იცით თუ არა, რომ... - კვირის პალიტრა

იცით თუ არა, რომ...

ისპანახი შეიცავს A, E, C, H, K და PP ვიტამინებს, ამ ვიტამინების წყალობით, ეს ბოსტნეული გაცივების, თვალებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა. D ვიტამინით მდიდარი ისპანახი ბავშვთა კვების მენიუში შეუცვლელია. მინერალებით - კალციუმით, მაგნიუმით, თუთიით, სელენით, რკინით მდიდარი ისპანახი ამაგრებს ნერვებს, წიდებისგან წმენდს ორგანიზმს, ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნას. პარკოსანთა შემდეგ ცილებით მას მეორე ადგილი უკავია. დამტკიცებულია, რომ სულ მცირე ფიზიკური დატვირთვის დროსაც კი დღეში 300 გ ისპანახის მიღება ხელს უწყობს ლამაზი აღნაგობის ფორმირებას. ისპანახის უჯრედისები კი სწრაფად და მსუბუქად გადამუშავდება და ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავთა ნორმალურად მუშაობას. ამ თვისების გამო ეს ბოსტნეული წონაში დასაკლები დიეტის შეუცვლელი ინგრედიენტია.

ანწლს ბევრი სამკურნალო თვისება აქვს. მისი ყვავილებისგან დამზადებული ბალზამი ბუნებრივი მცენარეული ჰორმონია. ანტიოქსიდანტების კონცენტრაციის წყალობით იცავს გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინულ და იმუნურ სისტემას. ანწლის ყვავილს აქვს ძლიერი ოფლმდენისა და ბაქტერიოციდული თვისებები. რეკომენდებულია ანგინისა და ლარინგიტის დროს ყვავილების ნაყენის ყელში გამოვლება.

ანწლის წვენში დასველებული საფენები აჩქარებს დამწვრობის, ფურუნკულისა და ჭრილობების შეხორცებას. ანწლის ყვავილებისა და ქერქის ნახარშის აბაზანები სასარგებლოა კანზე გამონაყარის სამკურნალოდ. ვიტილიგოს (კანის დაავადება) დროს რეკომენდებულია დღეში 2-ჯერ ანწლის ყვავილის სპირტიანი ნაყენი წაისვათ თეთრ ლაქებზე და გაჩერდეთ მზეზე - 5-10 წუთით. ნაყენისთვის 15 გ დაქუცმაცებულ ანწლის ყვავილს დაასხით 50%-იანი სპირტი. გააჩერეთ 7 დღე ოთახის ტემპერატურაზე. გარეგანი მკურნალობის პარალელურად უნდა მიიღოთ ანწლის ნაყოფის 1 ს/კ სიროფი.

კომბოსტო კურნავს ვენების ვარიკოზულ (დასაწყისში) დაავადებას. კომბოსტოს იმდენ ფოთოლს, რამდენიც დაგჭირდებათ ვარიკოზით დაავადებული ადგილების დასაფარავად, დააპკურეთ წყალი, ჩააწყვეთ პოლიეთილენის პარკში, თავი მაგრად მოუკარით და ერთი დღე-ღამე შეინახეთ მაცივარში. მეორე დღეს, ძილის წინ ფეხები უსაპნოდ დაიბანეთ ოთახის ტემპერატურის წყლით, კარგად გაიმშრალეთ და გაუზავებელი ძმრით გაიკეთეთ მასაჟი, დააცადეთ შეშრობა. პარკიდან ამოიღეთ კომბოსტოს ფოთლები და დაიფინეთ ვარიკოზულ ვენებზე, ძალიან მსუბუქად დაიმაგრეთ ერთი ფენა მარლით, რათა კანმა ისუნთქოს. დილით მოიხსენით კომპრესი და საღამოს გაიმეორეთ პროცედურა. ამგვარადვე მოამზადეთ კომბოსტოს ფოთლები მეორე დღისთვის.

მკურნალობა გააგრძელეთ 10-12 დღე (შეგიძლიათ ერთ თვემდეც). თუ იგრძნობთ ფეხებში ძლიერ წვას, ფოთლები გაიჩერეთ ცოტა ხანს. ეს მეთოდი 2-ჯერ ამცირებს ვარიკოზულ კვანძებს. თავდაპირველად მოგეხსნებათ ტკივილი, შემდეგ შეშუპება, წვა, ბოლოს კი კვანძებიც გაქრება.