როცა მხოლოდ სურვილი და მონდომება არ არის საკმარისი - კვირის პალიტრა

როცა მხოლოდ სურვილი და მონდომება არ არის საკმარისი

პლასტიკური ოპერაცია არა მხოლოდ ვიზუალურად ცვლის ადამიანს, არამედ ცვლის მის ხასიათს, გამომეტყველებას, გუნება-განწყობილებას, და თავისთავად ადამიანს უფრო მიმზიდველს ხდის, მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად მხოლოდ გადაწყვეტილების მიღება და კლინიკაში მისვლა არ არის  საკმარისი, აქ მთავარ როლს პაციენტის განწყობა და მოლოდინი თამაშობს, ამის მიხედვით პლასტიკური ქირურგი იღებს გადაწყვეტილებას, ჩატარდეს თუ უარი ეთქვას პაციენტს ოპერაციაზე. სწორედ ასეთ შემთხვევებზე გვესაუბრება პლასტიკური ქირურგი, პროფესორი გია გვარამია.

- დროსთან ბრძოლა შეუძლებელია, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად ბევრი რამის გამოსწორება არის შესაძლებელი. თუ პაციენტს გათავისებული არა აქვს, რომ დროსა და ასაკს თავისი პრობლემებიც მოაქვს და მიუხედავად ქირურგიული ჩარევისა, აღარ გახდება 17 წლის, ამ შემთხვევაში საჭიროა ფსიქოლოგის კონსულტაცია, მაგრამ როგორც წესი, კონსულტაციის საჭიროება ხშირად არ დგება.  ხდება ისეც, რომ ერთი კონსულტაცია არ არის საკმარისი, ასეთ შემთხვევაში რამდენჯერმე გვიწევს კონსულტაციის გავლა. ეს თავისებურად ფსიქოთერაპიის მსგავსი პროცედურაა, რადგან პაციენტი არა მარტო ოპერაციისთვის ემზადება, არამედ შედეგისთვისაც.  როდესაც არის არასწორი მოლოდინი, პაციენტი ილუზორულად აღიქვამს ოპერაციის შედეგებს, ის ფიქრობს მარტივად და ორიენტირებულია სულ სხვა შედეგზე და თუ ვერ შევძელით პაციენტის დარწმუნება, რომ ყველა შედეგი არის მეტ-ნაკლებად შეზღუდული შესაძლებლობის ფარგლებში, ასეთ შემთხვევაშIი პაციენტს  ოპერაციაზე უარს ვეუბნებით და ვგზავნით ფსიქოლოგთან. დღესდღეობით გვაქვს კომპიუტერული ფოტომოდელირების საშუალება. თუ პაციენტი ამბობს, რომ მას სურს, ვთქვათ, ცხვირიდან მხოლოდ კეხის მოცილება, ჩვენ ვიზუალურად ვაჩვენებთ, კეხის მოხსნის შემდეგ კიდევ რა უნდა ჩატარდეს ცხვირის წვერზე.

როდესაც მეტი სადემონსტრაციო მასალაა, პაციენტი თავად რწმუნდება ამა თუ იმ ჩარევის აუცილებლობაში, რათა შედეგმა მოლოდინიც გაამართლოს. მაგრამ თუ იგი მოსალოდნელ შედეგს არ ეთანხმება, მაშინ უმჯობესია ოპერაცია არ ჩატარდეს.  მაგალითად, თუ პაციენტი ზომაზე მეტად აწეულ თვალ-წარბს მოითხოვს და ჩვენ ვერ ვარწმუნებთ, რომ ეს არ არის ლამაზი, რადგან სახეზე მუდმივად გაკვირვებული გამომეტყველება ექნება, ასეთ დროსაც უარს ვეუბნებით ოპერაციაზე. პაციენტის სურვილი ერთია, მაგრამ არის გარკვეული ნორმები და სტანდარტები, რაც არ უნდა დაირღვეს. ოპერაციაზე უარს  მაშინაც ვეუბნებით, თუ კონსულტაციაზე საუბრისას ირკვევა, რომ პაციენტი ვერ შეასრულებს პოსტოპერაციულ რეკომენდაციებს, რაც საჭიროა შედეგის შესანარჩუნებლად და გართულებების თავიდან ასაცილებლად, ასევე გასათვალისწინებელია პაციენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მოსალოდნელი რისკები და გართულებები, თანმხლები დაავადებები. ასე რომ, საკუთარ გარეგნობის შესაცვლელად მხოლოდ სურვილი და მონდომება არ არის საკმარისი.

ესაუბრა ნინო ჩიხლაძე