რძე და რძის პროდუქტები - კვირის პალიტრა

რძე და რძის პროდუქტები

უძველესი დროიდან მკურნალები (მათ შორის ავიცენა) რძეს სიცოცხლის ელექსირს უწოდებდნენ. მართლაც, ის შეიცავს ჯანმრთელობისთვის ყველაზე სასარგებლო

(200-მდე) ნივთიერებებს, მათ შორის ისეთ ცილას, რომელსაც ორგანიზმი უფრო ადვილად ითვისებს, ვიდრე ხორცისას. რძე ასევე შეიცავს ცხიმს, ლაქტოზას (რძის შაქარს), კალციუმს, კალიუმს, ფოსფორს, რკინას, იოდს, თუთიას, B1, B2, D ვიტამინებს.

თურმე რძის პროდუქტების რეგულარულად მიღება 50%-ით ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, ინსულტს და ჰიპერტონიას.

რძესა და რძის პროდუქტებში შემავალი ცილები, მათ შორის გლობულინი, ორგანიზმს მატებს ძალას და იცავს დაავადებებისგან.

მაგალითად, ნაღები შეიცავს ადვილად ათვისებად ცილებს. კარაქი შეიცავს D ვიტამინს.

ნაყინი შეიცავს 30 მინერალურ მარილს, აქვეითებს არტერიულ წნევას, ამაგრებს ძვლებს, ააქტიურებს ტვინის მუშაობას.

ბრინზა (განსაკუთრებული წესით ამოყვანილი ცხვრის ყველი) შეიცავს ფოსფორსა და ნატრიუმს და უნდა მიირთვათ მცირე რაოდენობით (ეკრძალებათ თირკმლებითა და კუჭქვეშა ჯირკვლით დაავადებულებს).

კეფირს, რომელიც შეიცავს რძის მჟავას, ორგანიზმი ადვილად ითვისებს. ის აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მუშაობას.

იოგურტი სწრაფად ანაყრებს და კლავს წყურვილს, ამაღლებს იმუნიტეტს, ებრძვის ალერგიას, შეიცავს სხვადასხვა პრობიოტიკს.

ხაჭოს სამართლიანად უწოდებენ მთავარ სამკურნალო-დიეტურ პროდუქტს. რეკომენდებულია ყველასთვის. შეიცავს კალიუმსა და მაგნიუმს.

ყველი შეიცავს 25% ცილას, კალციუმს და საუკეთესო საკვები პროდუქტია.

მდნარი ყველი უქოლესტერინოა, რაც ასე მნიშვნელოვანია დაავადებული გულ-სისხლძარღვებისთვის. მასში უხვადაა ფოლიუმის მჟავა.

არაჟანი შეიცავს ბევრ სასარგებლო ბაქტერიას და ადვილად ითვისებს ორგანიზმი.

რძე, რომელსაც დაბადებიდანვე ეჩვევა ადამიანი, დროთა განმავლობაში შეიძლება ორგანიზმმა არ მიიღოს. მეცნიერებმა გამოიგონეს მისი შემცვლელი შვრიის რძე, რომელიც ძალიან პოპულარულია სპორტსმენებსა და ჯანმრთელი ცხოვრების წესს მიჩვეულ ადამიანებში.

შვრია, რომელიც მდიდარია ფიბრათი (ბოჭკო) და სასარგებლო ნივთიერებებით, აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, აძლიერებს ორგანიზმს, საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა გულით დაავადებულთათვის. შვრიის რძე შეიძლება ძალიან იოლად მოვამზადოთ: ფინჯანში ჩაყარეთ 1/3 დაცეხვილი შვრიის მარცვალი, დაასხით 2/3 ოთახის ტემპერატურის წყალი, აურიეთ, გააჩერეთ ერთი ღამე. დილით გადაწურეთ და რძეც მზად არის. შვრიის რძე ხელს უწყობს წონაში დაკლებას და ხელს უშლის მომატებას.