მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები - კვირის პალიტრა

მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები

მეხსიერება ტვინის ძირითადი ფუნქციაა. ამა თუ იმ ქცევის განსახორციელებლად ადამიანი გამუდმებით სარგებლობს წარსულში მიღებული გამოცდილებით. შესაბამისად, გარემოში მიმდინარე ცვლილებათა დამახსოვრებისა და "დასწავლის" საშუალებით ჩვენ ცოდნის დაგროვების უნარი გვაქვს და ამ ცოდნას ვიყენებთ. ამრიგად, მეხსიერება წარმოადგენს ფენომენს, რომლის საშუალებითაც ხდება "დასწავლა". მეხსიერების დაკარგვა ადამიანის დეპერსონალიზაციას იწვევს და ადამიანთა შორის ურთიერთობას შეუძლებელს ხდის. მეხსიერების დეფიციტი და დასწავლის უუნარობა აღინიშნება დაუნის სინდრომის, დისლექსიის, ალცჰაიმერის, ჰანტინგტონის და სხვა დაავადებათა დროს.

მეხსიერების კლასიფიკაციაზე, მის დარღვევებსა და მასთან დაკავშირებულ სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება კლინიკა "მედიჰელფის" ექიმი ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი ეკა დევიძე.

- ქალბატონო ეკა, ყველაზე ხშირად რომელ ნევროლოგიურ პრობლემებს ახლავს თან მეხსიერების დარღვევა და უმთავრესად რა სახისაა ეს დარღვევები?

- მეხსიერება თავის ტვინის უნარია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ინფორმაციის მიღება, შენახვა, გადამუშავება და საჭიროების შემთხვევაში მისი გახსენება, ანუ ზედაპირზე ამოტანა. მეხსიერება არ არის მარტივი ერთგვაროვანი სისტემა; ის თავის ტვინის ნეირონული სისტემების ერთობლიობას წარმოადგენს. კლინიცისტები მეხსიერებას ხანგრძლივობის მიხედვით სამ საფეხურად ყოფენ. მყისიერი ანუ მუშა მეხსიერება (ოპერატიული მეხსიერება) გულისხმობს აქტიური დამახსოვრების გარეშე მცირე მოცულობის ინფორმაციის დაფიქსირებას დროის მცირე მონაკვეთში. ამ დროს არ ხდება ინფორმაციის შენახვა. ადამიანის მყისიერი მეხსიერება შვიდ სიმბოლოს იტევს. მაგალითად, ტელეფონის შვიდნიშნა ნომერს, ან შვიდ სიტყვას. ყურადღების სხვა საგანზე გადატანისას მყისიერ მეხსიერებაში არსებული ინფორმაცია გვავიწყდება. მეხსიერების მეორე სახეა ხანმოკლე, ანუ ფიქსაციური მეხსიერება, რომელიც გულისხმობს განსაზღვრული სიტყვების ან მოვლენების დაფიქსირებას და რამდენიმე წუთის ან საათის შემდეგ მათ გახსენებას.  ხანგრძლივი მეხსიერება ეწოდება მეხსიერებაში არსებული ცოდნის, ინფორმაციის გახსენების უნარს. ხანგრძლივ მეხსიერებას აქვს შეუზღუდავი მოცულობა და შეუძლია ინფორმაცია შეინახოს განუსაზღვრელად დიდხანს. ხანგრძლივი მეხსიერება გულისხმობს ფაქტობრივი ცოდნის გახსენების უნარს.

- ამნეზიის რა ფორმები არსებობს და უპირატესად როდის ვლინდება ისინი?

- ახალი ინფორმაციის დაფიქსირების შეუძლებლობას ანტეროგრადული ამნეზია ეწოდება, ხოლო ამ მწვავე ეპიზოდის წინ მომხდარი მოვლენების გახსენების შეუძლებლობას - რეტროგრადული ამნეზია. ამნეზიური სინდრომი წარმოადგენს მეხსიერების მეორე საფეხურის - ხანმოკლე მეხსიერების ღრმა დაზიანებას. პაციენტს შენარჩუნებული აქვს მყისიერი მეხსიერების მოცულობა, შორეული წარსულის ინფორმაციის გახსენების უნარი. მაგალითად, იხსენებს ბავშვობას, განათლებას (ხანგრძლივი მეხსიერება). ამნეზიური სინდრომის მქონე პაციენტები მუდმივად აწმყოში იმყოფებიან. მათ შესაძლოა IQ ტესტში მაღალი ქულა მიიღონ, მაგრამ სიტუაციის დასრულებიდან ხუთი წუთის შემდეგ ტესტის შესახებ ვერაფერი გაიხსენონ. ამნეზიურ სინდრომს ახასიათებს დეზორიენტაცია დროსა და სივრცეში.

- თავის ტვინში მიმდინარე რა პათოლოგიურ პროცესებს ეფუძნება ძირითადად მეხსიერების ფუნქციის დაქვეითება და დარღვევა?

- ამნეზიურ სინდრომს განაპირობებს ტვინის იმ რეგიონების დაზიანება, რომლებიც ლიმბურ სისტემას ქმნის. ესენია საფეთქლის მედიალური სტრუქტურები, დიენცეფალონი და წინა ტვინის ბირთვები. ამ სტრუქტურების ორმხრივი დაზიანებაც და ზოგიერთი დაავადებაც, უმეტესად - თავის ტვინის ტრავმა ამნეზიურ სინდრომს იწვევს. ქალა-ტვინის ტრავმებს რეტროგრადული ამნეზია ახასიათებს. საშუალო და მძიმე ტრავმის შემთხვევაში მეხსიერების დაზიანებას უმეტესად თან ერთვის ერთი ან რამდენიმე კოგნიტური ფუნქციის დაზიანება, რაც ტრავმის მიზეზზე, დაზიანების მხარეზე, პრემორბიდში პიროვნების კოგნიტურ და პერსონალურ ფაქტორებსა და ტრავმის შემდგომ დაწყებულ მკურნალობაზეა დამოკიდებული. ქალა-ტვინის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ტრავმის შემდგომ ერთიდან სამ თვემდე პერიოდის განმავლობაში კოგნიტური ფუნქციები უმეტესად უმჯობესდება. საშუალო ხარისხის ტრავმის შემდეგ შესაძლოა განვითარდეს პოსტკომოციური სინდრომი, რომელსაც ახასიათებს მეხსიერების დაქვეითება, თავის ტკივილი,  გაღიზიანებადობა, დეპრესია. ამნეზიური სინდრომის სახესხვაობაა კორსაკოვის სინდრომი. ის ვითარდება ალკოჰოლიზმის, თიამინის დეფიციტის პირობებში, შიმშილის დროს.

კორსაკოვის სინდრომის დროს დაზიანებულია ხანმოკლე მეხსიერება, თუმცა შენარჩუნებულია მყისიერი მეხსიერების მოცულობა, ყურადღების დაძაბვის შემთხვევაში ადამიანს შეუძლია დიდი მოცულობის ინფორმაციაც აითვისოს. მეხსიერების დაქვეითებას შესაძლოა ჰქონდეს ფსიქოგენური ხასიათი.  პაციენტს აღენიშნება პირადი ან ფსიქოგენური ტრავმა. ამ დროს ვითარდება რეტროგრადული ამნეზია, რომელიც დაკავშირებულია პირადი ინფორმაციის გახსენების უნართან. თუმცა ამ დროს შენარჩუნებულია გარე სამყაროდან ინფორმაციის აღქმა. ასეთ შემთხვევებში კოგნიტური დარღვევები შექცევადი ხასიათისაა და ანტიდეპრესანტებით მკურნალობას ემორჩილება.

ასთენიური სინდრომის არსებობისას პაციენტები უჩივიან მეხსიერების დაქვეითებას, გაძლიერებულ გულმავიწყობას. ამ დროს მეხსიერების პირველადი დაზიანება არ ვლინდება და დახმარება დასწავლასა და აზრობრივი კავშირის მოძებნაში, ასევე კარნახი სიტყვის გახსენებისას ზრდის დამახსოვრების ეფექტურობას. ამნეზიური სინდრომის ერთ-ერთი სახეა ტრანზიტორული გლობალური ამნეზია. სინდრომი რამდენიმე საათიდან 24 საათამდე გრძელდება. ამ დროს არ ვითარდება ცნობიერების დაბინდვა, აფაზია (მეტყველების უნარის სრული ან ნაწილობრივი მოშლა), მხედველობით-სივრცობრივი დარღვევები. შეტევის განმავლობაში პაციენტს აღენიშნება როგორც ანტეროგრადული, ისე რეტროგრადული ამნეზია. ტრანზიტორული გლობალური ამნეზიის სინდრომის დროს ადამიანი უეცრად კარგავს მიმდინარე მოვლენების დამახსოვრების უნარს, უსასრულოდ კითხულობს, სად იმყოფება. ამნეზია ხანმოკლე და გარდამავალია, თუმცა არ არის გამორიცხული, დარჩეს მეხსიერების დეფექტი, რომელიც შეტევამდე არსებულ პერიოდს მოიცავს. სინდრომის ეტიოლოგია უცნობია, თუმცა არსებობს კავშირი საფეთქლის ეპილეფსიასთან, შაკიკთან, თავის ტვინის ტრანზიტორულ იშემიასთან ორმხრივად ან ცალმხრივად ჰიპოკამპის დონეზე.