წონაში დაკლება გსურთ? - კვირის პალიტრა

წონაში დაკლება გსურთ?

ზაფხულში წონაში დაკლება უფრო ადვილია და სასიამოვნოც. მზიან ამინდში შეგიძლიათ დიდხანს ისეირნოთ ფეხით, მიირთვათ ხილი და ბოსტნეული, სვათ ბევრი სითხე. ამგვარად ადვილად გაუმკლავდებით ზამთარში დაგროვილ ცხიმს. ვაშლი, ტკბილი მარწყვი, წვნიანი ატამი, ბალი, ალუბალი გემრიელია და ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო.

დიეტოლოგების რეკომენდაციით სვით მეტი ჩვეულებრივი უგაზო წყალი, რომელიც ცვლის პროდუქტებს და ოფლის მეშვეობით გამოდევნის მავნე ნივთიერებებს ორგანიზმიდან. შედეგი კი - სუფთა კანია. სიცხეში რეკომენდებულია ყოველდღე მიიღოთ თქვენი წონის 1 კგ-ზე 50 მლ წყალი. თუ იწონით 50 კგ-ს, უნდა დალიოთ არანაკლებ 2 ლ სითხე, აქედან 50-70% სუფთა წყალი უნდა იყოს, დანარჩენი ჩაი, ბალახეულის ნახარში, მორსი და კომპოტი.

კოჭას (იმბირის) ჩაი უწყობს ხელს გახდომას, ასტიმულირებს საჭმლის მონელებას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ამაღლებს სასიცოცხლო ტონუსსა და იმუნიტეტს, აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.

მწვანე ჩაი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ხელს უწყობს ორგანიზმიდან წიდებისა და მძიმე მეტალების სწრაფად გამოდევნას.

გვირილის ყვავილების, პიტნის, ჭინჭრის, მოცხარის ფოთლების ჩაი აუმჯობესებს საჭმლის მონელების ტრაქტს, გუნება-განწყობილებას. მიირთვით ყოველდღე 800 გ-მდე ხილ-ბოსტნეული. მხოლოდ შეეცადეთ, ხილი ჭამოთ დღის პირველ ნახევარში, ბოსტნეული კი - დღის მეორე ნახევარში. მიეძალეთ C ვიტამინით მდიდარ კომბოსტოს სალათებს, რომელიც აახლებს კანის უჯრედებს და ხელს უწყობს ხარისხიანი კოლაგენის გამომუშავებას. სალათები შეანელეთ ნატურალური იოგურტით, მცენარეული ზეთებითა და ვაშლის ძმრით. მცენარეული ზეთები პოლიუჯერი ცხიმმჟავების და E ვიტამინის წყაროა, მძლავრი ანტიოქსიდანტია, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას, კანს ანიჭებს ჯანმრთელ და ახალგაზრდულ იერს. ვაშლის ძმარი არა მარტო სალათებს აძლევს პიკანტურ მომჟავო გემოს, არამედ შლის ცხიმებს.

C ვიტამინი, რომლითაც მდიდარია ზაფხულის ხილ-კენკრა და ბოსტნეული (ასკილი, შავი მოცხარი, ჭარხალი, ხახვი, პომიდორი, ბოლოკი, თალგამი, მწვანე მუხუდო, ყაბაყი, სალათა, სტაფილო, წითელი წიწაკა, ოხრახუში, კამა, პირშუშხა, სატაცური, ისპანახი), ძლიერი ანტიოქსიდანტია, არა მარტო იცავს ჩვენს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან, არამედ ასტიმულირებს კანში ელასტინისა და კოლაგენის სინთეზს (ამკვრივებს კანს), აფერხებს ალერგიულ რეაქციებს, აძლიერებს იმუნიტეტს. მოზრდილი ადამიანის ჩ ვიტამინის დღეღამური ნორმაა 90 მგ.

B ჯგუფის ვიტამინებით მდიდარია რძის პროდუქტები, მაგალითად, ცოცხალი იოგურტი, რომლის რეალიზაციის დრო 7 დღეა. აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მიკროფლორას და სპობს ლპობის ბაქტერიებს.

B2 (რიბოფლავინი) ვიტამინი  ხელს უწყობს უჯრედების ზრდასა და გამრავლებას, აუმჯობესებს კანის, ფრჩხილებისა და თმის მდგომარეობას.

B12 ვიტამინი, რომელსაც შეიცავს კვერცხი, ყველი, რძე, ღვიძლი, ფრინველის ხორცი, აახლებს უჯრედებს, აახალგაზრდავებს კანს, ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი ორგანოების მუშაობის დარღვევისას ტოქსინების გამოდევნას.

პოლიუჯერი ცხიმმჟავა ომეგა 3-ით მდიდარია ორაგული, ქაშაყი, სკუმბრია, კაკალი. ამ ცხიმმჟავას გარეშე შეუძლებელია ნივთიერებათა ნორმალური ცვლა, ის ხელს უწყობს ოპტიმალური წონის შენარჩუნებას.

გთავაზობთ ზაფხულის დიეტის 1 დღის მენიუს:

საუზმე. პირველი ვარიანტი: ერთი მუჭა სეზონური კენკრა შეურიეთ 1 ფინჯან შვრიის ფაფას ან მუსლს (150 გ). ახალგამოწურული 1 ჭ წვენი (ხილის, მწვანილის, ბოსტნეულის მიქსი).

მეორე ვარიანტი: შეანელეთ უცხიმო იოგურტით (1,5-2,5%-იანი) ხილის სალათა ან ერთი ჭიქა ნებისმიერი ახალი კენკრა.

სადილი. ორთქლზე მომზადებული 150 გ ბოცვრის ხორცის კოტლეტი (ან ინდაურის ფილე), ყვავილოვანი კომბოსტოს, ახალი მწვანილის (200 გ), ბრინჯიანი ტკბილი წიწაკის (80 გ) სალათა.

სამხარი. უცხიმო რძის კენკრის კოქტეილი (150 გ კენკრა ათქვიფეთ მიქსერით 100 მლ რძეში).

ვახშამი. ნატურალური უცხიმო იოგურტით შეკაზმული ახალი ბოსტნეულის სალათა (200 გ), გრილზე მომზადებული 100 გ ქორჭილა.