ბუნება მკურნალია - კვირის პალიტრა

ბუნება მკურნალია

შაქრიანი დიაბეტის მკურნალობისას სისხლში შაქრის დონის დამწევ წამლებთან ერთად ფართოდ გამოიყენება მცენარეებიც: მაგალითად: ნეგო, კრაზანა, დაფნის ფოთოლი, მრავალძარღვა, წითელი მოცვი, ჟოლო, შავი მოცხარის და მაყვლის ფოთლები, ჭინჭარი, მინდვრის შვიტა, ასკილის, ანწლისა და კუნელის ნაყოფი, ოროვანდისა და ბურბუშელას (ბაბუაწვერას) ფესვები, მიწავაშლა, კაკლის უღელი და ნორჩი ფოთლები, ვარდკაჭაჭა, არყის კვირტები და სხვ.

გთავაზობთ რეცეპტებს: - 40 გ კაკლის უღელს დაასხით 0,5 ლ წყალი და ერთი საათი ადუღეთ ნელ ცეცხლზე. 1 ს/კ ნახარში მიიღეთ ყოველი ჭამის წინ და ჭამამდე 10-15 წუთით ადრე.

- მაისში მოკრეფილ 1 ს/კ წვრილად დაჭრილ კაკლის ნორჩ ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, 1 წუთი ადუღეთ. გააცივეთ, გადაწურეთ. ნაყენი სვით მთელი დღის განმავლობაში თანაბარი ულუფებით.

ეს ნაყენი სასარგებლოა არა მარტო შაქრიანი დიაბეტის, არამედ ჩიყვის, ათეროსკლეროზის, კისტებისა და მაღალი არტერიული წნევის დროს.

- 1 ს/კ შვრიის მარცვალს (სასურველია, ჩენჩოიანად) დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი და 15 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე. მიიღეთ დღის განმავლობაში 3-4-ჯერზე. ნახარში შეინახეთ მაცივარში.

- დარიჩინი არა მარტო არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, არამედ ორგანიზმის ზოგადგამაჯანსაღებელი საშუალებაცაა. სამკურნალო მიზნით დარიჩინი შეგიძლიათ ჩაის დაამატოთ, დღეში ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი საკმარისია, სისხლში შაქრის დონის დასაწევად. მეცნიერული კვლევებით დამტკიცდა, რომ ეს სანელებელი აქვეითებს ცხიმებისა და "ცუდი" ქოლესტერინის დონესაც, ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს, ხელს უშლის სისხლის შედედებას, ანტიბაქტერიული თვისებისაა.

- სისხლში შაქრის დონის მოსაწესრიგებლად და სისხლძარღვთა გასაწმენდად 20 ც მიხაკს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, თავზე დაახურეთ და გააჩერეთ ერთი ღამე. მიიღეთ 1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე. საღამოს ამ 20 მიხაკს დაამატეთ კიდევ 10 ც მიხაკი და ისევ გააჩერეთ ერთი ღამე თავდახურულ ჭურჭელში. მეორე დღეს იმავე რაოდენობით მიიღეთ. ამის შემდეგ მოამზადეთ ახალი ნაყენი. მკურნალობის კურსი 6 თვეა.

- 8-10 ც დაქუცმაცებული დაფნის ფოთოლი ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და ერთი ღამე გააჩერეთ, სვით 1/4 თბილი ნაყენი, 3-4-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე, მკურნალობის კურსი 3-6 თვეა.

- 40% ინულინს შეიცავს ოროვანდის ფესვები, რომელიც დიდ როლს ასრულებს როგორც შაქრიანი დიაბეტის, ასევე ნაღველკენჭოვანი და შარდკენჭოვანი დაავადებების მკურნალობაში, რეკომენდებულია რევმატიზმისა და გასტრიტის დროსაც.

- 20 გ ოროვანდის ფესვებს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, ადუღეთ 10 წუთი წყლის ორთქლზე. გააცივეთ, გადაწურეთ და მიიღეთ 1 ს/კ ნაყენი 3-4-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

- 1 ს/კ კოვზ ბაბუაწვერას დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, თავზე დაახურეთ და შეფუთული გააჩერეთ 2 საათი. გადაწურეთ და 1/3 ნაყენი სვით 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

- პირშუშხას ფესვები გახეხეთ და დაამატეთ მაწონს (1:10) მიიღეთ 1 ს/კ 3-ჯერ დღეში ჭამამდე 15 წუთით ადრე.