გიწვევთ სილამაზის სალონში - კვირის პალიტრა

გიწვევთ სილამაზის სალონში

გამათეთრებელი ლიფტინგ-ნიღაბი: მწიფე დაჭყლეტილ ქლიავს შეურიეთ 0,5 ჩ/კ არაჟანი და 1 ჩ/კ სახამებელი, წაისვით სახეზე, 20-30 წუთის შემდეგ მოიშორეთ ღია ფერის ჩაიში დასველებული ბამბის ტამპონით.

მატონიზებელი ნიღაბი: 1 ს/კ ქლიავის ახალგამოწურულ წვენს შეურიეთ კვერცხის გული. წაისვით სახეზე და 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, შემდეგ ცივი წყლით. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-ჯერ. 15-20 პროცედურის შემდეგ კანი გახდება ხავერდოვანი, გლუვი.

გაუხეშებული და აქერცლილი კანის დროს: 40 მლ ქლიავის წვენი წამოადუღეთ, დაამატეთ გახეხილი გათლილი ვაშლი, 2-3 წუთი გააჩერეთ ცეცხლზე, გადმოდგით და 0,5 საათის შემდეგ (თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, ამ მასას დაამატეთ ათქვეფილი ცილა) წაისვით სახეზე. 20-30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

მშრალი კანის დროს: გათლილ გახეხილ 0,5 ვაშლს დაამატეთ 1 ს/კ თაფლი, 1 კვერცხის გული, 1 ჩ/კ ძმარი და 1 ჩ/კ ზეთი. ათქვიფეთ და წაისვით სახეზე. 30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით. ნიღაბი ათეთრებს, კვებავს და ატენიანებს კანს.

ჭორფლის დროს: სტაფილოს წვენს შეურიეთ ლიმონის წვენი - ჭორფლი გაფერმკრთალდება.

კანს ასწორებს და სიმკვრივეს მატებს სტაფილოს წვენისა და 1 ს/კ რძის ნარევი.

თაფლის სკრაბი ყველა ტიპის კანისთვის: 1/2 ს/კ თაფლს შეურიეთ 1/2 ჩ/კ ხვრიში მარილი, წაისვით სახეზე და მსუბუქად, წრიული მოძრაობით გაიკეთეთ მასაჟი. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

თაფლის სკრაბი მშრალი კანისთვის: შეურიეთ ერთმანეთს 1/2-1/2 ს/კ თაფლი, არაჟანი, ზეითუნის ზეთი, წმინდად დაფქული ყავა. ნარევი წაისვით სახეზე და 2 წუთის განმავლობაში თითების მსუბუქი წრიული მოძრაობით გაიკეთეთ მასაჟი.

თაფლის სკრაბი ცხიმიანი კანისთვის: შემთბარ 1/2 ს/კ თაფლს დაამატეთ 1/2-1/2 ს/კ დაფქული ბრინჯი და თეთრი თიხა (აფთიაქებსა და პარფიუმერიის მაღაზიებში იყიდება). ნარევი წაისვით სახეზე და 3 წუთის განმავლობაში თითების წრიული მოძრაობით გაიკეთეთ მასაჟი. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.