ცხიმის ექვსი მოწინააღმდეგე - კვირის პალიტრა

ცხიმის ექვსი მოწინააღმდეგე

ორგანიზმში ცხიმები აუმჯობესებენ ვიტამინების ათვისებას, ხელს უწყობენ ჰორმონების გამომუშავებას, ნერვული სისტემის ნორმალურად მუშაობას. მათ ხარისხზეა დამოკიდებული კანისა და თმის სილამაზე, თავისებური საწვავია ორგანიზმის სპეციალური უჯრედებისა, რომლებიც უწყვეტლივ უზრუნველყოფენ ჩვენს ენერგიას და უნარჩუნებენ სხეულს ტემპერატურას. თუმცა, ზოგიერთ ცხიმს შეუძლია ორგანიზმი დაანაგვიანოს ცუდი ქოლესტერინით. ზედმეტი კალორიები რომ არ დაგროვდეს ორგანიზმში, საჭიროა რაციონში გაითვალისწინოთ ცხიმის დამწველი გემრიელი პროდუქტები.

ვიტამინი თიამინი ორგანიზმში სწრაფად წვავს ცხიმს. ამ ვიტამინით მდიდარია ბურღულეული, უხეშად დაფქული ხორბლის პური, კარტოფილი, ღვიძლი, კვერცხი. თიამინის უკმარისობა იწვევს უმადობას, გადაღლილობის გრძნობასა და კუჭ-ნაწლავის პრობლემებს.

კალციუმი აჩქარებს ცხიმების წვის პროცესს, კალციუმით კი მდიდარია რძის პროდუქტები. კალციუმის უკმარისობა ასტიმულირებს ცხიმის დაგროვებას.

კაპსაცინი, რომელიც წიწაკას სიცხარეს აძლევს, ააქტიურებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას. ცხიმის წვის პროცესი გრძელდება წიწაკის მირთმევიდან კიდევ 3 საათს.

ქრომი - აუცილებელი მინერალია ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ნორმალური მეტაბოლიზმისათვის. ხელს უწყობს ცხიმის წვას, ასტაბილურებს სისხლში შაქრის დონეს და ხელს უშლის ამ დონის მკვეთრ ცვლილებას. ქრომის წყაროა: ლუდის საფუარი, ღვიძლი, მწვანილი.

კოფეინი ასტიმულირებს კუჭის წვენის სეკრეციას, რითაც ხელს უწყობს კალორიების წვის პროცესს.

დილას ფინჯანი ყავის ან მწვანე ჩაის მიღება საწინდარია ნივთიერებათა ჯანსაღი ცვლისა. ნატურალური კოფეინი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ცხიმმჟავების გამოყოფას. კოფეინი ბუნებრივი შარდმდენია, რომელიც კალიუმის დიდი შემცველობის წყალობით არ იწვევს ამ ელემენტის დეფიციტს.

C ვიტამინი პრაქტიკულად ორგანიზმში მიმდინარე თითქმის ყველა პროცესში მონაწილეობს: ასტიმულირებს საჭმლის მონელების პროცესს, გამოდევნის "ცუდ" ქოლესტერინს, ებრძვის ინფექციებს. სხვათა შორის, ორგანიზმში ჩ ვიტამინის მარაგი მუდმივად უნდა ივსებოდეს. ამ ვიტამინით მდიდარია: ციტრუსები, ასკილი, ჟოლო, ქაცვი, მწვანე ვაშლი, მოცხარი, მოცვი.