აბების ნაცვლად ფერები და მუსიკა - კვირის პალიტრა

აბების ნაცვლად ფერები და მუსიკა

ბოლო ხანებში მედიცინაში კლასიკურთან ერთად დიდი ყურადღება ეთმობა ალტერნატიულ მეთოდებსაც - ფერებითა და მუსიკით მკურნალობას. კვლევებით

დამტკიცებულია, რომ გარემოს, ტანსაცმლისა და საკვები პროდუქტების ესა თუ ის ფერი და ფერთა გამა დიდ ზეგავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე, გუნება-განწყობილებაზე. ფერები იყოფა თბილ და ცივ ტონებად: პირველს განეკუთვნება: წითელი, ნარინჯისფერი და ყვითელი; მეორეს - ლურჯი, ცისფერი, იისფერი; მწვანე - შუალედურია.

თბილი ფერები ასტიმულირებს გუნება-განწყობილებას, ცივი - ამშვიდებს და ადუნებს. მაგალითად, წითელი ჭარხლის, წითელი ბულგარული წიწაკის და პომიდვრის სიჭარბემ შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება, გულის ცემის აჩქარება და უძილობა. ნარინჯისფერი ხილი და ბოსტნეული (ხურმა, გოგრა, სტაფილო, მანდარინი) ორგანიზმს მატებს ტონუსს, აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას, ხსნის დაძაბულობას, დაღლილობას და აყუჩებს თავის ტკივილს. ტვინი უნდა გამოვკვებოთ მწვანე ხილ-ბოსტნეულით. ქლოროფილი, რომელსაც ისინი შეიცავენ, ამაღლებს იმუნიტეტს. არ დაგავიწყდეთ ყვითელი ლიმონი, ვაშლი, მსხალი, კვერცხის გული. ყვითელი ფერი ააქტიურებს სისხლში წითელ სხეულებს, აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, წმენდს სისხლს და მატებს ორგანიზმს ენერგიას. დაძაბული დღის შემდეგ მიეტანეთ თეთრ ფერს, რომელიც ხსნის გაღიზიანებას, დაღლილობას, გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს (ხაჭო, ბრინჯი, ყვავილოვანი კომბოსტო).

მუსიკით მკურნალობა გამოიყენება ემოციური გადახრების კორექციაში, შიშისა და თავის ტკივილის, ნევროზის, აპათიის, უძილობის დროს და ა.შ. განსაკუთრებით სასიკეთოდ მოქმედებს ფსიქიკასა და ფიზიკურ მდგომარეობაზე კლასიკური მუსიკა. მაგალითად, კარგი ანტიდეპრესანტია შოპენის პრელუდიები და შტრაუსის ვალსები, ქართული ხალხური და კლასიკური მუსიკა. ნევროზს შველის ბეთჰოვენის "მთვარის სონატა", ეს ნაწარმოები ეფექტიანია ალკოჰოლიზმისა და მწეველთა მკურნალობის დროს, ხოლო მენდელსონის "საქორწილო მარში" აწესრიგებს სისხლის წნევას.

საცხოვრებელ და სამუშაო ოთახებში სწორად შერჩეული განათება და კედლების შეფერილობა კარგი გუნება-განწყობილების საწინდარია. არასაკმარისი განათება იწვევს ნივთიერებათა ცვლისა და ვიტამინების ბალანსის დარღვევას, იმუნიტეტის დასუსტებას, რის შედეგადაც ორგანიზმი ვერ ეწინააღმდეგება ინფექციებს, გაცივებასა და სხვა დაავადებებს.

გარდა ამისა, ნახევრად ჩაბნელებულ გარემოში ქვეითდება შრომისუნარიანობა, უარესდება გუნება-განწყობილება.