ენტერიტი ვერაგი დაავადებაა - კვირის პალიტრა

ენტერიტი ვერაგი დაავადებაა

ენტერიტი წვრილი ნაწლავების ანთებაა, რომლის დროსაც ზიანდება ნაწლავების (რომლის სიგრძე დაახლოებთი 6 მეტრია) ლორწოვანას გარსი. ენტერიტის მიზეზად

შეიძლება იქცეს ინფექციები და ვირუსები, უხარისხო პროდუქტით, სოკოთი და ალკოჰოლით მოწამვლა, მწარე და ცხარე, უხეში საკვები, სალმონელოზი, დიზენტერია, მუცლის ტიფი, გრიპის მძიმე ფორმები, რომლებიც მიმდინარეობენ კუჭის აშლილობით, მუცლის ტკივილით (ზოგჯერ შეტევითი ტკივილით ჭიპის არეში), მაღალი ტემპერატურით, პირღებინებით. ენტერიტის პირველი სიმპტომებისთანავე - კუჭის აშლილობა, მუცლის ბუყბუყი, შებერილობა - მიიღეთ ენტეროსორბენტები. აქტივირებულმა ნახშირმა რომ შედეგი გამოიღოს, უნდა დალიოთ ძალიან ბევრი. უფრო ეფექტიანია ენტეროდეზი, რომელსაც უკუჩვენებების გარეშე ნაწლავებიდან გამოაქვს თითქმის ყველაფერი, რაც ორგანიზმს არ სჭირდება. 5 მგ ენტეროდეზი გახსენით ჭიქა წყალში და უზმოზე დალიეთ. თუ სორბენტი არ აღმოგაჩნდათ, დაღეჭეთ 1 ჩ/კ ხმელი მწვანე ან შავი ჩაი და გადაყლაპეთ, დააყოლეთ ცოტა წყალი. დღის განმავლობაში დალიეთ ყლუპ-ყლუპად მანგანუმის ძალიან სუსტი - ვარდისფერი წყალხსნარი. ლორწოვანას გარსს დაიცავს ბრინჯის ნახარშიც. 1 ს/კ ბრინჯი 30-40 წუთი ხარშეთ 0,5 ლ წყალში. გაწურეთ და დალიეთ დღის განმავლობაში. ერიდეთ ტკივილგამაყუჩებლებს (ენტერიტის დროს მუცლის ტკივილი ასატანია), რადგან შეიძლება ამ წამლებმა წაშალონ ქირურგიული დაავადებების კლინიკური სურათი.

გთავაზობთ 3-4 დღის მენიუს:

დილით - ჭამეთ ერთი კვერცხის ცილა, სადილზე - 200 გ მჭლე ხორცი და ერთი კვერცხის ცილა. საღამოს - ხორცის პუდინგი ან ორთქლზე მომზადებული კატლეტი. აკნატუნეთ გახუხული, ოდნავ დამწვარი თეთრი პური.

გამოჯანმრთელების პროცესში დაამატეთ კეფირი, ხაჭო, გახეხილი წვნიანები, წყალში მოხარშული თხელი ფაფები, სოიის ნაწარმი, ყველი, ქიშმიში, გარგარის ჩირი. არ გაიკაროთ სპირტიანი სასმელი.

ენტერიტის სამკურნალოდ ხალხური მედიცინა გვთავაზობს: 1. ანთებსაწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ კვლიავის ნაყენს: 2-3 ჩ/კ კვლიავს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 24 საათი. გაწურეთ და დალიეთ რამდენიმე ყლუპი ჭამის შემდეგ, 2-3-ჯერ დღეში.

2. ანთებსაწინააღმდეგო და კუჭში შემკვრელის თვისება აქვს მუხის ქერქს, შავ მოცხარს, ტყის მარწყვის ფოთლების, შოთხვის ნახარშს:

ა) 1ს/კ გახეხილ მუხის ქერქს დაასხით 0,5 ლ წყალი, 10-15 წუთი ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, ანადუღარი წყლით შეავსეთ ისევ 0,5 ლ-მდე. მიიღეთ 1/2 ჩ/ჭ 3-4-ჯერ დღეში, 30 წუთით ადრე ჭამამდე.

ბ) ასევე მზადდება შავი მოცხარის ნაყოფის ნაყენი. მიიღეთ 1ს/კ 3-4-ჯერ დღეში.

გ) 1 ს/კ დაქუცმაცებულ ტყის მარწყვის ფოთლებს დაამატეთ 2ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1,5-2სთ. გაწურეთ და მიიღეთ 1/4 ჭიქა 2-3-ჯერ დღეში.

დ) 2 ს/კ შოთხვის ნაყოფს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, 6 საათი თერმოსში გააჩერეთ და მიიღეთ ნაყენი დღე-ღამის განმავლობაში.

ე) 1 ჩ/კ აბზინდას დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 20 წუთი. მიიღეთ 2 ს/კ ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე. ნაყენს შეიძლება თაფლი დაამატოთ.

ვ) 1 ჩ/კ კალენდულას (ან გვირილას) დაასხით 1ჩ /ჭ მდუღარე წყალი. გააჩერეთ 10 წუთი და მიიღეთ 1/2 ჩ/ჭ ჭამის შუალედებში, ხოლო გვირილის ნაყენი - 2-3 ს/კ ჭამის შემდეგ.

თუ ენტეროსორბენტების, საკვების შეზღუდვის და სამკურნალო ნაყენების 2-3 დღის მიღების შემდეგ გრძელდება კუჭის აშლილობა, ტემპერატურა მაღალია, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რადგან თუკი დაავადება ქრონიკულში გადავა, ხანგრძლივი მკურნალობა დაგჭირდებათ.