ხიზილალა და ჯანმრთელობა - კვირის პალიტრა

ხიზილალა და ჯანმრთელობა

წითელ ხიზილალას მედიცინა მეტად ძვირფას და მნიშვნელოვან საკვებად მიიჩნევს. ის შეიცავს სასიცოცხლოდ აუცილებელ ბევრ ვიტამინსა და სხვა ნივთიერებას - პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც შეუცვლელია სისხლძარღვებისა და ზოგადად, ნივთიერებათა ცვლის პროცესისთვის, რადგან ამცირებს ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა რისკს.

ხიზილალა შეიცავს ფოლიუმის მჟავას, რომელიც მეტად ღირებული ვიტამინია ბავშვებისთვის, D,  E  და A ვიტამინებს.

A ვიტამინი აუმჯობესებს მხედველობას, ხელს უწყობს აქტიურ ზრდას და ავადმყოფობის შემდეგ სწრაფად გამოჯანმრთელებას, განსაკუთრებით სასარგებლოა არა მარტო ორგანიზმის ყველა უჯრედისთვის, არამედ კანისა და ლორწოვანი გარსებისთვის.

E ვიტამინი ხელს უწყობს პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ათვისებას, ხოლო D  ვიტამინი - კალციუმის.

წითელი ხიზილალა მდიდარია იოდით, ფოსფორით, რკინით, კალიუმით, მიკრო და მაკროელემენტებით, რომლებიც ხელს უწყობს ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლიზმის პროცესებს, ძვლების გამაგრებას, ათეროსკლეროზის პროფილაქტიკას, აძლიერებს იმუნიტეტს, ორგანიზმს უნარჩუნებს ახალგაზრდობას.

წითელი ხიზილალის შემცველი ლეციტინი ანეიტრალებს ქოლესტეროლს. წითელი ხიზილალა მაღალკალორიულია, 100 გ - 200-250 კალორია, იმავე რაოდენობის ხორცი და რძე კი 120-70 კალორიაა.

წითელი ხიზილალა შეიცავს 32%-მდე ადვილად ასათვისებელ ცილას, რომელიც მოზარდის ორგანიზმისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. წითელი ხიზილალის ცილას უფრო სწრაფად და ადვილად ითვისებს ორგანიზმი, ვიდრე ხორცისა და რძის პროდუქტებში შემავალ ცილებს. ასე რომ, ხიზილალა აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ბავშვების რაციონში.