არასრულფასოვნების განცდა, საქართველო - ინტენსიური რისკის ზონა - კვირის პალიტრა

არასრულფასოვნების განცდა, საქართველო - ინტენსიური რისკის ზონა

თვალში მოგხვდებათ - ქუჩებში უამრავი ადამიანი გულდამძიმებული დადის. ბევრია შეწუხებული და დადარდიანებული, მეტიც - უპერსპექტივობის გამო გზასაცდენილი. სოფლად თუ ქალაქად, ყველა სახლის წინ ნახავთ დილიდან საღამომდე უსაქმოდ ჩამომსხდარ ახალგაზრდებს, რომლებიც ყოველდღიურად სპირტიან სასმელს სვამენ, აღარაფერს ვამბობ უფრო მძიმე - ნარკოტიკულ თრობაზე. ისინი ცოტანი არ არიან და, რაც მთავარია, მათ გაკიცხვა და შეჩვენება კი არა, თანადგომა სჭირდებათ. ეს ყველაფერი ხომ ჩვენს გენოფონდზე აისახება.

ამასაც და იმ მძიმე მდგომარეობასაც, რასაც ნევროზული თუ დეპრესიული ადამიანები განიცდიან, ცხადია, თავისი ახსნა აქვს და როგორც ფსიქოლოგმა ნანა მამულაშვილმა მითხრა, სხვადასხვა კონკრეტული მიზეზის გარდა, ერთი ძალიან ზოგადი და გავრცელებული - არასრულფასოვნების კომპლექსი იწვევს... რა არის არასრულფასოვნების კომპლექსი, როდის ჩნდება ის და რა მოაქვს შედეგად, ვკითხე ქალბატონ ნანას:

არასრულფასოვნების განცდა

არასრულფასოვნების განცდა შეიძლება ორ სრულიად განსხვავებულ, ერთმანეთის საპირისპირო სიტუაციაში გაუჩნდეს მოზარდს. ერთი, როცა მშობლები მოუცლელნი არიან, ან ერთმანეთთან კონფლიქტი აქვთ და თითქმის ვერ ნახულობენ დროს შვილისათვის და მეორე - როცა გადამეტებული ყურადღებით, შვილზე ზედმეტი პასუხისმგებლობის დაკისრებით იწვევენ ამას.

ხშირად საქმით დაკავებული მშობელი ნაკლებად არის ბავშვთან, ის სოციუმი კი, რომელთანაც პირველად უწევს ბავშვს შეხება, გაუმართავია... უმთავრესია, რომ პატარისათვის მშობელი დაცულობის შეგრძნებას იწვევს, ამიტომ მასთან კონტაქტი აუცილებელია. მან უნდა იგრძნოს ემოციური სიახლოვე დედ-მამასთან, მას უნდა გამოუმჟღავნონ სიყვარული, ესაუბრონ... როცა მშობელი ვერ ახერხებს საამისოდ დროის გამონახვას, შვილი თავს დაუცველად გრძნობს და არასრულფასოვნების კომპლექსის ჩამოყალიბების რისკჯგუფში ხვდება. გაითვალისწინეთ, რომ ტელეფონით ან სკაიპით შვილთან ურთიერთობა მშობელთან კონტაქტის კომპენსაციას ვერ ახდენს. ბავშვთან ემოციური სიახლოვე უშუალო კონტაქტისას, საუბრის დაწყებიდან 20 წუთის თავზე დგება. ამდენად, უშუალო ლაპარაკი ათი-თხუთმეტი წუთით დილა-საღამოს დეფიციტს ვერ აღმოფხვრის მეორე შემთხვევას "ხუთოსნის სინდრომს" ვეძახით. მშობელი თავს ახვევს შვილს თავის ინტელექტუალურ გამოცდილებას, აღიარებს, რომ ის ძალიან კარგია და ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებს. როცა ბავშვი იწყებს გაანალიზებას, რომ გარემო მას ასეთი აღფრთოვანებით არ იღებს, პრობლემები უჩნდება.

ორივე შემთხვევაში იკარგება დაცვის მექანიზმი, ყალიბდება არასრულფასოვნების განცდა. ასეთი გოგონები ძალიან ხშირად ადრე თხოვდებიან და დამცველს მეუღლეში ეძებენ, ვაჟები კატეგორიულად ითხოვენ აღიარებას, ამტკიცებენ, რომ ამას იმსახურებენ, რასაც ხშირად ახლავს აგრესია. ეს ბავშვები სტრესებით შედიან საზოგადოებრივ ურთიერთობებში...

საშველი ცხადია, არსებობს, უნდა გამოიმუშაონ დაცვის ჯანსაღი მექანიზმი. ამით იშვიათად თანდაყოლილად არიან დაჯილდოებული ადამიანები, ამიტომ უფრო ხშირად ამ მექანიზმის ხელოვნური ძიებაა საჭირო...

უცხოეთში სამუშაოდ წასული მშობლების შვილები

საქართველოში ახალი ფენა გამოიკვეთა - უცხოეთში ლუკმაპურის საძებნელად წასული მშობლების შვილები. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ისინი განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან. მათ დედასთან ან მამასთან (ან ორივესთან ერთად) ფიზიკური შეხების შესაძლებლობა მოსპობილი აქვთ. ამ ბავშვებს საოცარი დარდი და ბოღმა აწუხებთ, რადგან მათთვის მშობლის ხატი მთავარ მისიას - დაცვით ფუნქციას კარგავს. მეორე მხრივ, მოზრდილ ბავშვს ესმის, რომ ეს აუცილებლობაა და არა კაპრიზი - დედა თუ მამა მას შორიდან არჩენს... მაგრამ ამისი ცოდნა პრობლემას ვერ აგვარებს. გვაქვს შემთხვევები, რომ ეს ბავშვები ხდებიან ნევროზულები, აგრესიულები, უქვეითდებათ კომუნიკაბელურობა. ეს ფენა - უცხოეთში სამუშაოდ წასული მშობლების შვილები - სერიოზული რისკჯგუფია. არასოდეს ვიქნები მამაჩემისნაირი მამა, ან დედაჩემისნაირი დედა, - არაერთხელ გაგვიგონია. შეიძლება ამ ბავშვებმა არასოდეს იფიქრონ უცხოეთში წასვლასა და შვილების დატოვებაზე და ამით შეავსონ სიცარიელე - მიიღონ საკუთარი დეფიციტის კომპენსირების განცდა.

გვიან შეძენილი არასრულფასოვნების კომპლექსი

შეიძლება ბავშვი ჰარმონიულ გარემოში გაიზარდოს, მაგრამ უკვე ზრდასრული რეალობამ დათრგუნოს, დაუცველობის განცდა გაუჩნდეს. გვიან შეძენილ არასრულფასოვნების განცდას შეიძლება ბავშვობიდან გამოყოლილზე მძიმე სულიერი რღვევის პროცესი ახლდეს თან. მაგრამ ანგარიშგასაწევია: თუ ბავშვი სწორად ყალიბდებოდა, უმრავლეს შემთხვევაში ის პოულობს ძალას, რომ მძიმე მდგომარეობაშიც კი მოძებნოს გამოსავალი.

ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური ფონი, უმუშევრობა - არასრულფასოვნების განცდის სერიოზული წინა პირობაა, მაგრამ ამ მდგომარეობაშიც კი უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს დროში გადასაწყვეტი და გადაუწყვეტელი პრობლემები. საღად მოაზროვნე ადამიანმა უნდა გამოიტანოს დასკვნა, მოერგოს სიტუაციას და გადაუწყვეტელი პრობლემების გამო არ დაითრგუნოს თავი; რაც ახლა არ იცვლება, დაელოდოს დროში შეცვლას - აქ თუნდაც ახალი პროფესიის ძიება, საქმის წამოწყება ან ქვეყანაში არჩევნების ჩატარება ვიგულისხმოთ.

მოგეხსენებათ, ფსიქიკაში სუსტი რგოლი წყდება. მავანი თუ იბრძვის სირთულის დასაძლევად, სხვა ამას ვერ ახერხებს, უყალიბდება სულიერი კრიზისი, აქვს ნიჰილისტური, ზოგჯერ სუიციდური აზრები, ვარდება დეპრესიაში, თავშესაფარს ეძებს მონასტერში ან ვირტუალურ რეალობაში.

გარემოს ზეგავლენა

- ვიყიდი წამალს? მოვახერხებ ექიმთან მისვლას? მექნება სწავლის საშუალება? სასამართლო დამიცავს? - ამ პრობლემების წინაშე მუდმივად შფოთავ. ადამიანს აქვს პოზიტიური (დადებითი) და ნეგატიური (უარყოფითი) მოლოდინები, ქვეყანაში, სადაც მოქალაქე დაცული არ არის, ნეგატიური მოლოდინია გამძაფრებული. ეს ურთიერთკავშირშია არასრულფასოვნების განცდასთანაც, შესაბამისად, სტატისტიკურად რისკჯგუფს განეკუთვნება თითქმის მთელი საქართველო.

ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა დახარჯოს ენერგია, მიიღოს ადეკვატური ანაზღაურება, ჰქონდეს ადგილი საზოგადოებაში... თუ ეს არ ხდება, ირჩევს სხვა გზას: უნდა გავექცე რეალობას, იმიტომ, რომ "არ მაწყობს" ის, რასაც ვიღებ! ამიტომ ზოგი ლუდომანი ხდება (აზარტულ თამაშებზე გადაერთვება), ზოგი - ალკოჰოლზე დამოკიდებული, ზოგი - ნარკომანი... ამ მხრივ საქართველო ინტენსიური რისკის ზონაა...

რა ვიღონოთ?

ცხადია, ამ პრობლემას სერიოზული გადაწყვეტა სჭირდება და ძირითადად ინდივიდუალური მუშაობისას უკეთ ჩამოუყალიბებს ჩვევებს პიროვნებას, მაგრამ არსებობს ზოგადი მითითებაც: შეინარჩუნეთ ზომიერების გრძნობა, სიმშვიდე და დიალოგის უნარი. ეს ძალიან ამცირებს თქვენი შვილების რისკჯგუფში მოხვედრის საშიშროებას. შინაგანი დაძაბულობა, დისკომფორტი ბავშვებზე არ გადაიტანოთ. ჩვენ - მშობლები მათი დაცვა ვართ, მაგრამ დაცვა, რომელიც ფეხზე ძლივს დგას, ბავშვის ფსიქოლოგიურ საყრდენად ვერ გამოდგება. ცხადია, მთლად ვერ გავექცევით ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის ზეგავლენას, მაგრამ ამ რჩევების გათვალისწინებითაც კი შეიძლება მივცეთ ბავშვებს მეტი დაცულობის შეგრძნება, კონტაქტი და სიყვარული... ეს მათ მომავალზე აისახება.