ღიღილო ჯანმრთელობის სამსახურში - კვირის პალიტრა

ღიღილო ჯანმრთელობის სამსახურში

ჰიპოკრატეს დროიდან არის ცნობილი ლურჯი ღიღილოს სამკურნალო თვისებები. რომელსაც არა მარტო ხალხური, არამედ ოფიციალური მედიცინაც ფართოდ იყენებს სამკურნალოდ. ღიღილოს ყვავილებით დამზადებულ პრეპარატებს, ანიცინის წყალობით (რომელსაც ეს ყვავილი შეიცავს), აქვთ შარდმდენი თვისება.

ეს უპრეტენზიო ყვავილი აუმჯობესებს საჭმლის მონელების ფუნქციას, არის მატონიზებელი და სპაზმების მომხსნელი, აქვს ანთებსაწინააღმდგო, ანტიმიკრობული, ოფლმდენი და მსუბუქი ნაღველმდენი თვისება.

ჰომეოპათიასა და ხალხურ მედიცინაში ღიღილო განსაკუთრებით პოპულარულია თვალების დაავადების - გარეგანი გამოყენებისთვის - კონიუნქტივიტის, ბლეფარიტისა და დაღლილი თვალების მკურნალობის დროს.

ღიღილოს ჩაის (1/2 ჩ/კ დაქუცმაცებულ ყვავილებს დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი), აქვს ტკივილგამაყუჩებლისა და სიცხის დამწევი თვისება; ჩაი ორგანიზმს წმენდს ტოქსინებისა და წიდებისაგან, არის საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალება. სამკურნალოდ გამოიყენება ყვავილების ნაყენი, როგორც ფხვნილი, ისე ნახარში.

თირკმლების დაავადების დროს: შეურიეთ ერთმანეთს 45 გ დათვის კენკრის ფოთლები, 15-15 გ ღიღილოს ყვავილები და ღვიის ნაყოფი. 1 ს/კ ნარევს დაასხით 200 მლ მდუღარე, გააჩერეთ 20 წუთი, გაწურეთ და მიიღეთ თითო ს/კ ნაყენი 3-ჯერ დღეში.

ჰიპერტონიის დროს: შეურიეთ ერთმანეთს 15-15 გ ღიღილოს ყვავილები, კუნელისა და ცირცელის ნაყოფი, შვიტასა და თეთრი ფითრის ფოთლები, კატაბალახას ფესვები. 1 ს/კ ნარევს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, ცოტა ხანს გააჩერეთ, გაწურეთ და მიიღეთ 50 მლ ნაყენი 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

ღვიძლის დაავადების დროს: შეურიეთ ერთმანეთს 20 გ ღიღილოს ყვავილები, 10-10 გ ბაბუაწვერას ფესვები და 40 გ ნარგიზელას ყვავილები. 1 ს/კ ნარევს დაასხით 1 ლ მდუღარე და 3 ჩ/კ თაფლი. გააჩერეთ 5 წუთი და მიიღეთ 200 მლ ნაყენი 5-ჯერ დღეში, ჭამის წინ.

ძლიერი გაღიზიანებისა და ნერვიულობის დროს ძალიან სასარგებლოა ღიღილოს ყვავილებიან მინდორში ფეხშიშველა სიარული, დილაობით სეირნობა.