ხალხური მედიცინა გვთავაზობს - კვირის პალიტრა

ხალხური მედიცინა გვთავაზობს

ფეხის სოკოს დროს ნახევარლიტრიან მინის ქილაში ჩადეთ 2 ცალი უმი ქათმის კვერცხი, ოღონდ არა ინკუბატორისა, დაასხით იმდენი 70%-იანი ძმარმჟავა, რომ დაიფაროს, დადგით სიბნელეში 10 დღე. როგორც კი ნაჭუჭი გადნება, კვერცხები ამოიღეთ ქილიდან ხელით, ჩადეთ ჯამში, დაამატეთ 200 გ დარბილებული კარაქი, ჩანგლით შეურიეთ ერთმანეთს, მიიღებთ ერთგვაროვან არაჟანისებრ მალამოს, დაამატეთ 3-4 ს/კ ქილაში დარჩენილი ძმარმჟავა (ეს მჟავა შეგიძლიათ საჭიროებისამებრ რამდენჯერმე გამოიყენოთ).

თუ ფეხები სოკოთი ძალიან დაზიანებულია, ერთი თვის განმავლობაში, ყოველდღე, ძილის წინ დაიბანეთ, კარგად გაიმშრალეთ და წაისვით მალამო დაზიანებულ ადგილებზე. ის ძალიან სწრაფად შრება, ჩაიცვით წინდები და დაიძინეთ. შეიგრძნობთ სასიამოვნო სითბოს. მალამო შეინახეთ მაცივარში.

თუ ყოველდღე დაიცავთ ამ წესს, გაქრება სოკო, ქავილი, თითებს შუა გამოყელილი კანი გახდება გლუვი და სუფთა, შველის დახეთქილ, გაუხეშებულ ქუსლებს.

ქრონიკული კოლიტის დროს, თუ მისთვის დამახასიათებელია მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, ყაბზობა: 1) 1 ს/კ ძახველის ნაყოფს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 40 წუთი, გაწურეთ და მიიღეთ 1/4 ჭ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

2. 1 ჩ/ჭ კეფირს დაამატეთ 1 ს/კ მცენარეული ზეთი და ძილის წინ დალიეთ აუჩქარებლად, პატარა ყლუპობით.

3. 1 ს/კ გვირილის ყვავილს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააგრილეთ, დაამატეთ 1 ჩ/კ თაფლი და ძილის წინ გაიკეთეთ ოყნა. კურსი ერთი კვირაა. საჭიროების შემთხვევაში ერთი კვირის მერე გაიმეორეთ.

გულძმარვის დროს რეკომენდებულია ჭამამდე 10-15 წუთით ადრე დალიოთ 1 ჭიქა წყალი (ან უგაზო მინერალური წყალი), დღეში ერთხელ მაინც ჭამეთ წვნიანი აუჩქარებლად, კარგად დაღეჭეთ. არარეკომენდებულია ახალი პურ-ფუნთუშეული, ყავა, შემწვარი, ტომატი, შებოლილი, მწნილები, მწარე, ცხარე, ცხიმიანი საკვები...

1. დილა-საღამოს, სამი კვირის განმავლობაში მიიღეთ თითო ს/კ ანადუღარ წყალში გახსნილი 0,2 გ მუმიო.

2. შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობის კრაზანა, ფარსმანდუკი და ბერულა. 1,5 ს/კ ნარევს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 საათი, გაწურეთ და მიიღეთ 1/2 ჩ/ჭ ნაყენი დღეში 4-5-ჯერ.

ქოლეცისტიტის დროს აუცილებელია მკაცრად დაიცვათ დიეტა, გარდა ამისა, ჭამოთ დღეში 5-6-ჯერ მაინც, მცირე ულუფებად. რაციონიდან ამოიღეთ შებოლილი, ცხიმიანი, მწარე კერძები, კონსერვები, კაკაო, ალკოჰოლი. რეკომენდებულია რძის პროდუქტები, ბოსტნეული, წვნიანი, ფაფები, მოხარშული უცხიმო ხორცი და თევზი, მწვანილი (როგორც ახალი, ისე მოხარშული). ძალიან სასარგებლოა წვნიანებსა და ფაფებს დაამატოთ 1-1,5 ს/კ ორთქლზე გატარებული ქატო.

გთავაზობთ ნაღველმდენ, შარდმდენ, ანთებსაწინააღმდეგო და ბაქტერიოციდული მოქმედების კიდევ ერთ რეცეპტს: თანაბარი რაოდენობის არყის ხის ფოთლების, ღვიის ნაყოფის, ფარსმანდუკის და აბზინდას 1 ს/კ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე და ხარშეთ 5 წუთი თავდახურულ ჭურჭელში ნელ ცეცხლზე. გააჩერეთ 1 საათი, გაწურეთ და თითო ს/კ ნახარში მიიღეთ დღეში 5-6-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.