ვუმკურნალოთ ჯიბლიბოს - კვირის პალიტრა

ვუმკურნალოთ ჯიბლიბოს

ქუთუთოების შეწითლებას, შეშუპებას და ტკივილს იწვევს ჯიბლიბო (ქუთუთოების კიდის ცხიმის ჯირკვლის მწვავე ჩირქოვანი ანთება), მას იწვევს ინფექცია - სტაფილოკოკის ჩირქმბადი ბაქტერიები. თუ იმუნიტეტი დასუსტებულია (გაცივებით, სტრესებით, გადატანილი დაავადებებითა და ვიტამინების ნაკლებობით), ინფექცია ძლიერდება და იწვევს ანთებას, ქუთუთოებზე ჩნდება სიწითლე, შესივება, ტკივილი, რამდენიმე დღის შემდეგ იზრდება და ჩნდება ყვითელი თავი - ჩირქგროვა.

ჯიბლიბოზე დაიდეთ თბილი, სველი საფენები ან გაიკეთეთ ჩაის მაგარი ნაყენი, რომელსაც აქვს ანთებსაწინააღმდეგო თვისება. ანალოგიური თვისება აქვს გვირილის ყვავილის და ალოეს ფოთლების ნახარშს. ეს მცენარეები ანტისეპტიკურია, ხსნის სიწითლესა და ტკივილს.

სახლის პირობებში ჯიბლიბოს მკურნალობამ თუ შედეგი არ გამოიღო, მიმართეთ ექიმს, რომელიც დანიშნავს მკურნალობას (ანტიბიოტიკებს და სხვ.).

პროფილაქტიკის მიზნით, რადგან ჯიბლიბო ინფექციური დაავადებაა, რათა თვალში არ მოხვდეს ინფექცია, გირჩევთ: ნაკლებად შეეხეთ თვალებს ხელებით, იხმარეთ თქვენი პირსახოცი და ცხვირსახოცი; საღამოს აუცილებლად დაიბანეთ თვალები და, რაც მთავარია, აიმაღლეთ იმუნიტეტი, გამოიძინეთ, ბევრი ისეირნეთ ჰაერზე, ივარჯიშეთ, იკვებეთ სრულფასოვნად და უარი თქვით მავნე ჩვევებზე (ალკოჰოლი, სიგარეტი).

გთავაზობთ ჯიბლიბოს მკურნალობის ხალხურ რეცეპტებს:

1. ძალიან ფრთხილად წაისვით ჯიბლიბოზე ნივრის პატარა ნაჭერი, დღის განმავლობაში რამდენჯერმე ან ქუთუთოზე დაიდეთ მოხარშული თბილი კვერცხი.

2. გარეცხილი ალოეს ფოთლის წვენი გახსენით წყალში პროპორციით 1:10. ხსნარში დაასველეთ ბამბა და 20 წუთით დაიდეთ ჯიბლიბოზე 3-4-ჯერ დღეში.

3. შეურიეთ ერთმანეთს 5 ს/კ ნარგიზელას ყვავილი, 3 ს/კ იაჟუჟუნას ფოთლები, 2 ს/კ კოთხუჯის ფესვები და ძალიან ცოტა არყის ხის კვირტები. 3 ს/კ ნარევს დაასხით 1 ლ მდუღარე და 20 წუთი გააჩერეთ წყლის ორთქლზე. გადმოდგით და 6 საათის შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ 1/2 ჩ/ჭ 3-ჯერ დღეში, ჭამამდე.