ეს არცთუ უსაფრთხო სიმპტომებია... - კვირის პალიტრა

ეს არცთუ უსაფრთხო სიმპტომებია...

ხშრად სერიოზულად არ აღვიქვამთ სიგნალებს, რომელსაც ორგანიზმი გვიგზავნის და ვცდილობთ მოვუძებნოთ ახსნა: გულძმარვა გვაწუხებს? ე.ი. რაღაცამ მაწყინა, რაღაც ისეთი შევჭამეთ, რომელმაც კუჭი გამიღიზიანა, თავი ამტკივდა? სამსახურში ვინერვიულე და ა.შ. ზოგჯერ ამ სიმპტომების უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება.

მაგალითად, თუ გახდომისთვის არ იცავთ მკაცრ დიეტას და სხვა მეთოდებსაც არ მიმართავთ, მაგრამ სწრაფად იკლებთ წონაში, ეს ყურადსაღები სიმპტომია. ახალგაზრდა ასაკში სწრაფად გახდომის მიზეზი შეიძლება იყოს ჰიპერთირეოზი. ამ დაავადების დროს ფარისებრი ჯირკვალი გამოყოფს ჰორმონების ზედმეტ რაოდენობას. ხანში შესულებში წონაში სწრაფად დაკლების მიზეზი შეიძლება იყოს ონკოლოგიური დაავადებები.

ვის არ გამოუცდია გაძლიერებული წყურვილის გრძნობა: ინტენსიური სპორტის, ბინის დალაგების ან მარილიანი საკვების შემდეგ, მაგრამ, როდესაც წყურვილი ჩნდება უმიზეზოდ და ვსვამთ 2-3 ლ წყალს, ეს საშიში სიგნალია. უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოვრიცხოთ შაქრიანი დიაბეტი - მიმართეთ ენდოკრინოლოგს. გარდა ამისა, შეიძლება მიზეზი იყოს თირკმლებისა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები.

სასქესო ორგანოებიდან სისხლდენა შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონული ფონის მერყეობამ, არაბალანსირებულმა კვებამ ან მკაცრმა დიეტამ, კონტრაცეპტივების მიღებამ, საშვილოსნოსა და სხვა ორგანოების დაავადებებმა, ამიტომ საჭიროა გინეკოლოგის ჩარევა. ხოლო ანალური სისხლდენის დროს (რასაც შეიძლება იწვევდეს ბუასილი, პოლიპები ნაწლავებში და სხვ.) კი მიმართეთ კოლოპროქტოლოგს.

შავი ფერის ფეკალური მასა (თუ ეს არ არის გამოწვეული ჭარხლით, წითელი ღვინით, შავი ქლიავით ან წამლებით: აქტივირებული ნახშირით, რკინის წამლებით, ვიტამინების კომპლექსებით) სიმპტომია კუჭ-ნაწლავის სერიოზული დაავადებებისა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შინაგანი სისხლდენა. გირჩევთ, სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს.

გულძმარვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია მაძღრისობა, უზომოდ მიღებული მარინადები, ცხიმიანი, შემწვარი, შებოლილი საკვები და მწარე, მჟავე კერძები, გულძმარვა შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლმა, კოფეინმა, სიგარეტმა და მჭიდრო ტანსაცმელმა. მაგრამ თუ ხშირად და დიეტური საკვების შემდეგაც შეგაწუხათ, ეწვიეთ გასტროენტეროლოგს, რათა გამორიცხოთ კუჭ-ნაწლავის სერიოზული დაავადება.

დროდადრო თუ გიფუჭდებათ გუნება, რასაც თან სდევს უსიამოვნო ყოფითი მოვლენები, სტრესები, გადაღლილობა, უმნიშვნელო რამესაც კი ძალიან მტკივნეულად განიცდით, თავში სულ უსიამოვნო ფიქრები გიტრიალებთ - შესაძლებელია დეპრესია გაწუხებთ.

დეპრესია არცთუ უვნებელი მდგომარეობაა, მას თან სდევს სხვადასხვა ვეგეტაციური აშლილობა, მუდმივი დაღლილობის გრძნობა, ჭირს ყურადღების მოკრება, მატულობს ნერვიულობა, უძილობა... დეპრესიის დროს ხშირად მწვავდება ქრონიკული დაავადებები. ამ დროს სასურველია მიმართოთ ფსიქოთერაპევტს.

თუ სამი დღის განმავლობაში იღებდით ანტისეპტიკურ და ანთებსაწინააღმდეგო წამლებს, ყელშიც ივლებდით სავლებს, და ყელის ტკივილმა (ნუშისებრი ჯირკვლების ანთება) არ გაგიარათ, აუცილებლად მიმართეთ ოტორინოლარინგოლოგს - ბაქტერიები ხომ არ იწვევს ყელის ტკივილს, სტრეპტოკოკური ტონზილიტების ან ფარინგიტის დროს შეიძლება დაავადდეს მთელი ორგანიზმი.

მოულოდნელად მხედველობის გაუარესება, მხედველობითი ჰალუცინაცია, მხედველობის არის დავიწროება ან ზოგიერთი ნაწილის საერთოდ ამოვარდნა, თვალების წინ შავი წერტილების ფარფატი - საშიში სიმპტომებია, ეს სიმპტომები შეიძლება მიანიშნებდეს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევას, რაც შეიძლება იყოს ინსულტის წინაპირობა, არ დააყოვნოთ - მიმართეთ ექიმს.