ანტიოქსიდანტები და მინერალები - გულის სამსახურში - კვირის პალიტრა

ანტიოქსიდანტები და მინერალები - გულის სამსახურში

გული მეტად მნიშვნელოვანი ორგანოა - წუთში 6 ლ სისხლს გადაქაჩავს, დღეში კი - 10 ტონაზე მეტს. ასეთ კოლოსალურ დატვირთვას რომ გაუძლოს, გულს დახმარება სჭირდება, ანუ მისთვის სასარგებლო პროდუქტით კვება. დამტკიცებულია, რომ დაბალკალორიული დაბალანსებული დიეტა მნიშვნელოვნად ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს. ხშირად მიირთვით უცხიმო ხორცი, თევზი, ბოსტნეული, ხილი, ბურღულეული, უხეშად დაფქული ხორბლის პური, შეზღუდეთ ცხოველური ცხიმები, ტკბილეული და მარილი.

ძლიერი ოქსიდანტ კვარცეტინით მდიდარი ვაშლი მნიშვნელოვნად ამცირებს ათეროსკლეროზის განვითარების რისკს. კვარცეტინით მდიდარია ასევე ხახვი, მწვანე ჩაი, შტოში, შავი მოცხარი.

ქიმიური ელემენტებიდან გულს ყველაზე მეტად სჭირდება კალიუმი, რომელიც აუმჯობესებს გულის კუნთების მუშაობას და ხელს უწყობს ზედმეტი სითხის გამოდევნას. კალიუმს შეიცავს კარტოფილი, გოგრა, კომბოსტო, გარგარი, შავი ქლიავი, გარგარის ჩირი, ლეღვი, ასკილი და ოხრახუში.

მაგნიუმს, რომელიც სისხლძარღვებს ტონუსს მატებს, შეიცავს შვრია, ქერი, წიწიბურა, უხეშად დაფქული ხორბლის პური. დამტკიცებულია, რომ რეგულარულად მათი მიღება, გულის დაავადებათა რისკს 7%-ით ამცირებს. მაგნიუმით მდიდარია ასევე: კაკალი, ნუში, ბარდა, ბანანი. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ვინც დღეში, თუნდაც 0,5გ მაგნიუმს (მაგალითად, ერთ ბანანს) მიიღებს, ინფარქტის რისკი მინიმუმამდე დაიწევს.

ალიცინის წყალობით ნიორი ხელს უწყობს სისხლძარღვებში სისხლის დენას, ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას და აქვეითებს არტერიულ წნევას, რადგან ალიცინი სწრაფად კარაგვს ძალას, უმჯობესია, დღეში მიიღოთ 1-2 კბილი ნიორი.

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებათა განვითარებას 30%-ით ამცირებს დღეში არა უმეტეს 1-2 ბოკალი წითელი ღვინის მიღება. წითელი ყურძნის წიპწა და კანი შეიცავს ანტიოქსიდანტ ფლავონოიდებს, რომელიც ამცირებს ქოლესტერინის დონეს, აფერხებს გულის დაავადებათა და სიბერის ხელის შემწყობი თავისუფალი რადიკალების მოქმედებას, ასევე ამცირებს სისხლის შესქელებისა და თრომბების წარმოქმნის რისკს. წითელი ყურძნის კანი შეიცავს კიდევ ერთ ანტიოქსიდანტს - რესვერატროლს, რომელიც აფერხებს ზოგიერთი ტიპის კიბოს უჯრედების ზრდას. ყველაზე სასარგებლოა წითელი, მშრალი ღვინო.

დღეში 2 ფინჯანი ყავა იცავს უჯრედებს, ხელს უშლის გულის დაავადებათა განვითარებას.

ყავაში არსებული ანტიოქსიდანტები, კოფეინი და პოლიფენოლები იცავენ უჯრედებს დაზიანებისაგან. ხელს უშლიან ანთებას, რომელიც ხელს უწყობს სისხლძარღვების შევიწროებას.

გულ-სისხლძარღვებისთვის შეუცვლელია ანტიოქსიდანტებითა და კალიუმით მდიდარი ვაშლისა და გარგარის ჩირი, რომელიც იცავს გულს თავისუფალი რადიკალებისაგან. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ნახევარი წლის განმავლობაში ყოველდღე 75გ ვაშლის ჩირის მიღება დაბლა სწევს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ხოლო დღეში 2 მუჭა გარგარის ჩირს შეუძლია დაიცვას ადამიანი ინფარქტისგან.

ომეგა-3-ის ცხიმმჟავების შემცვლელია ორაგული, კალმახი, სკუმბრია და სხვ. ცხიმიანი თევზი ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას და აწესრიგებს არტერიულ წნევას. კვირაში 2-3-ჯერ თევზის მიღება 1/3-ით ამცირებს ინფარქტის განვითარების რისკს. ხოლო ანტიოქსიდანტი ასტაქსანტინი, რომელსაც თევზი შეიცავს, აუმჯობესებს მეხსიერებას, უნარჩუნებს კანს სილამაზესა და ახალგაზრდობას.