დავეხმაროთ კუჭ-ნაწლავს... - კვირის პალიტრა

დავეხმაროთ კუჭ-ნაწლავს...

კუჭ-ნაწლავის გამართულ მუშაობაზეა დამოკიდებული ჩვენი ჯანმრთელობა. არასწორად შერჩეული საკვები აზიანებს კუჭ-ნაწლავს, ხელს უწყობს დისბაქტერიოზსა და ალერგიას, რაც, უწინარესად, აისახება კანზე. სპეციალისტები გვირჩევენ, პირველი სიმპტომებისთანავე მიმართოთ გასტროენტეროლოგს.

კუჭ-ნაწლავის ფუნქციის დარღვევას ხელს უწყობს დაბინძურებული გარემო, არასწორი კვება, უმოძრაობა. ყაბზობის დროს კუჭ-ნაწლავში დაგროვილი გადამუშავებული საკვების ტოქსიკური ნარჩენები მთელ ორგანიზმს წამლავს, შეიძლება გამოიწვიოს კანის დაავადება, ქრონიკული სისუსტე და თავის ტკივილი, ჰიპერტონია, ასთმური შეტევები, ალერგია. ბაქტერიოლოგიური გამოკვლევების შემდეგ გასტროენტეროლოგი დანიშნავს მკურნალობას - წყლის პროცედურებს, კუჭ-ნაწლავის გამორეცხვას ჟანგბადით გამდიდრებული სამკურნალო ბალახების ექსტრაქტდამატებული მინერალური წყლით. ამ პროცედურის შემდეგ ორგანიზმიდან გამოიდევნება წიდები, აღდგება ნივთიერებათა ცვლა და კუჭ-ნაწლავის ნორმალური მუშაობა.

"ზარმაცი- ნაწლავების (ატონია) სინდრომის დროს ნაწლავის კუნთების ტონუსი შემცირებულია, მჯდომარე წესისა და არარეგულარული კვების გამო დარღვეულია დეფეკაცია. ნაწლავებში დაგროვილ ფეკალურ მასას უჭირს გადაადგილება. ამ პრობლემების დროს რეკომენდებულია რაციონში თაფლის, წიწიბურის, მაწვნის, გახუხული პურის, ქლიავისა და გარგარის გათვალისწინება. რაც მთავარია, მეტი იმოძრავეთ და ივარჯიშეთ.

სპეციფიკურ ყაბზობას იწვევს სტრესები, ნერვიულობით გამოწვეული სპაზმები, დეპრესია, მოწამვლა.

ალიმენტური ყაბზობის დროს კი რეკომენდებულია უჯრედისებით მდიდარი ბოსტნეულისა და ხილის კანიანად ჭამა.

სერიოზული საფრთხის მატარებელია კუჭ-ნაწლავის დაავადება - დიფუზური პოლიპოზი (პოლიპები), რომელსაც ახასიათებს სისხლიანი და ლორწოვანი კუჭის აშლილობა. თუ დროულად არ ვიმკურნალეთ, შეიძლება განვითარდეს ანემია, ორგანიზმში დაირღვეს ნივთიერებათა ცვლა და დროთა განმავლობაში გადაიქცეს ავთვისებიანად. ყოველივე ამას ხელს უწყობს ის, რომ უპირატესობას ვანიჭებთ რაფინირებულ პროდუქტებს, ცხიმიან ხორცს, ქიმიური დანამატებით გამდიდრებულ საკვებს (გემოს სტაბილიზატორებით, კონსერვანტებით, საღებავებით, არომატიზატორებით). რეკომენდებულია შაქრის ნაცვლად მივიღოთ თაფლი, ფაფეული, უჯრედისებით მდიდარი პროდუქტები.

პოლიპების მოშორება შეიძლება ქირურგიული ოპერაციით ან ენდოსკოპიური ტექნიკის მეშვეობით, რაც ძალიან უმტკივნეულოდ მიმდინარეობს და მეორე დღეს შეიძლება შინ დაბრუნება.