ხალხური მედიცინა გვთავაზობს - კვირის პალიტრა

ხალხური მედიცინა გვთავაზობს

ტროპიკული წყლულის დროს 0,5 კგ ხახვი დაჩხვლიტეთ, დაასხით ცოტაოდენი კონიაკი, გააშრეთ (უნდა გახმეს), დაფშვენით და ზეთში აურიეთ. მალამო წაისვით დღეში 2-ჯერ; მკურნალობა განაგრძეთ მანამ, სანამ წყლული არ მორჩება.

ნევრიტის (სმენის ნერვის ანთება) დროს: 15 გ დინდგელს დაასხით 100 გ 96%-იანი სპირტი და 10 დღე გააჩერეთ ბნელ და გრილ ადგილას. შემდეგ 10 გ ნაყენს დაამატეთ 40 გ არარაფინირებული მზესუმზირის ზეთი. გამოყენების წინ შეანჯღრიეთ, დაასველეთ ბამბის ტამპონი და ჩაიდეთ მტკივან ყურში, გაიჩერეთ 24 საათი.

12 საათის შემდეგ ისევ გაიმეორეთ. იმკურნალეთ მანამ, სანამ ტკივილი არ გაგივლით.

ბუასილის დროს: 10 გ წაბლის ქერქს დაასხით 1 ჩ/ჭ წყალი და 10 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე. გააცივეთ და გადაწურეთ. ხსნარში დასველებული ბამბის ტამპონი ბუასილის კვანძებზე დაიდეთ ყოველ საღამოს 1-2 საათით.

ცისტიტის დროს: ა) სიმინდის ულვაშს ან ალუბლის ტოტებს დაასხით წყალი და 10 წუთი ადუღეთ. თაფლით დამტკბარი თბილი ნახარში სვით რამდენიმე დღე.

ბ) 200 გ დაჭრილი ნიახურის ძირებს დაასხით 1 ლ წყალი და 2-3 წუთი ადუღეთ, გააცივეთ, გადაწურეთ და ნახარში სვით სურვილისამებრ 3-ჯერ დღეში.

გ) 2-3 ჩ/კ წვრილად დაჭრილ ნედლ მატიტელას დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. გააცივეთ და სვით გამოჯანმრთელებამდე. ეს წამალი გამოდევნის შარდის ბუშტიდან ქვიშასა და კენჭებს.

დ) შეურიეთ ერთმანეთს 15 გ მინდვრის შვიტა და 20 გ მრავალძარღვას ფოთოლი. 1 ს/კ ნარევს დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, 1 საათი გააჩერეთ შეფუთული, გადაწურეთ და სვით 1 ჭ თბილი ნაყენი საღამოობით.

ხველების დროს: გახეხილ თალგამს ფენა-ფენა დააყარეთ 1 ჩ/კ შაქარი და 24 საათი გააჩერეთ სითბოში. პატარებს მიეცით 1 ჩ/კ ნაყენი დღეში 3-ჯერ, მოზრდილებმა კი მიიღეთ 1 ს/კ დღეში 3-ჯერ.

კოჟრების დროს: ხახვის ნაფცქვენი კარგად ჩატენეთ ნახევარლიტრიან ქილაში, შეავსეთ ღვინის ძმრით, 2 კვირა გააჩერეთ. კოჟრებზე დაიდეთ ღამით, ძილის წინ და დაიმაგრეთ. დილით მოიხსენით. რამდენიმე დღის მკურნალობის შემდეგ კოჟრები გაქრება.

იმუნიტეტის ასამაღლებლად: მომინანქრებულ ქვაბში 30 გ ექინაცეას გამხმარ ყვავილს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი და 10 წუთი ადუღეთ, 4-5 საათი გააჩერეთ სითბოში, შემდეგ გადაწურეთ, გემოვნებით დაამატეთ თაფლი ან შაქარი და მიიღეთ დღეში 3-ჯერ.

თმის ცვენის დროს: ა) 1 ს/კ ორკბილას დასხით 10 ს/კ არაყი და 2 კვირით შეინახეთ ბნელ ადგილას, გადაწურეთ და მიიღეთ 10 წვეთი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე. ბ) იმავე ნაყენს შეურიეთ აბუსალათინის ზეთი 1:1 და თავის დაბანამდე 30-40 წუთით ადრე შეიზილეთ თმის ძირებში.