უფრთხილდით ულტრაიისფერ სხივებს - კვირის პალიტრა

უფრთხილდით ულტრაიისფერ სხივებს

ცნობილია, რომ მზის სხივები აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას, ამაღლებს იმუნიტეტს, ამაგრებს ნერვულ სისტემას, ხელს უწყობს კანში მელანინის პიგმენტებისა და D ვიტამინის წარმოქმნას, ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლასა და სისხლის წარმოქმნას... მაგრამ მზეზე დიდხანს ყოფნა არცთუ უსაფრთხოა ჯანმრთელობისათვის, ულტრაიისფერი სხივები უარყოფითად მოქმედებს კანზე - იზრდება კანის კიბოთი დაავადების რისკი, აშრობს კანს და ხელს უწყობს ნაადრევად დაბერების პროცესს. თუ სპეციალისტების რჩევებს გაითვალისწინებთ, თავს აარიდებთ ბევრ უსიამოვნებას:

- მზეზე გასვლის წინ კანზე წაისვით სპეციალური კრემი ან ზეთი, თავზე დაიხურეთ ქუდი.

- თვალები დაიცავით მზისგან - მუქი ფერის სათვალით.

- გასარუჯად საუკეთესო დროა დილის 8 საათიდან 11 საათამდე და 17 საათიდან 19 საათამდე.

- გარუჯვა სასარგებლოა ჭამამდე ერთი საათით ადრე ან ჭამიდან 1,5 საათის შემდეგ.

- გარუჯვა დაიწყეთ 5 წუთიდან და მზეზე ყოფნის დრო ნელ-ნელა გაზარდეთ.

- ყოველი ბანაობის შემდეგ ტანზე ხელახლა წაისვით დამცავი კრემი.

- ღრუბლიან-ქარიან ამინდში პლაჟზე დიდხანს ყოფნისას შეიძლება დაიწვათ, რადგან ღრუბლები მზის სხივების 40%-ს ატარებს.

მზის დამწვრობის დროს:

1. 3-4 დღე არ მიიღოთ მზის აბაზანები.

2. მიიღეთ დღეში არანაკლებ 1ლ მინერალური წყალი.

3. საკვებიდან უპირატესობა მიანიჭეთ ხაჭოს, ხილსა და ბოსტნეულს.

4. დამწვარ ადგილებზე დაიდეთ შავი ან მწვანე ჩაის ცივი საფენები და სისტემატურად ცვალეთ.

5. დამწვარ ადგილებზე დაიდეთ წვრილად გახეხილი, მარლაზე დაფენილი კარტოფილი, როგორც კი გათბება კომპრესი - გამოცვალეთ.

6. დამწვარზე დაიდეთ კომბოსტოს ფოთლები (ხშირად ცვალეთ);

7. დამწვარზე დაიდეთ წყალში გახსნილი მაწვნისა და კეფირის სველი საფენები.

ძლიერი დამწვრობის დროს მიმართეთ ექიმს და დაიცავით მისი რეკომენდაციები.

მზეზე დიდხანს ყოფნამ შეიძლება გამოიწვიოს მზის დარტყმა. მისი სიმპტომებია - უგუნებობა, თავბრუ, თავის ტკივილი, ყურებში ხმაური, გულის რევის (ზოგჯერ პირღებინება) შეგრძნება, გონის დაკარგვა, ცხვირიდან სისხლდენა.

უმეტეს შემთხვევაში საკმარისია - ავადმყოფი ჩრდილში მოათავსოთ, გახადოთ მჭიდრო ტანსაცმელი, დაალევინოთ ცივი წყალი, თავზე დაადოთ ცივი კომპრესი. მძიმე შემთხვევაში (კრუნჩხვების, ჰალუცინაციების, ბოდვის, 40-41 გრადუსი ტემპერატურის დროს), ავადმყოფი საჭიროებს სამედიცინო დახმარებას.