დავეხმაროთ ბავშვის გულს - კვირის პალიტრა

დავეხმაროთ ბავშვის გულს

ბავშვის გული თავისი ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებებით ძალიან სუსტია. ის შეიძლება დააზიანოს გადატანილმა დაავადებებმა -  წითელამ, ფილტვების ანთებამ, გაცივებამ ან ანგინამ.

თუ პატარამ გადაიტანა ნებისმიერი ინფექციური დაავადება, ყურადღებით დააკვირდით მას ერთი თვის განმავლობაში, რადგან მიოკარდიტის სიმპტომები თავს იჩენს გამოჯანსაღებიდან 3-4 კვირის შემდეგ. თუ პატარა ვერ უმკლავდება ჩვეულებრივ დატვირთვას,  უჭირს სუნთქვა სირბილის დროს ან აღმართზე ასვლისას და ჭირვეულობს, უსათუოდ აჩვენეთ კარდიოლოგს.

დააკვირდით პულსს. ახალშობილის გულისცემის ნორმაა წუთში 150-160 დარტყმა, ერთი წლის ბავშვისა - 120, 5 წლის პატარასი - 100.

პულსი დაითვალეთ მშვიდ მდგომარეობაში: თუ ბავშვის გული ისე არ ცემს, როგორც წესია, აჩვენეთ ექიმს, გაუკეთეთ ექოსკოპია. ავადმყოფობის შემდეგ ბავშვი გადაიყვანეთ ისეთ დიეტაზე, რომელიც გაამაგრებს გულის კუნთებს. ყოველდღე მიეცით: ცილები, ხორცი, თევზი, ხაჭო და სხვა რძის ნაწარმი. მოარიდეთ ცხიმიანი, მწარე, მარილიანი, შებოლილი საკვები. ბავშვმა უნდა ჭამოს ცოტა, მაგრამ ხშირად, დღეში 5-6-ჯერ. ადრე დილით, როგორც წესი, პატარას ჭამა არ უნდა, 11 საათისთვის ასაუზმეთ. მთავარია, პატარას არ აჭამოთ ღამით - ეს დასუსტებული გულისთვის ძალიან მძიმე ტვირთია. აჭამეთ დაძინებამდე 2 საათით ადრე, ხოლო ძილის წინ (ლოგინში) მიეცით ჭიქა კეფირი, იოგურტი ან ვაშლი.

ავადმყოფობის შემდეგ ბავშვის გულს სჭირდება B ჯგუფის ვიტამინები და კალიუმი. პირველს შეიცავს ვიტამინების კომპლექსი (დანიშნავს ექიმი), ხოლო კალიუმს - ქიშმიში, გარგარის ჩირი, შავი ქლიავი, ბანანი, ლეღვი, ხურმა,  ჰერკულესი, ბადრიჯანი, მანანის, წიწიბურის და ქერის ფაფები; ასევე აუცილებელია მანგანუმი და მაგნიუმი - შეიცავს კარტოფილი და ჭარხალი. პატარას მიეცით არარაფინირებული ზეთით შენელებული  ბოსტნეულის სალათა, ზეითუნის, სიმინდის, მზესუმზირის ზეთში ბევრი პოლიუჯერი ცხიმმჟავაა, რომელიც ხელს უწყობს უჯრედების აღდგენას, პატარის გულისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი A,D,E ვიტამინების ათვისებას.

არ დააძალოთ პატარას საუზმეზე მაგარი ჩაი, ყავა, რადგან კოფეინი აიძულებს მის გულს, უფრო სწრაფად იმუშაოს. ძალიან სასარგებლოა რძიანი კაკაო, რომელიც შეიცავს მაგნიუმს. შეიძლება მისცეთ სუსტი რძიანი ჩაიც, რომელიც ანეიტრალებს კოფეინის ზემოქმედებას და მსუბუქად არეგულირებს გულის და სისხლძარღვების მუშაობას.