულის გადანერგვის ოპერაციების დასანერგად საქართველოში, 2010 წელს ციურიხის საუნივერსიტეტო კლინიკის დახმარებით მოხდა ქართველ მედიკოსთა ჯგუფის მომზადება.  ტექნიკურად ეს ოპერაცია არ არის რთული, სულ 3-4 საათს გრძელდება, რთული მისი შემდგომი მართვაა. ჩვენში გვამური დონაცია სირთულეს წარმოადგენს. როდესაც გარდაცვლილის ოჯახის წევრი იმის საშუალებას არ გაძლევს, რომ გარდაცვალების შემდეგ გაიკვეთოს ორგანიზმი, რათა დადგინდეს გარდაცვალების მიზეზი. ტრანსპლანტანტად გამოსადეგი ახალგაზრდა, ჯანმრთელი გულია. წარმოიდგინეთ, როდესაც 22-23 წლის ახალგაზრდაა გარდაცვლილი, ტვინი უკვე მკვდარია და გული ჯერ კიდევ ცოცხალი, ცხადია, ოჯახის წევრი ვერ განაცხადებს თანხმობას დონაციაზე.

დასასრულ, თქვენს მკითხველს მინდა ვურჩიო, დროულად ჩაიტარეთ  პროფილაქტიკური დიაგნოსტიკური გამოკვლევები, რაც ხელს შეუწყობს გულ-სისხლძარღვთა დაავადების პრევენციას, ეს განსაკუთრებით ისეთ რისკ-ჯგუფის პაციენტებს ეხებათ, როგორებიც არიან შაქრიანი დიაბეტითა და ჰიპერტონიით დაავადებულები.

სხვისი გული

1964 წელს, პირველად დედამიწაზე ცხოველის გული ადამიანს ჯეიმს ჰარდიმ გადაუნერგა, მაგრამ პაციენტმა ოპერაციის შემდეგ სულ ორ საათს იცოცხლა... 55 წლის ლუის ვაშკანსკისთვის ავტოკატასტროფაში დაღუპული ადამიანის გულის გადანერგვის პირველი ოპერაცია კი 1967 წელს განახორციელა სამხრეთაფრიკელმა კარდიოტრანსპლანტოლოგმა ქრისტიან ბარნარდმა. წარმატებული ოპერაციის მიუხედავად, პაციენტი ორი კვირის შემდეგ გარდაიცვალა.  დღეს, პაციენტები, რომელთაც გული აქვთ გადანერგილი, 10 წელზე მეტხანს ცოცხლობენ. რეკორდი პაციენტმა ტონი ჰიუზმანმა დაამყარა - 30 წელი იცოცხლა სხვისი გულით და კანის კიბოთი დაიღუპა.

ნინო ჩიხლაძე