მზე, ზღვა და ჩვენი ჯანმრთელობა - კვირის პალიტრა

მზე, ზღვა და ჩვენი ჯანმრთელობა

ზღვის წყალს საკმაოდ რთული შემადგენლობა აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ის მენდელეევის პერიოდული სისტემის პრაქტიკულად ყველა ქიმიურ ელემენტს შეიცავს. ზღვის წყალში გახსნილია მინერალური მარილები, აირები (ჟანგბადი, აზოტი, ინერტული აირები, ნახშირორჟანგი, ზოგიერთ რეგიონში - გოგირდწყალბადიც), ქიმიური ელემენტები (კალიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, რკინა, ბარიუმი, ქრომი, იოდი, ქლორი, მანგანუმი, დარიშხანი, ვერცხლი, ოქრო, ურანი, რადიუმი) და ორგანული ნივთიერებები.

ზღვის კლიმატი

ზღვის კლიმატს რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს: გეოგრაფიული მდებარეობა, წყლის თავზე ჰაერის მასების მოძრაობა, ნაპირის ხასიათი და ხმელეთის რელიეფი. ამ ფაქტორების კვალობაზე, განასხვავებენ სამი ტიპის სანაპირო კლიმატს: თბილსა და ტენიანს; გრილსა და ტენიანს; თბილსა და მშრალს.

რა ახასიათებს ზღვის კლიმატს?

მაღალი ატმოსფერული წნევა და მზის რადიაცია; ჰაერის მაღალი ტენიანობა; არეკლილი ულტრაიისფერი სხივების უხვი შემცველობა.

შავი ზღვის კლიმატი

საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე თბილი და ტენიანი კლიმატია. შავ ზღვაში წყალი არასოდეს იყინება, რადგან იგი ზღვებს შორის ყველაზე თბილია. მისი წყლის ტემპერატურა ზედაპირზე 6 თვის განმავლობაში 160ჩ-ზე მაღალია, ზამთარში 6-80ჩ უტოლდება, ზაფხულში კი 250ჩ-ს აჭარბებს. ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე კლიმატი ჩრდილოეთ ხმელთაშუა ზღვის კლიმატის მსგავსია. თვეში 15-20 კომფორტული და სამიოდე ჩახუთული და ტენიანი დღეა. რუსეთის შავიზღვისპირეთში ჰაერის ტენიანობა უფრო მაღალია - 60-70%, ამიტომ როგორც კი ტემპერატურა 250ჩ-მდე მოიმატებს, ელოდეთ ჩახუთულ დღეს. სოჭში, ტუაფსესა და ანაპაში ტენიანობამ შესაძლოა 100%-საც კი მიაღწიოს. ზაფხულში ასეთი დღეები ბევრია თურქეთის შავიზღვისპირა რაიონებშიც. ბულგარეთსა და რუმინეთში კი ზაფხული ძალიან კომფორტულია. საუკეთესო დრო შავ ზღვაზე სექტემბერია: არ ცხელა, წყალი თბილია, ზომიერად ტენიანი ჰაერი შესანიშნავად აღადგენს ძალ-ღონეს.

წყალი

წყალი  შეიცავს ოთხმოცამდე ელემენტს, მათ შორის - ბრომს, იოდს, ქლორს, კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, სულფატებს, კარბონატებს, მაგრამ მინერალებით ძალიან არ არის გაჯერებული. ეს უფრო ნაკლებია, ვიდრე წითელ და ხმელთაშუა ზღვაში, მაგრამ საკმარისია ბალნეოთერაპიისთვის. ზაფხულის მიწურულს შავი ზღვა ძალიან ჭუჭყიანია, რისი ერთ-ერთი მიზეზიც ჩამდინარე წყლების არასათანადო გაწმენდაა. კიდევ ერთი მინუსი - შავი ზღვის ზაფხული ქარიშხლის გარეშე არ ჩაივლის. სამაგიეროდ, აქ შეგიძლიათ გაკაჟდეთ ტალახით. ზღვის მცირე ყურეებში გროვდება ზღვის ტალახი, რომლითაც ყოველდღიური დაზელა ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას, არბილებს ნაწიბურებს და ამცირებს ანთებას, აჩქარებს ძვლების შეხორცებას მოტეხილობის შემდეგ, აუმჯობესებს სახსრების მოძრაობასა და მოქნილობას, თირკმელზედა ჯირკვლის მუშაობას. სხეულზე ტალახის 1 სმ-იანი ფენა უნდა დაიდოთ და 20-30 წუთის შემდეგ ჩამოიბანოთ.

მკვლევრები ირწმუნებიან, რომ ადამიანის სისხლის პლაზმა შემადგენლობით ძალიან ჰგავს ზღვის წყალს. ამიტომაც არის, რომ ადამიანი ზღვაში ასე მყუდროდ გრძნობს თავს. გარდა ამისა, ზღვის წყალი და ჰაერი კანქვეშა ქსოვილებს ამარაგებს უარყოფითად დამუხტული იონებით, რომლებიც სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.

როგორ გავირუჯოთ

ბავშვობიდან გვესმის, რომ გარუჯვა ჯანმრთელობაა, მაგრამ ბოლოდროინდელ გამოკვლევათა შედეგებმა ათეული წლების განმავლობაში გაბატონებული ეს შეხედულება ეჭვქვეშ დააყენა. დადგენილია, რომ ჭარბი გარუჯვა ზრდის ონკოლოგიური დაავადებების რისკს. დღეს ექიმები 25-ზე მეტ დაავადებას ითვლიან, რომლებიც უშუალოდ მზის გამოსხივებით არის გამოწვეული ან მისი გავლენით პროგრესირებს. მზეს ბრალდება კანის ნაადრევი დაბერებაც.

იქნებ ჯობს, სულაც არ გავირუჯოთ?

რა თქმა უნდა, არა. გარუჯვა სარგებლობას მოგიტანთ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაიცავთ ელემენტარულ წესებს:

ნუ გაირუჯებით 11-დან 17 საათამდე. ეს პერიოდი უმჯობესია ჩრდილში გაატაროთ. შუადღისას ულტრაიისფერი გამოსხივება 10-ჯერ ინტენსიურია, ვიდრე სამი საათით ადრე ან სამი საათით გვიან.

განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ თეთრ, ქერა, წითურ ადამიანებს, აგრეთვე ბავშვებს -მათი კანი განსაკუთრებით მგრძნობიარეა.

მზის აბაზანები ჯობს ჩრდილში მიიღოთ. გვერწმუნეთ, ჩრდილში მიღებული ნარუჯი შესანიშნავი ფერისაა. არ დაგავიწყდეთ მზისგან დამცავი კრემების გამოყენებაც.