ფიტოაბაზანები და ჯანმრთელობა - კვირის პალიტრა

ფიტოაბაზანები და ჯანმრთელობა

სამკურნალო მცენარეების არომატული ზეთების რამდენიმე წვეთის დამატება ჩვეულებრივ აბაზანას გადააქცევს სრულფასოვან გამაჯანსაღებელ, კოსმეტიკურ და სამკურნალო პროცედურად. ფიტოაბაზანები ხსნის დაღლილობას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აახალგაზრდავებს და წმენდს კანს, აწესრიგებს ძილს, აუმჯობესებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესს, ააქტიურებს დამცველ ძალებს და ხელს უწყობს წონაში დაკლებას. რაც მთავარია, აქვს ფსიქოთერაპიული ეფექტი.

ფიტოაბაზანების დროს უნდა დაიცვათ რამდენიმე პირობა:

- წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 36-370ჩ, პროცედურის ხანგრძლივობა 10-15 წუთი; ეფექტი მიიღება 12-15 პროცედურის შემდეგ.

- ფიტოაბაზანის დროს შეეცადეთ მაქსიმალურად მოდუნდეთ.

- გახსოვდეთ! წყალმა არ უნდა დაფაროს გული.

- ციტრუსების ზეთდამატებული აბაზანა ხსნის დაღლილობას, მატებს ტონუსს, აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას, განსაკუთრებით ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, სისხლის მიმოქცევას. ნებისმიერი ციტრუსის 6 წვეთი ზეთი და მუჭაზე ცოტა ნაკლები ზღვის მარილი დაამატეთ აბაზანას და ჩაწექით 15-20 წუთი.

- ლავანდის ზეთი ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აქვეითებს არტერიულ წნევას, არბილებს, წმენდს და აახალგაზრდავებს კანს. სასურველია ლავანდის ზეთის აბაზანა ძილის წინ. აბაზანაში დაამატეთ 6 წვეთი და 10 წუთით ჩაწექით.

- ცაცხვის ყვავილი ორგანიზმიდან გამოდევნის ზედმეტ სითხეს, რითაც ხელს უწყობს წონაში დაკლებას. კანს ხდის ხავერდოვანს, შველის კანის გაღიზიანებასა და ანთებით პროცესებს.

300 გ ცაცხვის ყვავილს (შეიძლება გამოიყენოთ ფოთოლი, ქერქი, კვირტები, თესლი) დაასხით 5 ლ წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე, გააჩერეთ 15-20 წუთი, გაწურეთ და ნახარში დაამატეთ აბაზანას. პროცედურის ხანგრძლივობაა 15 წუთი, სასურველია აბაზანის შემდეგ დაძინება.

- კატაბალახას ზეთის აბაზანები შველის უძილობასა და ნევროზს, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებას, აუმჯობესებს კუჭის მოქმედებას. აქვეითებს არტერიულ წნევას. 3-5 წვეთი კატაბალახას ზეთი ან 25-30 მლ ექსტრაქტი დაუმატეთ აბაზანას. პროცედურის ხანგრძლივობა 12-15 წუთია.

- სალბის აბაზანებს აქვს ტკივილგამაყუჩებელი, ანთებსაწინააღმდეგო და მადეზინფიცირებელი თვისება, შველის მომატებულ ოფლიანობას.

300 გ დაქუცმაცებულ სალბის ფოთლებს დაასხით 5ლ წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე; გააჩერეთ 30 წუთი, გაწურეთ და ნახარში დაამატეთ აბაზანას. პროცედურის ხანგრძლივობა 8-15 წუთია, მკურნალობის კურსი - 12-18 პროცედურაა.

- გვირილის ყვავილის აბაზანები ხსნის ტკივილს, ხელს უწყობს ჭრილობების  შეხორცებას, ამცირებს ალერგიულ რეაქციებს, აუმჯობესებს ძილს, კანს მატებს სირბილესა და ელასტიკურობას.

500 გ გვირილის ყვავილს დაასხით 1ლ ცივი წყალი, ადუღეთ თავდახურულ ჭურჭელში, გაწურული ნახარში დაამატეთ აბაზანაში წყალს.

- ნაძვის წიწვის აბაზანა ამაღლებს იმუნიტეტს, ებრძვის დეპრესიას, წმენდს ორგანიზმს მავნე ნივთიერებებისგან.

ერთი მუჭა ნაძვის წიწვს დაასხით 1ლ წყალი და 10 წუთი ადუღეთ, გაწურეთ და ნახარში დაამატეთ აბაზანაში წყალს.