მოვუაროთ კანს - კვირის პალიტრა

მოვუაროთ კანს

ბოლო ხანებში ძალიან გახშირდა კონტაქტური ალერგია, ნეიროდერმიტი და ფსორიაზი. ექიმებს მიაჩნიათ, რომ კანი ორგანიზმის სარკეა, რომელიც ასახავს ყველაფერს, რაც მასში ხდება. ამიტომაც, თუკი გაირკვევა დაავადების ნამდვილი მიზეზი, შეიძლება მიღწეული იქნეს დადებითი შედეგი.

კონტაქტური ალერგიის მიზეზია იმ ნივთიერებებთან (ალერგენებთან) შეხება, რომელთა მიმართაც კანი გაძლიერებულ მგრძნობელობას ამჟღავნებს - ესენია:

კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც შეიცავენ არომატულ სუბსტანციებსა და ლანოლინს.

ლატექსი და რეზინი, რომლებსაც იყენებენ საყოფაცხოვრებო ხელთათმანების დამზადებისას.

ნიკელი, რომელსაც შეიცავს ლითონი, რისგანაც ამზადებენ სამკაულებს, სათვალის ჩარჩოებს, ღილებსა და საათებს.

შალი და მისი შემცველი ქსოვილები, ასევე ქსოვილების ზოგიერთი საღებავი.

ლაქი და საღებავი, რომელიც შეიცავს ქრომს, ასევე სინთეტიკური სარეცხი საშუალებები.

ალერგენთან კონტაქტი იწვევს კანის ქავილს, შეშუპებასა და გაწითლებას. უმეტეს შემთხვევაში გამონაყარი ჩნდება სახეზე, ყელზე, მხრებზე, დეკოლტეზე, ხელისგულზე.

ალერგიული რეაქციებისაგან თავის დასაღწევად საჭიროა "გამოვიცნოთ", სახელდობრ რა იწვევს მათ, რათა მომავალში აღარ შევეხოთ ამ ალერგენებს. თუ სიმპტომები არ ქრება, მიმართეთ ალერგოლოგს, რომელიც სპეციალური ტესტებით გამოავლენს პროვოკატორ ნივთიერებებს.

ახალი კრემი იდაყვის სახსარში წაისვით და თუ 12 საათის შემდეგ კანი არ გაწითლდა, შეგიძლიათ თავისუფლად იხმაროთ.

მეცნიერები ნეიროდერმიტის მთავარ პროვოკატორებად მიიჩნევენ ძლიერ სტრესებსა და ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილებას. გარდა ამისა, დაავადების გამწვავებაზე დიდ ზეგავლენას ახდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, მკურნალობის, მოწესრიგებული დიეტის შემდეგ ნეიროდერმიტი ქრება.

ამ დაავადებისთვის დამახასიათებელია კანის სიმშრალე, სხვადასხვანაირი გამონაყარი, ძლიერი ქავილი სისხლდენით. ნეიროდერმიტის მკურნალობა მიმდინარეობს კომპლექსურად. პრეპარატებთან ერთად (რომლებიც კუჭ-ნაწლავის მოქმედებას აწესრიგებენ). ინიშნება ანტიჰისტამინური და დამამშვიდებელი საშუალებები, ანთებსაწინააღმდეგო და ჰორმონული მალამოები, ფიზიოთერაპია (სამკურნალო აბაზანები, ულტრაიისფერი), ლურჯი სანთლით მკურნალობა.

ფსორიაზისთვის დამახასიათებელია კანზე ქერცლიანი (ბალთები) ლაქები, მწველი ქავილი.

ფსორიაზის საყვარელი ადგილია: იდაყვები, მუხლები, თავის თმიანი ნაწილი. მეცნიერებს დღემდე ვერ ამოუცნიათ მისი გამომწვევი მიზეზი. ფსორიაზის მიზეზი შეიძლება იყოს მემკვიდრეობითობა, ენდოკრინული დარღვევები, დაუძლურებული იმუნიტეტი, ნევროზები და სტრესები. სამწუხაროდ, მედიცინა ჯერ კიდევ უძლურია მასთან - ვერ კურნავს. თუმცა შეიძლება მიღწეული იქნეს ხანგრძლივი რემისია. მაგალითად, კარგ ეფექტს იძლევა პლაზმადეროზი (სისხლის გაწმენდა), კუპრის შემცველი პრეპარატები, ჰორმონული მალამოები, ფიტოთერაპია და სხვა. პერსპექტიულ მეთოდად არის მიჩნეული ბალნეოფოტოქიმიოთერაპია (აბაზანები).

სასურველია, ფსორიაზის სამკურნალო მეთოდები შეირჩეს ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებით ექიმის მიერ.