"ეპიდემია გარდაუვალია!” - კვირის პალიტრა

"ეპიდემია გარდაუვალია!”

უკრაინაში ღორის გრიპს პოლიტიკურ გრიპს უწოდებენ

"ქვეყანას პრევენციული ზომები უნდა მიეღო, მაგრამ როცა ეპიდემია გამოცხადდა, აფთიაქებში გრიპის წამალს კი არა, სამედიცინო ნიღაბსაც ვერ იშოვიდი"

საქართველოში ღორის გრიპის გავრცელების საფრთხე უკვე სამთავრობო დონეზე განიხილება. ქვეყანაში H1N1 ტიპის ვირუსის ორი ახალი შემთხვევა აღირიცხა, ხოლო ინფიცირებულთა რიცხვმა ოცდათერთმეტს მიაღწია. ჯანდაცვის მინისტრი ირწმუნება, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. თუმცა ქვეყანაში პრეპარატ ტამიფლუს იმარაგებენ და საქართველომ უკვე განაცხადიც გააკეთა ღორის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაძენად.

საქმე რომ სახუმაროდ არა გვაქვს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მიმართვიდანაც ირკვევა.

დოქტორი მარგარეტ ჩანი: "აპრილის ბოლოს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განგაში გამოაცხადა გრიპის ახალ ვირუსთან დაკავშირებით.  H1N1 შტამი არასდროს ცირკულირებდა ადამიანებში. ეს აბსოლუტურად ახალი ვირუსია. იგი გადამდებია და ადვილად ვრცელდება ერთი ადამიანიდან მეორეზე, ერთი ქვეყნიდან მეორეში. დაავადების შემდგომი გავრცელება გარდაუვალია. მსოფლიო ამჟამად 2009 წლის გრიპის პანდემიის დასაწყისშია.

რა თქმა უნდა, თითოეული გარდაცვალება ტრაგედიაა და ვიცით, რომ ასეთი შემთხვევები კიდევ იქნება. მიუხედავად ამისა, არ ველოდებით მწვავე და ფატალურ შემთხვევათა სიმრავლეს. ვიცით, რომ ახალი H1N1 ძირითადად ახალგაზრდებს აინფიცირებს. ყველგან, სადაც გამოვლინდა დიდი და მდგრადი აფეთქება, დაავადებულთა უმეტესობა 25 წლამდე ასაკისა იყო, შემთხვევათა 2%-ში განვითარდა გრიპის მძიმე ფორმა, ხშირად სიცოცხლისათვის საშიში პნევმონიით.

ამავე დროს მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მძიმე და ფატალური შემთხვევების 1/3 აღინიშნება მანამდე ჯანმრთელ ახალგაზრდა და საშუალო ასაკის პირებში. ეჭვგარეშეა, რომ ორსულები იმყოფებიან მაღალი რისკის ქვეშ. რამდენადაც ეს ვირუსი უმეტესად ახალგაზრდებს აზარალებს, კიდევ უფრო მატულობს ორსულთათვის ამ ვირუსის რისკი. საბოლოოდ, მიუხედავად დიდი შეშფოთებისა, ჩვენ არ ვიცით, როგორ "მოიქცევა" ვირუსი განვითარებად მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე. ქვეყნები, სადაც აფეთქებამ პიკს მიაღწია, უნდა მოემზადონ მეორე ტალღისთვის. მიუხედავად ყველაფრისა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიზანშეწონილად არ მიიჩნევს მგზავრობის შეზღუდვასა და საზღვრების ჩაკეტვას. გრიპის საშუალო ან მძიმე პანდემია მნიშვნელოვანია მისი თითქმის უნივერსალური შესაძლებლობით, დააინფიციროს მსოფლიოს მოსახლეობა. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ, ყველანი, ერთად ვართ და ერთად დავძლევთ მოსალოდნელ საფრთხეს".

საქართველოში ღორის გრიპისადმი პანიკური შიში მას შემდეგ გამძაფრდა, რაც უკრაინაში გრიპით გარდაცვლილთა რაოდენობამ ოთხმოცდაათს მიაღწია. მართალია, აქედან მხოლოდ 14-ს დაუდასტურდა H1N1-ის შტამი, მაგრამ ის, რომ სახელმწიფოში, რომელთანაც საქართველოს ინტენსიური საჰაერო და საზღვაო მიმოსვლა აქვს, გრიპით ინფიცირებულთა რიცხვი უკვე ნახევარ მილიონს აჭარბებს, სიმშვიდის საფუძველს არ იძლევა.

ქეთევან მინაძე (უკრაინაში მცხოვრები ქართველი): "უკვე ხუთი წელია უკრაინაში, ქალაქ ნიკოლაევში ვცხოვრობ, ოდესასთან ახლოს. გრიპის ვირუსი უფრო მეტად უკრაინის დასავლეთ ნაწილშია გავრცელებული. დაავადების შემთხვევათა უმეტესობა ქალაქ ლვოვშია, მაგრამ ვითარება უკვე მართვადია. სხვადასხვა ქვეყნიდან პრეპარატები და სუნთქვის აპარატები ჩამოიტანეს. წარმოიდგინეთ, 50-მილიონიან ქვეყანაში იმის ტექნიკური შესაძლებლობა არ არსებობდა, რომ დაედგინათ, დაავადების კონკრეტულ შემთხვევაში კალიფორნიულ გრიპთან გვქონდა საქმე თუ ჩვეულებრივ სეზონურ ვირუსთან. სეზონურად კი აქ საკმაოდ მძიმე ვირუსული გრიპებია ხოლმე გავრცელებული, რომელიც ფილტვების ანთებას იწვევს, ავადმყოფს მაღალი ტემპერატურა აქვს და ჰემატომისგან იღუპება. ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, უფრო მეტად პანიკაა, ვიდრე ღორის გრიპის ეპიდემია.

მაგალითად, კიევში კალიფორნიული გრიპით ინფიცირების მხოლოდ ერთი შემთხვევა გამოვლინდა, თბილისში კი, როგორც გავიგე, ინფიცირებულთა რიცხვი ბევრად მეტია. აქაურები არ გამორიცხავენ, რომ ეს პოლიტიკოსთა მიერ აგორებული წინასაარჩევნო აფერაა, შავი პიარი. ადგილობრივი მედიასაშუალებებით ვრცელდება მოსაზრება, რომ ჩვეულებრივი სეზონური გრიპის ეპიდემიას პოლიტიკური ლიდერები სათავისოდ იყენებენ. ჯერ კიდევ ზაფხულში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უკრაინა კალიფორნიული ვირუსის დასახვედრად ემზადებოდა. შესაბამისად, ქვეყანას პრევენციული ზომები უნდა მიეღო, მაგრამ როცა ეპიდემია გამოცხადდა, აფთიაქებში გრიპის წამალს კი არა, სამედიცინო ნიღაბსაც ვერ იშოვიდი. ამიტომ ოპოზიციონერი ვიქტორ იანუკოვიჩი სატელევიზიო გამოსვლებში ხალხის დამშვიდების ნაცვლად, ვითარებით სარგებლობს და პოლიტიკურ ქულებს იწერს: ხომ ხედავთ, რა გაგიკეთათ ხელისუფლებამ, ქვეყანა მზად უნდა ყოფილიყო, ამათ კი ხელი არ გაუნძრევიათო.

იმასაც ამბობენ, უკრაინის ხელისუფლებამ, ქვეყანაში ღორის გრიპის ეპიდემიის ინსცენირებით, საერთაშორისო დახმარებების სახით, სოლიდური თანხები მიიღოო. მოკლედ, აქ ამ ვირუსს პოლიტიკურ გრიპს უწოდებენ. ფაქტი კი ერთია - ხალხი პანიკაშია, ყველა ნიღბით დადის, სკოლები, საბავშვო ბაღები დაკეტილია. ზოგ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტიც კი არ მოძრაობს".

პაატა იმნაძე (დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი):  - უკრაინაში გრიპით ინფიცირებულთაგან 14 კაცს ღორის გრიპის შტამი დაუდასტურდა, მათ შორის, გარდაცვლილებსაც. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ახალ  H1N1-ის ვირუსთან ერთად, უკრაინაში სეზონური გრიპიც ცირკულირებს, მაგრამ უმრავლესობა ალბათ ახალი გრიპით არის ინფიცირებული.

- არსებობს საშიშროება, რომ ტემპერატურის დაცემასთან ერთად, იგივე საქართველოშიც განმეორდეს?

- ზამთარი გრიპის გარეშე არავის გვინახავს. ჩვეულებრივ, უკრაინაში დაავადების ინტენსივობა უფრო მაღალია, ვიდრე ჩვენთან. მოსალოდნელია, რომ ჩვენთანაც იქნება გრიპის ეპიდემია. ვემზადებით, რომ ჩვენი სამედიცინო სისტემა ამას გაუმკლავდეს. მძიმე შემთხვევათა სამკურნალოდ საქართველოს მომარაგებული აქვს პრეპარატები.

- კვების პროდუქტების დიდი ნაწილი საქართველოში უკრაინიდან შემოდის. ხომ არ არსებობს საფრთხე ამ გზით ვირუსის გავრცელებისა?

- არავითარი კავშირი გრიპს კვების პროდუქტებთან არა აქვს.

- მიმოსვლა უკრაინასთან...

- რა განსხვავებაა, ლონდონიდან ჩამოფრინდება კაცი თუ უკრაინიდან. თუ ასეა, დაავადების ინტენსივობა ბრიტანეთში გაცილებით მეტია.

- თურქეთის საბაჟოზე არის მოწყობილობა, რომელიც მგზავრის ტემპერატურას ამოწმებს და თუ ნორმას არ შეესაბამება, საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ აძლევენ.

- ჩვენთან ყველა ჩამოსულ მგზავრს აეროპორტში ექიმი ხვდება. ჩვენთან ჩამოდის რეისზე დაახლოებით 100 მგზავრი. ასი მგზავრის გამოკითხვას რა უნდა? თურქეთში კი  ერთდროულად ათიათასობით ადამიანი ჩადის. ჩვენთან ექიმი უკვე ბორტიდან იღებს ინფორმაციას იმის შესახებ, ხომ არ არის ვინმე ავად. და თუ არის ასეთი მგზავრი, გამოკითხავენ და გასინჯავენ.

- როგორ დავიცვათ თავი ღორის გრიპისგან?

- ხელები უნდა დავიბანოთ ხშირად და კარგად, და ავადმყოფი თუ არის სადმე, ერთ მეტრზე თუ მივუახლოვდებით, ნიღაბი უნდა გვეკეთოს. ოღონდ ნიღბის გამოყენებასაც სიფრთხილე უნდა, რადგან თუ სწორად არ გამოვიყენებთ, შესაძლოა რისკი გაიზარდოს - ვთქვათ, თუ ჯერ ერთი მხრიდან გვქონდა გაკეთებული, დაგვავიწყდა და შემდეგ მეორე მხრიდან გავიკეთეთ.

- როგორ უნდა მივხვდეთ, რომ შესაძლოა ღორის გრიპით ვართ ინფიცირებული?

- პაციენტისთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ახალი ვირუსის გრიპი ექნება თუ ძველის. მას ექნება გრიპი. და თუ გრიპი არის და მძიმედ მიმდინარეობს, აუცილებლად ექიმს უნდა მიმართოს. მძიმედ მიმდინარეობაა 38 გრადუსი და უფრო მაღალი ტემპერატურა. სუნთქვის გაძნელება ისეთი სიმპტომია, რომელიც აუცილებლად საჭიროებს ექიმისთვის მიმართვას.

- ითქვა, რომ ყველაზე ხშირად ამ გრიპით ახალგაზრდები ავადდებიან...

- ჩვენთან დაავადებული საბედნიეროდ, მხოლოდ 31-ია, ყველა შემთხვევა იყო მსუბუქი, ორი კი საშუალო სიმძიმის. უმრავლესობას არავითარი ანტივირუსული მკურნალობა არ ჩასტარებია.

- როდის შემოვა ამ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში და იქნება თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო?

- განაცხადი ვაქცინაზე საქართველომ დიდი ხანია გააკეთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში. როგორც კი ეს უკანასკნელი რომელიმე ვაქცინას აღიარებს, საქართველო მას მიიღებს. ვაქცინა იქნება, პირველ რიგში, მაღალი რისკის ჯგუფებისთვის.

- ეპიდემიის შემთხვევაში რამდენი კაცი შეიძლება დაავადდეს საქართველოში ღორის გრიპით?

- გათვლები გაკეთებულია იმ დაშვებით, რომ ერთი წლის განმავლობაში შესაძლოა ავად გახდეს მოსახლეობის 25%-მდე. ეს ყველაზე უარესი ვარიანტია. აქედან მძიმე იქნება 2%, მათ ჰოსპიტალიზაცია დასჭირდებათ. ვსწავლობთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას. აშშ-ში, მექსიკაში, ბრიტანეთში, გერმანიაში მეორე ტალღა დაიწყო. თუმცა გათვლები - პრეპარატები, საავადმყოფოების მზადყოფნა - მაქსიმუმზეა გაკეთებული.