ნესვი - გემრიელიც და სასარგებლოც - კვირის პალიტრა

ნესვი - გემრიელიც და სასარგებლოც

გოგრისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ნესვი არა მარტო სურნელოვანი და გემრიელია, არამედ დიეტური საკვებიცაა. ის 95% წყალია, შეიცავს შაქარს (16-18%-ზე მეტს), კალციუმს, რკინას, თუთიას, ცხიმს A,B,C და P ვიტამინებს, კაჟს, ცილებს, კაროტინს, პექტინებსა და მინერალურ მარილებს. სასარგებლოა ანემიით დაავადებულებისთვის, ქალებისთვის კრიტიკულ დღეებში, ფოლიუმის მჟავა და რკინა მაღლა სწევს ჰემოგლობინის დონეს. რბილობი ხელს უწყობს "ბედნიერების ჰორმონის" გამომუშავებას, აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას, ხოლო ნიკოტინის მჟავა, ვიტამინებთან ერთად ამაგრებს ორგანიზმს, აუმჯობესებს კანის ფერს, თმისა და ფრჩხილების სტრუქტურას.

კალციუმი და კაჟი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, თავის ტვინის ქერქის, შინაგანი ორგანოების მუშაობას და ამშვიდებს ნერვებს.

C და U  ვიტამინები ნესვს ანტიოქსიდანტის უნარს სძენს, რითაც ხელს უშლის ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, რომლებიც აჩქარებენ დაბერების პროცესს. ნესვი ორგანიზმიდან გამოდევნის წიდებს, ხელს უწყობს ჭრილობების სწრაფად შეხორცებას. ნესვს აქტიურად იყენებენ კოსმეტოლოგიაში. მისგან ამზადებენ მკვებავ და მატონიზებელ ნიღბებს როგორც კანისთვის, ისე თმისთვის.

ნესვი აფერმკრთალებს ჭორფლს და პიგმენტურ ლაქებს. მშრალი სახის კანის დროს შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობის ნესვის რბილობი, რძე და მინერალური წყალი და სახე გაიწმინდეთ.

ნესვის რბილობი დაიდეთ სახეზე და 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ, კანი გადაიჭიმება და ახალგაზრდულ იერს მიიღებს.

თუ ზაფხულში დღეში 300გ ნესვს მიირთმევთ, თანაბრად გაირუჯებით.

ნესვის რბილობის წვენი თავის კანში შეიზილეთ და 20-30 წუთის შემდეგ დაიბანეთ, თმა გაჯანსაღდება, გახდება ელასტიკური და მბზინავი.

ნესვი წონაში დაკლებასაც უწყობს ხელს, რისთვისაც საჭიროა ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღე მიირთვათ 2კგ (5 ულუფად) ნესვის რბილობი. 1/5 მიიღეთ შუადღისას, დანარჩენი 4 ულუფა კი ორ საათში ერთხელ, ნასადილევს. ამ დღეებში რაციონიდან უნდა ამოიღოთ კარტოფილი, პური, მაკარონი და ტკბილეული.

ნესვის დიეტა და საერთოდ ნესვი არარეკომენდებულია დიაბეტიანებისთვის, მათთვის, ვისაც კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული აქვთ.

დაბოლოს, არარეკომენდებულია ნესვის სხვა საკვებთან ერთად მიღება.