მწვანე აფთიაქი - კვირის პალიტრა

მწვანე აფთიაქი

სურნელოვან პიტნას შეუძლია ზაფხულის ცხელ დღეებში გაგაგრილოთ, მოგიხსნათ დაღლილობა, გაგამხნევოთ და მთელი დღე შეგინარჩუნოთ სიგრილის შეგრძნება.

თავის ტკივილისა და გონებრივი გადაღლილობის დროს დააყენეთ პიტნის 2-3 ფოთლის ჩაი, გააჩერეთ 5 წუთი და სვით ყლუპ-ყლუპად. 15-20 წუთის შემდეგ თავის ტკივილი გაქრება.

გადაღლილ გონებას ნათელი და საღი აზროვნება დაუბრუნდება, თუ ქსოვილის ხელსახოცზე დააწვეთებთ 4-5 წვეთ პიტნის ზეთს და ისუნთქებთ.

ძველ რომში სტუდენტებს ურჩევდნენ ეტარებინათ პიტნა, რადგან მიაჩნდათ, რომ ის აუმჯობესებდა მეხსიერებას. ეგვიპტელები კი ამ მიზნით გამხმარი პიტნის ტომსიკებს სკოლის ყველა კედელზე კიდებდნენ.

თაკარა მზის დროსაც კი მთელი დღე შეგინარჩუნებთ სიგრილესა და მხნეობას გამაგრილებელი პიტნის წყალი: პიტნის 5-7 ფოთოლს დაასხით 200 მლ ქაფქაფა წყალი და გააჩერეთ მთელი ღამე. დილით ჩაასხით პულვერიზატორიან ბოთლებში და დღის განმავლობაში შეისხურეთ სახეზე, მკერდზე, კეფასა და მაჯებზე.

თუ სიცხეში სწრაფად გეღლებათ და გიოფლიანდებათ ფეხები - 2 ს/კ გამხმარ პიტნას დაასხით 1ლ მდუღარე წყალი, გააგრილეთ და 20 წუთით ჩააწყვეთ ფეხები.

ზაფხულის ცხელ დღეებში კოსმეტოლოგები გვირჩევენ:

1. პიტნის ზეთის რამდენიმე წვეთი შეურიეთ ტანის კრემს. პიტნა ტონუსს მატებს და აგრილებს კანს, აუმჯობესებს სისხლის მოძრაობას, ამაგრებს ძვლებს.

2. პიტნის წყალი ჩაასხით პატარა ფორმებში და გაყინეთ მაცივარში. დილით სახე გაიწმინდეთ კუბებით.

გთავაზობთ პიტნის შოკოლადიანი ნუგბარის რეცეპტს:

ჩაიდანში ჩაყარეთ პიტნა, დაამატეთ 1 ს/კ შაქარი, დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და გააჩერეთ ერთი ღამე. 100 გ შავი შოკოლადი გაადნეთ წყლის ორთქლზე, დაამატეთ 300 მლ ნაღები და ათქვიფეთ. გაანაწილეთ ფინჯნებში, დაამატეთ პიტნის ნაყენი და აურიეთ.